¹ბს-1018-976(გ-09) 7 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ნ. ჩ-შვილი
დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 8 ივნისს ნ. ჩ-შვილმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც შეჩერდა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება დავის განხილვამდე. მანვე მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა 2005 წლის 20 აპრილის სააღსრულებო ფურცლის წარმოების გაგრძელების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. ჩ-შვილის განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-შვილის განცხადება უნდა შეფასებულიყო მისი შინაარსის მიხედვით, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების მიზანი იყო განჩინებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლება და ამის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იგი წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარს, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც პირველი ინსტანციის სასამართლოს აღარ გააჩნდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-შვილის განცხადება განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
2009 წლის 30 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევას და განმარტა, რომ ნ. ჩ-შვილმა კერძო საჩივრით ერთხელ უკვე გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინება, ხოლო განმეორებით კერძო საჩივრის შეტანას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საკითხი განხილული უნდა იქნეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 263-ე და 2671-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, ვინაიდან იგი წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინებით შეჩერებულ იქნა კასპის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. მისი განახლებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საკითხი უნდა გადაწყვიტოს გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ _ ამჟამად, გორის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გორის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წამოჭრილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-შვილის განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლო განიხილავდა ტ. ლ-შვილის სასარჩელო განცხადებას მოპასუხის _ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, 2003 წლის 10 ოქტომბრის აუქციონის, ასევე 2003 წლის 24 ოქტომბრის ქონების ნატურით გადაცემის ოქმისა და განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. გორის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა ტ. ლ-შვილმა და განმარტა, რომ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო საქმე მისი გამოსახლების შესახებ, რომელიც დადგენილი იყო კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევდა გამოუსწორებელ შედეგს და მოითხოვა შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმის შეჩერება ადმინისტრაციული დავის განხილვამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინებით ტ. ლ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა. შეჩერდა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება ტ. ლ-შვილის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაზე ნ. ჩ-შვილის მიერ წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისისა და 2006 წლის 20 იანვრის განჩინებები.
ამავდროულად გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ლ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ. ჩ-შვილისათვის ტ. ლ-შვილის მიერ თანხის (2000 აშშ დოლარის) გადახდისა და 2003 წელს ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით წარმოებულ სააღსრულებო წარმოების საქმეზე (სააღსრულებო ფურცელი ¹2/151) შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 10 ოქტომბრის აუქციონი (მეორე), 203 წლის 24 ოქტომბრის ქონების ნატურით გადაცემის შესახებ ოქმი და განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ტ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ტ. ლ-შვილის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2009 წლის 8 ივნისს ნ. ჩ-შვილმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც შეჩერდა კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება დავის განხილვამდე. მანვე მოითხოვა 2005 წლის 20 აპრილის სააღსრულებო წარმოების გაგრძელების შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ჩ-შვილის განცხადება წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განახლების მოთხოვნას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონი ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების წესს. ამავე კანონის 33-ე მუხლის (იმ დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, კრედიტორის განცხადების გარეშე სააღსრულებო წარმოების შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დღეისათვის, როდესაც განმცხადებლის მოთხოვნაა სააღსრულებო წარმოების განახლება, ამავე კანონის მე-20 მუხლის (დღეს მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, შეჩერებული სააღსრულებო წარმოება შეიძლება განახლდეს მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რაც თავისთავად გულისხმობს თავდაპირველად სააღსრულებო წარმოების შესაჩერებლად მიღებული განჩინების სასამართლოს მიერ გაუქმებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. ჩ-შვილის განცხადება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის კერძო საჩივარი, რაც განხილული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ. როგორც ზემოთ აღინიშნა განმცხადებლის მიზანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განახლება. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც მოიცავს პირდაპირ მითითებას იმ სასამართლოსადმი მიმართვის სავალდებულობაზე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების საკითხსაც ეხება წინამდებარე განცხადება, მიღებულია კასპის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის ¹150 გადაწყვეტილების მე-13 მუხლზე დაყრდნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების განმხილველ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო, რომელმაც განცხადება უნდა განიხილოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით,
ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნ. ჩ-შვილის განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე, 26.3-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ნ. ჩ-შვილის განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.