ბს-1259-1203(გ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა სსიპ ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ,,სამტრესტის» სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 ივნისს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს ,,...» მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აქუციონის წესით საგარანტო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, რომლის შედეგად ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტს» დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 18000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი მოპასუხე შპს ,,...» მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციული კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული კოლეგია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» და შპს ,,...» შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამოდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას».
,,ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – ,,სამტრესტი», რომლის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამდენად, აღნიშნლიდან გამომდინარე, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი» საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალხმრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად და თუ სახეზე არ არის ორმხრივი ნება, შესაბამისად არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც ადმინისტრაციული, ასევე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 3 დეკემბერს ერთის მხრივ სსიპ ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» (შემდგომში ,,შემსყიდველი») და მეორეს მხრივ შპს ,,...» (შემდგომში ,,მიმწოდებელი») შორის დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ¹10, რომლის თანახმადაც შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 18 000 ლარის ოდენობის თანხაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არის სწორედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ფიზიკურ პირს შორის 2004 წლის 3 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების ¹10 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ,,სამტრესტის» უფლებამოსილებანი და საქმიანობის საგანი. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სამტრესტის» საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ,,დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა», სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგით ვენახების გაშენების» ტენდერში გამარჯვებულ პირთან შპს ,,...» 2004 წლის 3 დეკემბერს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ¹10.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» მიერ დასახელებული ხელშეკრულების დასადებად გამოვლენილი ნება გარკვეულწილად შეზღუდულია და არ ემყარება სამოქალქო სამართლის ბრუნვისათვის დამახასიათებელი ხელშეკრულების დადების ნების თავისუფლებას, რამეთუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი» ახორციელებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ადმინისტრაციულ ფუნქციას და სწორედ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით დადო მან ტენდერში გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» და შპს ,,...» შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით თანხის დაბრუნების თაობაზე – გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებებიდან გამოდინარე მოთხოვნის შინაარსზე და მმართველობითი ფუნქციის განხორციელების მიზანი აქცევს მას საჯარო-სამართლებრივი ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.
წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და შპს ,,...» შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს, განსახილველი ხელშეკრულება მიეკუთვნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.