ბს-1442-1377(გ-09) 2 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებს შორის დავა რ. ა-ოვის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ა-ოვმა 08.09.2008წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის მიერ მოსარჩელისთვის ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და Mმისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 22.09.2009წ. დადგენილებით რ. ა-ოვის განცხადება მოპასუხე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ეხება, იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2009წ. განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
,,რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.1997წ. ¹649 ბრძანებულებაში 12.04.2005წ. ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებით, ლიკვიდირებული იქნა თბილისის რაიონული სასამართლო და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით - ადმინისტრაციული, სისხლის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიები. ,,საერთო სასამართლოთა შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური აქტი, რომელიც ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც სადავო აქტი უკავშირდება სასამართლოს მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, განმცხადებლის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავას, შესაბამისად, მას ვერ განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. სზაკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კოდექსის დებულებები არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან. დავის საგანი არ არის მოცემული სასკ-ის მე-2 მუხლით. ზემოაღნშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა განხილული უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ოვის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის ფორმირების, როტაციის, კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება «პატიმრობის შესახებ» კანრონის (671-68 მუხ.), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (610-ე მუხ.), საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 17.09.09წ. ¹585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (1-ლი, მე-4 მუხ.) თანახმად სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შროომით შეცვლის თაობაზე, კომისია იხილავს ასევე მსჯავრდებულის ან მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის საჩივრებს სასღელაღსრულების დაწესებულების ხანმოკლე გასვლის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, (სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 98-ე მუხ., სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხ.), სისხლის სამართალწარმოების წესით იხილება. რაც შეეხება თვით მუდმივ მოქმედი კომისიის მიერ წარდგინებით მიმართვას, აგრეთვე ხანმოკლე გასვლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კომისიის მიერ საჩივრის განხილვას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ადმინისტრირების სფეროს განეკუთვნება. თავისი არსით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს (სზაკ-ის VII თავი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ასრულებს და მიზნად ისახავს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 3.4 მუხლის «გ» ქვეპუნქტის დებულება იმის შესახებ, რომ «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილების აღსრულებასთან» არ გამორიცხავს გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოების მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელებას და ადასტურებს იმას, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სახეების და პროცედურების გამოყენება აღსრულების ორგანოების საქმიანობას, მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების და რეალაქტის განხორციელების პროცედურის სპეციალური საკანონმდებლო აქტით («პატიმრობის შესახებ» კანონით) მოწესრიგების გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება სასჯელაღსრულებითი ორგანოს ადმინისტრირების სფეროს, შესაბამისი სამართლებრივი საშუალების – წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვის ან მიმართვაზე უარის თქმის, საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გამოყენებით. ის გარემოება, რომ მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინება სისხლისსმართალწარმოების წესით იხილება, არ გამორიცხავს კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სასარჩელო წარმოება, საქმეში დაცულია განცხადება, რომლის მოთხოვნა არ არის ნათლად გამოკვეთილი (ს.ფ.3), საქმის მასალებში არ მოიპოვება მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება რ. ა-ოვის შუამდგომლობის მიმართ, ამდენად საქმეზე საჭიროა შესაბამისი პროცესუალური ზომების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. ამდენად, სასამართლოებს შორის დაიშვება დავა განსჯალდობის და არა უწყებრივი ქვემდებარეობის შესახებ, საკასაციო პალატა თავისმხრივ უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ განსჯადობის და არა უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხზე, უკანასკნელი წინ უსწრებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას. ამასთანავე, სსკ-ის 404.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად, ვინაიდან უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხს სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს, დავის არსებითად განხილვამდე სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სარჩელის უწყებრივი ქვემდებარეობის, მისი დასაშვებობის საკითხზე. «პატიმრობის შესახებ» კანონის 68-ე მუხლის, მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუყუბი სასჯელით შეცვლის საკითხზე წარდგინებით მიმართვის შუამდგომლობის განხილვისას, კომისია მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ვადას, დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, სასჯელის მიზნის მიღწევას და სხვა გარემოებებს, ამდენად, კომისიის საქმიანობა ხორციელდება ფართო დისკრეციის პირობებში, წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვა არის მისი ექსკლიუზიური უფლება, წარდგინებით მიმართვა ხდება იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი, კაონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად საკმარისადაა განსაზღვრული კომისიის მიერ წარდგინების ან წარდგინებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების წინაპირობები, მატერიალურ-სამართლებრივი დებულებები, რამდენადაა შესაძლებელი კომისიის მიხედულების რეალური შემოწმება, უფლების არსებობაზე, სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების წარდგინებასთან დაკავშირებით კომისიის პოზიტიურ ან ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე გავრცელების, მისი სასამართლო წესით გადასინჯვის შესაძლებლობაზე, საერთოდ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქით შეცვლის მსჯავრდებულის უფლების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ა-ოვის განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.