ბს-1261-1205(გ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ გ. ა-ძე, ბ. ო-ძე, ი. შ-შვილი
მოპასუხეები _ ქ. ბათუმის მერია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 ივნისს მოსარჩელეებმა - ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» წევრებმა - გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1993 წლის 19 ივლისს მათ მიმართეს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს მშენებლობის ნებართვის შესახებ, რომელიც 1993 წლის 6 ივლისის ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის ¹141 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 1993 წლის 19 ივლისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» წევრთა საერთო კრების სხდომის ¹1 ოქმი, რომლის საფუძველზეც მიიღეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესდება, აირჩიეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გამგეობის წევრები შემდეგი შემადგენლობით: ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი. მათ გადაწყვიტეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე აეგოთ საცხოვრებელი სახლი და მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 2006 წლის 1 ივნისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ¹1962 მომართვის თანახმად ეცნობათ, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებით ... ქ. ¹121-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ბინათმშენებლობა «...», ფაქტიურად ამავე დადგენილებითვე იქნა გამოყოფილი 3 300 კვ.მ ფართი, ხოლო 2002 წლის 20 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგინდა, რომ ქ. ბათუმში ... და ... ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» საკუთრების საფუძველია ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება და ქ. ბათუმის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილება, ამასთანავე 2002 წლის 20 მაისს გაცემული საკადასტრო რუკით მესაკუთრედ აღინიშნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...», ფართობით 630 კვ.მ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის 2006 წლის 7 ივნისის ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მომართვის საფუძველზე, რომლის დროსაც გადაეცათ ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ქსეროასლი თანდართული მასალებით, ცნობილი გახდა, რომ 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება ძალდაკარგულად გამოცხადდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2001 წლის 25 აპრილის ერთერთი ოქმით დადგინდა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» გამგეობის სხდომა შედგა 2001 წლის 25 აპრილს, რომელსაც ესწრებოდა 36 წევრი. სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა საინიციატივო ჯგუფის გაუქმება, ასევე გამგეობის თავმჯდომარისა და ხაზინადარის არჩევა. სხდომაზე მოსმენილ იქნა შემდეგი წინადადებები, კერძოდ, საინიციატივო ჯგუფი უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან ისინი აღარ იყვნენ აკადემიის თანამშრომლები და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის თავმჯდომარედ ჯ. ბ-ძის, ხოლო ხაზინადარად მ. შ-ძის კანდიდატურები დასახელდა, რაც ამავე ოქმით დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი მეორე 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმით დგინდება, რომ ის ჩატარდა იმავე დღეს, ესწრებოდნენ იგივე წევრები, თავმჯდომარე და მდივანი იყვნენ იგივე პირები, მხოლოდ დღის წესრიგში იყო განსხვავება, განხილულ იქნა თავმჯდომარისა და ხაზინადარის კანდიდატურები, საინიციატივო ჯგუფის გაუქმებაზე კი ნათქვამი არაფერი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» გამგეობის სხდომის 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმის, ასევე 2002 წლის 13 მაისის ქ. ბათუმის მერიის ¹109 დადგენილების, ქ. ბათუმის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილების, ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილების მეორე ნაწილის ბათილად ცნობა, ხოლო შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების ძალაში დატოვება, ამასთანავე საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, გაეტარებინა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა აკადემიის საკუთრება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების შესაბამისად.
