ბს-1258-1202(გ-09) 2 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა სსიპ - ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ,,სამტრესტის» სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
29.05.09წ. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – თ. ც-ძის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის შედეგად დეპარტამენტს დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 15 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.09წ. განჩინებით სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი მოპასუხე თ. ც-ძის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» და თ. ც-ძეს შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.07.09წ. განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
,,ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი», რომლის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი» სზაკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალხმრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც ადმინისტრაციული, ასევე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.11.04წ. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» და თ. ც-ძეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ¹3, რომლის თანახმადაც შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 15 000 ლარის ოდენობის თანხაზე. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არის სწორედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის 30.11.04წ. დადებული სახელმწიფო შესყიდვების ¹3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» დებულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სამტრესტის» საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ,,დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა», სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგით ვენახების გაშენების» ტენდერში გამარჯვებულ პირთან თ. ც-ძესთან 30.11.04წ. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹3 ხელშეკრულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ხელშეკრულების დასადებად გამოვლენილი ნება გარკვეულწილად შეზღუდულია და არ ემყარება სამოქალაქო სამართლის ბრუნვისათვის დამახასიათებელი ხელშეკრულების დადების ნების თავისუფლებას, ამდენად, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი» ახორციელებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ადმინისტრაციულ ფუნქციას და სწორედ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით დადო მან ტენდერში გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დეპარტამენტსა და თ. ც-ძეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რადგან ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ის დაიდო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით თანხის დაბრუნების თაობაზე – გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებებიდან გამოდინარე მოთხოვნის შინაარსზე და მმართველობითი ფუნქციის განხორციელების მიზანი აქცევს მას საჯარო-სამართლებრივი ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი «სამტრესტი» სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ის გარემოება, რომ «ვაზისა და ღვინის შესახებ» კანონის 31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების 2.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი «სამტრესტი», რომლის საქმიანობის ძირითად საგანს დებულების თანახმად შეადგენს «დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა», ასევე არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ «სამტრესტსა» და თ. ც-ძეს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ ტენდერის შედეგად 30.11.04წ. დადებული ¹3 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 15000 ლარის დაკისრება, სანოტარო წესით დამოწმებული 30.11.04წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად სსიპ – ვზისა და ღვინის დეპარტამენტი «სამტრესტის» მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხის – 15000 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მე-300 (იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა) და 301-ე (იძულებით გაყიდვა აუქციონზე) მუხლები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ვინაიდან დავა აღძრულია კანონმდებლობაში ადმინისტრაციული გარიგების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღების შემდეგ, განსახილველი დავის განსჯადობის საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს სასკ-ის 35-ე მუხლის დებულება, რომლის მიხდვით ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის მიმდინარეობს დავა საგნობრივი და არა ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე, რის გამო საკასაციო სასამართლო იქონიებს მსჯელობას განსახილველი დავის მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-5, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.