ბს-1411-1369(გ-08) 9 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები: ნ. გ-ე, რ. გ-ე, ი. მ-ი, ა. ღ-ე, რ. შ-ე, ზ. ხ-ე, ზ. ბ-ე, ნ. ბ-ი
მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია
მესამე პირი _ შპს “ ... “
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ნოემბერს ნ. გ-ემ, რ. გ-ემ, ი. მ-მა, ა. ღ-ემ, რ. შ-ემ, ზ. ხ-ემ, ზ. ბ-ემ და ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შპს “ ... “ გაერთიანებული ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის დისტანციის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ნ. გ-ე და რ. გ-ე მანამდე, ხოლო დანარჩენები იმჟამადაც მუშაობდნენ შპს “ ... “ გაერთიანებული ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის დისტანციაში, სოფელ ...-ში, რომელიც “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 2002 წლის 25 დეკემბრიდან მიეკუთვნებოდა მაღალმთიან რეგიონს და მოსარჩელეები იმავე სოფელში ცხოვრობდნენ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ნ. გ-ეზე, როგორც ერთშვილიან პირზე, უნდა გავრცელებულიყო საშემოსავლო გადასახადზე 50%-იანი შეღავათი. მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და არ დაეკავებინა მისთვის საშემოსავლო გადასახადზე 50% 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით. ნ. გ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ, საბოლოო ჯამში, შეადგინა 703,69 ლარი. რ. გ-ეს ჰყავდა ორი შვილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასზეც უნდა გავრცელებულიყო საშემოსავლო გადასახადზე 50%-იანი შეღავათი. მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და არ დაეკავებინა მისთვის საშემოსავლო გადასახადზე 50% 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით. რ. გ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ, საბოლოო ჯამში, შეადგინა 711,89 ლარი. ი. მ-ს ჰყავდა ორი შვილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასზე ასევე უნდა გავრცელებულიყო საშემოსავლო გადასახადზე 50%-იანი შეღავათი. მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და არ დაეკავებინა მისთვის საშემოსავლო გადასახადზე 50% 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით. ი. მ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ, საბოლოო ჯამში, შეადგინა 582,87 ლარი. ა. ღ-ზეც, როგორც ორშვილიან პირზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა გავრცელებულიყო საშემოსავლო გადასახადზე 50%-იანი შეღავათი. მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და არ დაეკავებინა მისთვის საშემოსავლო გადასახადზე 50% 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით. ა. ღ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ, საბოლოო ჯამში, შეადგინა 617,64 ლარი. რ. შ-ეს ჰყავდა სამი შვილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასზე უნდა გავრცელებულიყო შეღავათი და მისთვის არ უნდა დაექვითათ საშემოსავლო გადასახადი, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით. რ. შ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 1193,77 ლარი. ზ. ბ-ეს ჰყავდა სამი შვილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასზეც უნდა გავრცელებულიყო შეღავათი და მისთვის არ უნდა დაექვითათ საშემოსავლო გადასახადი, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია და ზ. ბ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 1303,38 ლარი. ნ. ბ-ს ჰყავდა ოთხი შვილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასზე უნდა გავრცელებულიყო შეღავათი და მისთვის არ უნდა დაექვითათ საშემოსავლო გადასახადი, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია და ნ. ბ-თვის დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 538,25 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საშემოსავლო გადასახადის სახით მათთვის უკანონოდ დაბეგრილი, ზემოთ მითითებული თანხების მათ სასარგებლოდ გადახდის მოპასუხისთვის დაკისრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს, რომელმაც მოცემული საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “ ... “ გაერთიანებული ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის დისტანციას დაეკისრა ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხების 50%-ის დაბრუნება, კერძოდ, ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 703,69 ლარის, რ. გ-ის სასარგებლოდ _ 711,89 ლარის, ი. მ-ის სასარგებლოდ _ 582,87 ლარის, ა. ღ-ის სასარგებლოდ _ 617,64 ლარის დაბრუნება, ასევე საშემოსავლო გადასახადის თანხების 100%-ის დაბრუნება, კერძოდ, რ. შ-ის სასარგებლოდ _ 1280,12 ლარის, ზ. ხ-ის სასარგებლოდ _ 1193,77 ლარის, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1303,38 ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 538,25 ლარის დაბრუნება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ ... “, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება. აპელანტმა _ შპს “ .... “ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან საქმე განხილული იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერებას და მოითხოვდნენ უკანონოდ, ანუ ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების დაბრუნებას, რაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, სახეზე იყო საგადასახადო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული დავა. აპელანტმა მიუთითა, რომ შპს “ ... “ ამ საქმეში იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, შპს “ ... “ უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით, რადგან საქართველოს ძველი და ახალი საგადასახადო კოდექსების 23-ე და 218-ე მუხლების თანახმად, შპს “ ... “, როგორც დამქირავებელი, იყო საგადასახადო აგენტი, რომელიც ახდენდა საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას, გადამხდელისათვის მის დაკავებას და გადასახადის თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვას. საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, ანუ მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა შპს “ ... “ ანგარიშზე არ ჩარიცხულა და შპს “ ... “ რაიმე ფინანსური სარგებელი კი არ მიუღია, არამედ საშემოსავლო გადასახადის მთლიანი თანხა ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა დაბრუნებულიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო მოცემულ საქმეში შპს “ ... “ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სადავო ურთიერთობაში, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით შპს “ ... “ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება; ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იდენტურ საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის ¹ბს-834-799(გ-06) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ურთიერთობა მოსარჩელეებს, როგორც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის, ხოლო მოპასუხე შპს “ .... “ წარმოადგენდა შუამავალს, ე.