ბს-1459-1393(გ-09) 25 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა სსიპ ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 1 ივნისს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – ვ. ქ-შვილის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, რომლის შედეგად ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტს» დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 13000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი მოპასუხე ვ. ქ-შვილის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციული კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული კოლეგია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა» და ვ. ქ-შვილს შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამოდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კატეგორიის ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» მიერ აღძრულია სარჩელი იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რომლითაც მის მიერ განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა – ვ. ქ-შვილის მხრიდან გარკვეული მომსახურების მიღების სახით. აღნიშნულ დავაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითია, გაირკვეს, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» მიერ ეს ხელშეკრულება დადებულია თუ არა მისი უშუალო საჯარო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის» დებულების პირველი მუხლის პირველი პუქნტის შესაბამისად, ,,სამტრესტი» იქმნება ,,ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი ,,სამტრესტის» საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და დარგის განვითარების ხელშეწყობა.
ამდენად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც ,,სამტრესტი» ახორციელებს მისი საქმიანობის ძირითადი საგნის ფარგლებში (დარგის რეგულირება და განვითარების ხელშეწყობა), ერთნაირად წარმოადგენს მოსარჩელის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას ანუ ამ შემთხვევაში ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების განაშენიანების მომსახურების შესყიდვისას სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი» ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და უშუალოდ ამ მიზნით არის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაც ვ. ქ-შვილთან.
ვინაიდან, მოსარჩელე სადავო თანხების ანაზღაურებას ითხოვს სწორედ ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე, 2004 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹22 ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება, განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.
წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და შპს ვ. ქ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს, განსახილველი ხელშეკრულება მიეკუთვნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.