ბს-1205-1150(გ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ უ. ქ-ავა
მოპასუხე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 ივნისს უ. ქ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას დავალებოდა, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიმართავდა სასამართლოს შუამდგომლობით უ. ქ-ავას მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით, უ. ქ-ავას სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა მიემართა განაჩენის დამდგენ სასამართლოსთვის განცხადებით განაჩენის აღსრულების გადავადებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის თაობაზე. მოსარჩელემ კი მოითხოვა რეაგირება ავადმყოფობასთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, რაც უნდა განხილულიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსჯადი სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლოს შეიძლება გადაევადებინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილებით (განჩინებით); გადავადების ერთ-ერთი საფუძველი იყო – მსჯავრდებულის დაავადება მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლიდა სასჯელის მოხდას მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ მოპასუხედ დასახელებული სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის აუცილებლობა განაჩენის აღსრულების გადავადებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო და რომც ყოფილიყო, ეს შუამდგომლობა უშუალოდ იქნებოდა დაკავშირებული სასამართლოს განაჩენის აღსრულებასთან და იგი ვერ მიიჩნეოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილებით, საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებისა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დავალდებულება, გამოეცა სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უნდა მიემართა სასამართლოსათვის შუამდგომლობით უ. ქ-ავას მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მისი განხილვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განსჯადი სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით, უ. ქ-ავას საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯად საქმეებს განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განხორციელების ვალდებულების დაკისრების თაობაზე განსახილველი საქმეები. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი არ შეეხებოდა განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით მოქმედების ვალდებულების დაკისრებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მესამე ნაწილთან დაკავშირებით მიუთითა, რომ იგი არ აწესრიგებდა კონკრეტულ შემთხვევაში არსებულ ვითარებას, რადგან მსჯავრდებულს არ მიუმართავს განაჩენის დამდგენი ორგანოსათვის სასჯელის გადავადების თხოვნით. სასამართლოს განმარტებით, ასევე არ არსებობდა ამავე კოდექსის 607-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან არ არსებობდა შუამდგომლობა სასჯელის გადავადებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აგვისტოს განჩინებით უ. ქ-ავას სარჩელთან დაკავშირებით აღძრული საქმე, სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ამ ეტაპზე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილება დავა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა საჯარო სამართლის კანონმდებლობის ნაწილია, კონკრეტულად კი მმართველობით სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს აწესრიგებს. სწორედ მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობაში წარმოშობილი კომფლიქტები წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავებს და მათი განხილვის კომპეტენცია მხოლოდ ადმინისტრაციულ სასამართლოს გააჩნია.
დავის განსჯადობის განსაზღვრის ძირითადი პრინციპია, გაირკვეს, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეები. ესენია: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; აგრეთვე სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უ. ქ-ავამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას სამართლებრივი აქტის გამოცემა დავალებოდა, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიმართავდა სასამართლოს შუამდგომლობით უ. ქ-ავას მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 606-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს განცხადებით განაჩენის აღსრულების გადავადებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ, რის გამოც ხსენებული საქმე სისხლის სამართლის წესით განსახილველ საქმეს წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლი არ აწესრიგებს განსახილველ დავას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს არ მიუმართავს განაჩენის დამდგენი სასამართლოსათვის სასჯელის გადავადების თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს შუამდგომლობა სასჯელის გადავადებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას წარმოადგენს, ვინაიდან იგი გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანს ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემული საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე უ. ქ-ავას სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობის შესამოწმებლად განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე უ. ქ-ავას სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობის შესამოწმებლად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.