Facebook Twitter

ბს-1-1(გ-09) 26 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე _ ბ. გ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 22 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა წალკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ და მიყენებული ზიანის _ 293,26 ლარის ანაზღაურებისა და კონტრაქტით ნაკისრი ვალებულების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმის სახით 14000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

წალკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განუხილველად დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გამო, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორი იყო.

აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადებასა და თანდართულ მასალებში მითითებული იყო მოპასუხის სწორი საცხოვრებელი მისამართი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა წალკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2008 წლის 17 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 19066,96 ლარის, ზიანის სახით _ 293,26 ლარის და პირგასამტეხლოს სახით _ 19066,96 ლარის 0,2 პროცენტის ოდენობით თანხის 2005 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად გადახდა მოითხოვა.

წალკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო, მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ ჯარიმისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 15 მარტს სამხედრო მოსამსახურე ბ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დადებული ხელშეკრულების 8.4 პუნქტით განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადგილსამყოფელი სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო, მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ბ. გ-ი ცხოვრობდა ქ. წალკაში, ..... ქუჩის ¹13-ში. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 15 მარტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების 8.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავას განიხილავდა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე, აღნიშნული დათქმა არ შეიძლებოდა გამხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავით დადგენილ განსჯადობის ზოგად დებულებებს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით დადგენილი წესი, ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით სარჩელის სასამართლოში წარდგენის შესახებ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით არ წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეს, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და წალკის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს წალკის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ბ. გ-ი ცხოვრობს ქ. წალკაში, .... ქუჩის ¹13-ში. აღნიშნულის მიუხედავად, 2005 წლის 15 მარტს დადებული «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავას განიხილავდა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა ვერ შეცვლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დებულებებს განსჯადობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და მათი განხილვა ხორციელდება საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მოქმედებს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები და მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების საფუძველზე მათი შეცვლა დაუშვებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი ფიზიკური პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი განსაკუთრებულ განსჯადობას ადგენს და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ დავაზე აღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც მოცემულ დავასთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელის განსჯადობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისადაც ვერ გადაწყდება, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა გათვალისწინებით რამდენიმე სასამართლოს განსჯადი უდავოდ არ არის. ამასთან, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებული ნორმებისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად ადმინისტრაციულ პროცესშიც ეს ნორმები გამოიყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში, ე.წ. «ალტერნატიულ განსჯადობას» ადგილი არ აქვს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს წალკის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე ბ. გ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს წალკის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.