¹ბს-1257-1219(გ-08) 14 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ს-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
19.09.08წ. ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 24.07.92წ. გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...... გამზირზე, 36ბ-ში მდებარე ¹7 ბინა, თუმცა ხელშეკრულებაში ბინის ნომერი შეცდომით იქნა მთითებული, კერძოდ ,¹7-ის” ნაცვლად _ ,,¹8”. ნოტარიუსს, რომლის სანოტარო ბიუროშიც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 24.05.99წ. ¹39 ბრძანების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება, რის გამოც ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელმაც განუმარტა, რომ პალატას არ გააჩნდა 24.07.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის კომპეტენცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.08წ. განჩინებით ა. ს-ის სარჩელი განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის საგანს შეადგენდა ფიზიკურ პირებს შორის 24.07.92წ. დადებულ ხელშეკრულებაში შესწორების შეტანა. დავის საგანი გამომდინარეობდა სამოქალაქო სამართლებრივი, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, (რომელიც თავისთავად ადმინისტრაციული დავის განსჯადობას განსაზღვრავს) დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების ერთობლივად არსებობა – სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან მითითებული მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კატეგორიის დავების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობით და სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპი). ადმინისტრაციული ორგანოს დავაში მხოლოდ მონაწილეობა არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევის აბსოლუტურ კრიტერიუმს, თუმცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსახილველად დელეგირებულ საქმეებში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ასევე ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო სამართალურთიერთობის არსს – დავის საგანს, ადმინისტრაციული სარჩელის სახეობას, რომლის გარკვევა შესაძლებელია სამართალურთიერთობის რეგულირების კანონმდებლობის დადგენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.10.08წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ა. ს-ვი სასარჩელო განცხადებით ადმინისტრაციული ორგანოსაგან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ითხოვდა ქმედების განხორციელებას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 05.09.08წ. უარი განაცხადა ქმედების განხორციელებაზე, შესწორების შეტანაზე. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.10.07წ. წერილის თანახმად, ვ. მ-ს სახელზე ირიცხებოდა ¹7 ბინა, რომელიც მან მიჰყიდა ა. სტეპანოვს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბინის ნომრად მითითებულია ¹8. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსების გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ იქნა, უნდა შესწორდეს. შემოიხაზება და გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს ,,ამოღებულია”, შემდეგ უნდა გამეორდეს მინიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ უნდა მიეთითოს ,,უნდა იყოს” და უნდა დაიწეროს სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომლითაც იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი). სასამართლო კოლეგიის მითითებით, მოსარჩელე რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ანუ შეცდომის ფაქტის აღიარებას კი არა, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაშვებული შეცდომის გასწორებას ითხოვდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესრულებისას ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოხსენებული ბრძანებულება ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ” ქვეპუნქტის შესაბამის ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის სასარჩელო განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე ა. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს მოპასუხე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ, 24.07.94წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, «ბინა ¹8-ის» ნაცვლად «ბინა¹7-ის» მითითება. აღნიშნული ხელშეკრულებით ვ. მ-ომ, რომლის საცხოვრებლ ადგილად ხელშეკრულებაში მითითებულია ქ. თბილისი, .... გამზირი, 36 ბ, ¹7, ბინა მიჰყიდა ა. ს-ვს. ხელშეკრულება დამოწმებულია სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ, რომელმაც შეამოწმა ნასყიდობის საგანზე ვ. მ-ს საკუთრების უფლების არსებობა. საქმის მასალებში დაცულია 21.07.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგანი სახელმწიფოსაგან პრივატიზაციის გზით გადაეცა ვ. მ-ს. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა დაადგინა ვ. მ-ს საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე.
«ნოტარიატის შესახებ» კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. სანოტარო აქტში შესწორების შეტანის წესი დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22.12.05წ. ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» დებულებით. აღნიშნული დებულების 27.3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის შინაარსის არსებით შეცვლას. ა. ს-ის მოთხოვნას მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოქმედების შესრულების დავალდებულება წარმოადგენს. ა. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა არ ემყარება სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობას, დავა არ წარმოშობილა ნასყიდობის ხელშეკრულების ირგვლივ, მოსარჩელე მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მოპასუხისათვის დავალდებულებას ითხოვს, რაც, საჯარო სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» დებულებით გათვალისწინებულ ნოტარიუსის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის, სსიპ «საქართველოს ნოტარიუსთა პალატის», სათანადოობა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით(სსკ-ის 85-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ს-ის სასარჩელო განცხადება განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საქროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ს-ის სარჩელი სსიპ საქართველოს ნოტარიუსტა პალატის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.