ბს-1444-1378(გ-09) 25 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თელავისა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა რ. გ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 24 ივლისს რ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2008 წლის 24 დეკემბრის ¹464/ო ბრძანების ბათილად ცნობასა და ამავე სამმართველოს 2005 წლის 12 ივნისის ¹82 ოქმის საფუძველზე დადებული ¹1245 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით რ. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და საიჯარო ხელშეკრულების არარა აქტად აღიარების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, იმ საფუძვლით რომ მოსარჩელის პირველად მოთხოვნას წარმოადგენდა სიღნაღის რაიონის გამეგობასა და ა. ბ-შვილს შორის 2005 წლის 12 ივნისის ¹82 ოქმის საფუძველზე დადებული ¹1245 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება, რომელიც გაფორმდა სიღნაღის რაიონში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით რ. გ-შვილის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თელავისა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებს შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-შვილის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სასამართლოებისაგან განსხვავებით, დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა.
მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ სასამართლოებს შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილ დავას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული სამართალწარმოება ცალკე დამოუკიდებლად არ შეიცავს და აწესრიგებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას. რაც საკასაციო სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 – 24-ე მუხლებით.
ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. აღნიშნული წარმოადგენს საერთო პრინციპს და ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლში, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში რ. გ-შვილმა მოპასუხედ მიუთითა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თელავი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის შეცვლა მარტოოდენ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, თუ რომელი მოთხოვნა უფრო აქტუალურად მიაჩნია მოსარჩელეს და მით უფრო, მოსარჩელის თანხმობის გარეშე სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხის განსაზღვრა და აღნიშნულის შედეგად ტერიტორიული განსჯადობის შეცვლა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში თუ თელავის რაიონული სასამართლო მიიჩნევდა, რომ სარჩელის აღძრული იყო არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, ამ უკანასკნელს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შემთხვევაში შეეძლო საქმე განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალიწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულია მხოლოდ ერთი მოპასუხე - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თელავი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. გ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს;
2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.