ბს-1126-1075(გ-09) 8 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შორის დავა ნ. მ-ძის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 23 ივლისს ნ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 28 მაისის ¹3092 მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 11 ივნისის ¹882009158377 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ივლისის ¹14220 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრვი აქტის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ. მ-ძის სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 28 მაისის ¹3092 მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 11 ივნისის ¹882009158377 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ივლისის ¹14220 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს.
ადმინისტრაციული კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხეებად დასახელებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური, რომელთა იურიდიული მისამართი განსხავებულია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სამსახურის 2009 წლის 11 ივნისის ¹882009158377-03 გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. საგარეჯო, ... ქ.¹20. ასევე სადავოა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნაზე უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს საგარეჯოში, ... ¹20-ში. სასამართლოს განმარტებით, მართალია მოსარჩელე ერთ-ერთ მოპასუხედ მიუთითებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მაგრამ მოთხოვნა მიმართულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსადმი. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო იმ სასამართლოს მიერ რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-ძის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედივით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, სარჩელი რამოდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რა დროსაც მოსარჩელემ, გამოხატა რა თავისი ნება, განსჯად სასამართლოდ აირჩია სასამართლო ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-18 მუხლით დადგენილი ნივთობრივი განსჯადობა იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და არ ზღუდავს მოსარჩელეს აირჩიოს სასაურველი სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სასამართლოებისაგან განსხვავებით, დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა.
მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ სასამართლოებს შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილ დავას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული სამართალწარმოება ცალკე დამოუკიდებლად არ შეიცავს და აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. რაც საკასაციო სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 – 24-ე მუხლებით.
ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. აღნიშნული წარმოადგენს საერთო პრინციპს და ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლში. ამ პრინციპის მიხედვით ხდება ნებისმიერი სარჩელის აღძვრა სასამართლოში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არაა დადგენილი.
მიუხედავად აღნიშნული საერთო პრინციპისა, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს, რომლის რეგულაციებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 – 24-ე მუხლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი შეიცავს იმ სარჩელების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება აღიძრას ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, ამასთან საკითხი შეეხება მხოლოდ უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ უფლებებს. მართალია, მითითებული მუხლი ამკვიდრებს ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით სარჩელის აღძვრის მხოლოდ შესაძლებლობას, რაც არ გამორიცხავს საერთო განსჯადობას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სასამართლო ურთიერთობას ეხება, შეადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება.
გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ნივთი, რომლის უფლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქ. საგარეჯოში, ამასთან საქმეზე ფაქტობრივად მოპასუხე მხარის ადგილსამყოფელი არის ქ. საგარეჯო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. მ-ძის სარჩელი განჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს;
2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.