ბს-1461-1395(გ-09) 17 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ინდივიდუალური საწარმო ,,...»
მოპასუხეები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის ადმინისტრაცია
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ინიდვიდუალური საწარმო ,,...» მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ვაშლის შეუფერხებელი რეალიზაციისთვის საქართველოს მთავრობის სარევიზიო ფონდიდან ,,სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹602 განკარგულებით განისაზღვრა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისაგან ვაშლის შესყიდვის მიზნით საკრედიტო რესურსად უნდა გამოყოფილიყო 800 000 ლარი წლიური 8%-ის სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და ინდივიდუალურ საწარმო ,,...» შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინდ. საწარმო ,,...» გამოეყო სესხი 800 000 ლარის ოდენობით. თანდართული გრაფიკის შესაბამისად განისაზღვრა სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების დრო. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ ინდ. საწარმო ,,...» არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა მოპასუხეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 372 259 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.
2008 წლის 23 დეკემბერს ი/ს ,,...» შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს საპასუხო მოქმედების განხორციელება, ანუ მოსარჩელის ტერიტორიაზე ვაშლის შესყიდვა, ვინაიდან ტერიტორია ამჟამად დროებით ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ. შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე, ვიდრე არ იქნებოდა შესრულებული შესაბამისი საპასუხო მოქმედება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხეებისათვის შეცვლილ გარემოებებზე ხელშეკრულების მისადაგების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ი/ს ,,...» შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს მთავრობა.
ინდივიდუალურმა საწარმომ ,,...» კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ი/ს ,,...» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2009 წლის 21 მაისს შეგებებული სარჩელის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა, საქართველოს მთავრობას დავალებოდა 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹602 განკარგულებაში ცვლილებების შეტანა და ვაშლის შესყიდვის არეალი გაზრდილიყო შემდეგნაირად: ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა, მათ შორის დევნილები”, ასევე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას მიესადაგებინათ ხელშეკრულება შეცვლილ გარემოებებს ვადებისა და სხვა პირობების კორექტირების მიზნით, მათ შორის არეალის გაფართოების მხრივ ნაცვლად ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა” ჩაწერილიყო ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობისა, მათ შორი დევნილები” და განეცხადებინათ თანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ინდ. საწარმო ,,...» სასარჩელო მოთხოვნა – დავალებოდა საქართველოს მთავრობას 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹602 განკარგულებაში ცვლილების შეტანა – დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეგებებული სარჩელის ამ ნაწილში შეწყდა. ამავე განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ინდ. საწარმო ,,...» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე ინდივიდუალური საწარმო ,,...» შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიმართ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებათა მისადაგებისა და ხელშეკრულების შესაცვლელად თანხმობის დავალდებულების თაობაზე გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის ადმინისტრაციასა და ინდივიდუალური საწარმო ,,...» შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხის - ინდივიდულაური საწარმო ,,...» მიმართა თანხის დაკისრების შესახებ, ასევე ინიდვიდუალური საწარმო ,,...» შეგებებული სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიმართ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებისა და ხელშეკრულების შესაცვლელად თანხმობის დავალდებულების თაობაზე თანდართული მასალებით, გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, სწორედ უშუალო საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების – კონკრეტული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით იქნა დადებული აღნიშნული სადავო ხელშეკრულება, შესაბამისად ხსენებული ხელშეკრულების შესრულების საკითხთან დაკავშირებით იყო აღძრული სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, ხოლო შეგებებული სარჩელი ი/ს ,,...» მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამრიგად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო დავას, შესაბამისად იგი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე ნორმის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციიული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებით დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდ. საწარმო ,,...» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ი/ს ,,...» იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ, საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 800 000 ლარი გაიცა ინდივიდუალურ საწარმო ,,...» – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისგან ვაშლის შესყიდვის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების, ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს, როგორც საჯაროსამრთლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს კონკტერული ხელშეკრულებათა მიზნის დადების გზით.
საკასაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის ადმინისტრაციასა და ინდივიდუალური საწარმო ,,...» შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების ვალდებულება, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გარდა ამისა, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ზემოხსენებული ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებათა მისადაგების დავალდებულება, რაც ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/ს ,,...» სარჩელის გამო, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.