წ. საგადასახადო აგენტს, რომელსაც სახელმწიფოსაგან დაკისრებული ჰქონდა გადასახადის გამოანგარიშების, გადამხდელთათვის მისი დაკავებისა და შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვის სპეციალური მოვალეობა (საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა თავდაპირველი მოპასუხის _ შპს “ ... “ სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი (ადგილობრივი) საგადასახადო ინსპექციით შეცვლაზე, ასევე _ შპს “ ... “ ამ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმაზე. შპს “ ... “ გაერთიანებული ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის დისტანცია არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს და მას არ შეეძლო ცალკე გამოსვლა სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ და ამდენად, მის მაგივრად საქმეში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შპს “ ... “.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე შპს “ .... “, მოსარჩელეთა თანხმობით, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს “ ... “ მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის (მესამე პირი _ შპს “ ... “) მიმართ, ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების შესახებ, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიულ განსჯადობასა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილ სარჩელის უფლებამოსილი სასამართლოსთვის წარდგენაზე და მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი არ ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია მოცემულ საქმეში ვერ იქნებოდა მოპასუხე მხარე და იგი უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის (მესამე პირი _ შპს “ .... “) მიმართ, ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების შესახებ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანია ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება, ანუ, როგორც მოსარჩელეთა ხელფასების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უკანონოდ მიჩნევა და შემდგომში ამ გადასახადით მათი (იმ მოსარჩელეების, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ სასარჩელო განცხადებაში მათ მიერ მითითებულ ორგანიზაციაში) არდაბეგვრა, ისე უკვე დაბეგრილი თანხების დაბრუნება. ამდენად, კონკრეტული სარჩელის საგანი (ამჟამადაც მომუშავე მოსარჩელეებთან მიმართებაში) თავის თავში მოიცავს ორ სასარჩელო მოთხოვნას, პირველი მათგანი _ მომავალში მოსარჩელეთა (რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ სასარჩელო განცხადებაში მათ მიერ მითითებულ ორგანიზაციაში) ხელფასების საშემოსავლო გადასახადით არდაბეგვრა მიმართულია შპს “ .... “, ხოლო მეორე მათგანი _ მანამდე დაბეგრილი თანხების დაბრუნება _ შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიმართ, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უნდა დაეხმაროს მოსარჩელეებს (რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ სასარჩელო განცხადებაში მათ მიერ მითითებულ ორგანიზაციაში) აღნიშნულის შესაბამისად მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) პირის მიერ აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ, ერთ ან ორშვილიან (პირის კმაყოფაზე მყოფი 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირს აღნიშნულ რეგიონებში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების პირველ პუნქტზე, რომელშიც ჩამოთვლილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გამგებლობაში შექმნილი საგადასახადო ორგანოები, რომელთა შორისაც არის გორის საგადასახადო ინსპექცია. ხსენებული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო ორგანოების სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის ¹829 ბრძანების პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლები.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს “ ... “ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ შპს “ ... “ ამ საქმეში იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც წარმოადგენს ქ. ხაშური, რადგან საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, ანუ მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის მთლიანი თანხა ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში და შესაბამისად, მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა დაბრუნებულიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა თავდაპირველი მოპასუხის _ შპს “ .... “ სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი (ადგილობრივი) საგადასახადო ინსპექციით შეცვლაზე, ასევე _ შპს “ .... “ ამ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს “ .... “ მოცემულ საქმეში ჩააბა მესამე პირად, მაგრამ იმავე სასამართლომ, მიუხედავად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოხსენებული, მისთვის სავალდებულო მითითებისა, თავდაპირველი მოპასუხე _ შპს “ ... “ (მოსარჩელეთა თანხმობით) შეცვალა არა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი (ადგილობრივი) საგადასახადო ინსპექციით, არამედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით, ანუ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არ შეასრულა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითება და არასწორად გადაუგზავნა მოცემული საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, თუმცა ხაშურის რაიონული სასამართლოს მხრიდან სააპელაციო სასამართლოს დასახელებული მითითების შეუსრულებლობა კონკრეტულ შემთხვევაში, გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტასა და საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია მოცემულ საქმეში ვერ იქნებოდა მოპასუხე მხარე და იგი უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ისე გადაუგზავნა ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომ მასაც არ შეუცვლია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი), რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს “ .... “ გაერთიანებული ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის დისტანციაში, შესაბამისად, მათთვის დაკავებული საშემოსავლო გადასახადიც გადაიხდებოდა მათი ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელზე ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი საქმეში მოპასუხედ მონაწილე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით, მაგრამ მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც, პირველ ყოვლისა, უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მითითება და არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, მოსარჩელეთა თანხმობით, შეცვალოს სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები არ იქნებიან აღნიშნულზე თანახმა, მიიღოს საპროცესო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. მ-ის, ა. ღ-ის, რ. შ-ის, ზ. ხ-ის, ზ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.