2006 წლის 25 ივლისს მოსარჩელეებმა წარადგინეს დამატებითი სასარჩელო განცხადება, თანამოპასუხედ მიუთითეს ასევე ბინათმშენებლობა «...» თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე და დამატებით მოითხოვეს 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულების ბათილად ცნობა. ხოლო იმავე წლის 1 დეკემბერს შეტანილი დამატებით სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ბათილად ეცნოთ ქ. ბათუმის 2006 წლის 18 ივლისის ¹203 დადგენილება თანმდევი შედეგებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» გამგეობის წევრების გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სარჩელი 2006 წლის 6 ოქტომბრის და 2006 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით ბ. ო-ძის, გ. ა-ძისა და ი. შ-შვილის სარჩელისა გამო ქ. ბათუმის მერიის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბინათმშენებლობა «...» თავმჯდომარის ჯ. ბ-ძის მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» გამგეობის სხდომის 2001 წლის 21 აპრილით დათარიღებული ორი ოქმის, 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულებისა და ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმე მითითებულ ნაწილში არ იყო დაკავშირებული იმ სახის სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დებულება სამართლებრივი აქტი იყო, მაგრამ იგი თავისი შინაარსით კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. აღნიშნულით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამხანაგობის კრების ოქმის დამტკიცების შესახებ მიღებული მერიის კაბინეტის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სადავო აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიჩნეული იყო ინივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და რომლის კანონშესაბამისობის შემოწმებაც, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება ყოფილიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლი 17 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა «...» წევრების გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივრის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისი ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის, აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის ხდომის ორი ოქმისა და ერთობლივი საქმიანობის 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენეასი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული აქტიდან და სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სრულად შეესაბამებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც განაპირობებდა დავის არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ბუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული დავა პროცესუალური წესების მიხედვით იმიტომ განიხილებოდა, რომ საქმეს ადმინისტრაციულ-პროცესუალური ფორმა ჰქონდა და მას ადმინისტრაციული დავის ფორმა გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში მერიის აქტი მიღებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და მომზადების ადმინისტრაციული წესების გათვალისწინებით, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობა უნდა მომხადრიყო ადმინისტრაციულ-პროცესუალური წესით და არა სამოქალაქო-პროცესუალური წესით.
გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის გარდა დავის საგანს წარმოადგენდა აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმებისა და ერთობლივი საქმიანობის 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობა, რაც თავისი ბუნებით სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ იმ მოტივით, რომ მითითებულ საქმეზე უკვე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის განხილვაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო მითითებულ დავასთან, ხოლო მოცემული მოთხოვნები კი ერთხელ უკვე გამოეყო ადმინისტრაციულ საქმეს, ასევე მართლმსაჯულების სწრაფი და დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისა და ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავასთან არსებული სამოქალაქო საქმე მთლიანად უნდა განეხილა ადმინისტრაციულ პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნების _ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისი ¹109 დადგენილების, აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის ხდომის ორი ოქმისა და ერთობლივი საქმიანობის 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობის შესახებ განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კანონით სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ დავის საგანი.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის კაბინეტმა საინიციატივო ჯგუფს ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების მიმდებარე კვარტალში გამოუყო მიწის ნაკვეთი ამხანაგური ერთსადარბაზოიანი, შვიდ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 1993 წლის 19 ივლისს ჩატარდა ბინათმშენებლობის წევრთა საერთო კრება მიღებულ იქნა წესდება. არჩეულ იქნა გამგეობა შემდეგი შემადგენლობით _ ბ. ო-ძე, გ. ა-ძე, ი. შ-შვილი. აღნიშნულზე შედგა ¹1 ოქმი, რაც დამტკიცდა ბათუმის მერიის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილებით. 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმითა და იმავე თარიღის, იმავე ნომრის ოქმით გაუქმებულად ჩაითვალა საინიციატივო ჯგუფის ძველი შემადგენლობა და დამტკიცდა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარე და ხაზინადარი. ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობა «...» წევრთა საერთო კრების 1993 წლის 19 ივლისის ¹1 სხდომის ოქმის დამტკიცების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება სამართლებრივი აქტია, მაგრამ იგი თავისი შინაარსით კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. აღნიშნულით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამხანაგობის კრების ოქმის დამტკიცების შესახებ მიღებული მერიის კაბინეტის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სადავო აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომაც, მისი შემოწმება სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი არ შეიძლება იყოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამოქალაქო საქმეთა პალატას მოსაზრებას ხსენებული სასარჩელო მოთხოვნების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავა და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ იმ პრინციპის დაცვით, რასაც განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა «...» წევრების - გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივრის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა «...» მიმართ, ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისი ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის, აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის ხდომის ორი ოქმისა და ერთობლივი საქმიანობის 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა «...» წევრების - გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივრის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა «...» მიმართ, ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისი ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის, აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის ხდომის ორი ოქმისა და ერთობლივი საქმიანობის 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.