ბს-1128-1076(გ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ღია აუქციონის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის (განცხადების) ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...”
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის შესახებ შუამდგომლობით (განცხადებით) მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,...” რეგისტრირებული იყო 2005 წლის 28 ივნისს გარდაბნის საგადასახადო ინსპექციაში, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე იყო რუსთავის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექცია).
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2009 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,...”-ს ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენდა 556621,89 ლარს, აქედან ძირითადი თანხა _ 436808,50 ლარი, ხოლო სანქცია-საურავი _ 119813,39 ლარი. განმცხადებელმა აგრეთვე მიუთითა, რომ გადამხდელი ნებაყოფლობით არ ახდენდა აღნიშნული საგადასახდო ვალდებულების შესრულებას კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის ¹10 და ¹14 დადგენილებების და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII5 თავის შესაბამისად, ყადაღის აქტში ჩამოთვლილ შპს ,,...”-ის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის შესახებ ბრძანების მიღება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,...”-ს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5-ე თავით გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახდო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლებოდა მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).
რუსთავის საქალაქო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო შპს ,,...”-ის იურიდიული მისამართი, კერძოდ გარდაბნის რაიონი, სოფ. ....
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,...”-ის მიმართ განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად გადამხდელის ადგილსამყოფელად ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე იგულისხმება გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის ადგილი (მოცემულ შემთხვევაში ქ. რუსთავი) და არა ამ მეურნე სუბიექტის იურიდიული მისამართი ან ქონების ადგილსამყოფელი. თუ ამ კანონის მიერ ნაგულისხმები იქნებოდა იურიდიული მისამართი ან ქონების ადგილსამყოფელი, აღნიშნულს არეგულირებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15-ე და მე-18-ე მუხლები. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუსლიხ ჩაითვლებოდა სპეციალურ ნორმად.
ამდენად, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, რის გამოც საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონის გზით რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობის (განცხადების) განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გარდაბნის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5-ე თავით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი, საქმის მასალებიდან (ს.ფ. 17) კი ირკვევა, რომ შპს ,,...”-ის ადგილსამყოფელია გარდაბნის რაიონი, სოფ. ....
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გარდაბნის რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 2121-ე მუხლში აღნიშნული გადამხდელის ადგილსამყოფელი გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის ადგილია და განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელში იგულისხმება არა გადამხდელის რეგისტრაციის ადგილი, არამედ მისი იურიდიული მისამართი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის გზით გასხვისების შესახებ შუამდგომლობა (განცხადება) განსჯადობით გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის გზით გასხვისების შესახებ შუამდგომლობა (განცხადება) განსჯადობით გადასაწყვეტად გადაეგზავნოს უფლებამოსილ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.