Facebook Twitter
ბს-1118-1074(გ-09)

ბს-1118-1074(გ-09) 11 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებს შორის დავა დ. ყ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ყ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციის შენობაში ადვოკატთან შესახვედრი ოთახის გახსნის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.09წ. განჩინებით დ. ყ-შვილის სარჩელი მოპასუხე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება და შესაბამისად არაა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან. მოსარჩელის მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების გაუმჯობესებას, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენის დამდგენი სასამართლოს განსჯადია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 23.06.09წ. დადგენილებით, მსჯავრდებულ დ. ყ-შვილის სასარჩელო განცხადება განსჯადობის საკითხის განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 08.07.09წ. დადგენილებით დ. ყ-შვილის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მსჯავრდებულის უზრუნველყოფას ამავე კოდექსით გათვალისწინებული საკითხების დროს და შესაბამისად, დ. ყ-შვილის სარჩელი უნდა დაექვემდებაროს ადმინისტრაციული წესით განხილვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.09წ. განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; ასევე სხვა დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ის არის არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადი საკითხი, ვინაიდან დ. ყ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა ეხება განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის განაჩენის დამდგენი სასამართლოს განსჯადი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საკითხი, რომლის გადაჭრასაც ითხოვს მოსარჩელე ვერ მოწესრიგდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ყ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დავის შესაბამისი სამართალწარმოების წესებით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ასევე სხვა საქმეებიც, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია გამონაკლისი შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები. მათ შორისაა ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4 მუხლის «გ» ქვეპუნქტის დებულება იმის შესახებ, რომ «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან» არ გამორიცხავს გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოების მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელებას და ადასტურებს იმას, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სახეების და პროცედურების გამოყენება აღსრულების ორგანოების საქმიანობის, მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების და რეალაქტის განხორციელების პროცედურის სპეციალური საკანონმდებლო აქტით («პატიმრობის შესახებ», «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ», «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონებით) მოწესრიგების გამო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება სასჯელაღსრულებითი ორგანოს ადმინისტრირების სფეროს და არ აქვს კავშირი სასჯელაღსრულებითი ორგანოს იმ საქმიანობასთან, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ან «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» კანონით წესრიგდება და შესაბამის სისხლის სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის და «პატიმრობის შესახებ» კანონის დებულებებს. დადგენილი რეჟიმის პირობებთან სასჯელის მოხდის არსებული პირობების შესაბამისი დაცვა აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, ორგანიზაციული და ფუნქციონალური თვალსაზრისით შრომა-გასწორების დაწესებულება მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო. სასჯელაღსრულების ორგანოს მიერ ადმინისტრირების პროცესში განხორციელებული საქმიანობა შესაბამის სამართლებრივ ფორმებში ხორციელდება და დავის შემთხვევაში სასამართლო კონტროლი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო საკითხი – მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, კერძოდ ადმინისტრაციის შენობაში ადვოკატთან შესახვედრი ოთახის გახსნის დავალება, ვერ გადაწყდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, არ ცვლის დავის განსჯადობის საკითხს, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

სადავო სამართალურთიერთობის სისხლის სამართალწარმოების წესით განხილვას არ ადასტურებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილის მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პირობების შეცვლის გადაწყვეტის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილის ტექსტი ცხადად მიანიშნებს, რომ ამ ნორმაში მოცემული მსჯავრდებულის უფლებები უკავშირდება მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტის სფეროს, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი – სცილდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირებად საკითხთა წრეს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის სათაურის თანახმად, მუხლის შინაარსი ეხება მხოლოდ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე მსჯავრდებულის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხს, ამდენად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ პატიმრობის პირობების შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, უკეთუ ისინი არ ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა სფეროს (მაგ. განაჩენის აღსრულების გადავადება, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა), ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს. ვინაიდან სადავო საკითხი უკავშირდება კანონიერ ძალაში შსულ, აღსასრულებლად უკვე მიქცეულ სასამართლოს განაჩენს, სადავო საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ყ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.