Facebook Twitter

ბს-1477-1410(გ-09) 17 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე _ კ. ბ-შვილი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 20 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – კ. ბ-შვილის მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ მოპასუხემ კ. ბ-შვილმა 2005 წლის 1 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹1973 ბრძანებით კ. ბ-შვილი 2006 წლის 8 აგვისტოდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პრობების დარღვევის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ კ. ბ-შვილისგან ჯარიმის სახით _ 17514,36 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 5872,44 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 17514,36 ლარის 0,2%-ის ოდენობით 2006 წლის 15 სექტემბრიდან ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელით აღძრული ადმინისტრაციული საქმე გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგენილი არ იყო ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეეძლოთ შეთანხების გზით დაედგინათ სასამართლოს განსჯადობა, რის შესახებაც შეთანხმება ფორმდებოდა წერილობით.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე თანდართული ,,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 8.3 მუხლში აღნიშნულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედევად, განსჯად სასამართლოდ ითვლებოდა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე. ამდენად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ მისამართად სარჩელში მითითებული იყო ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. ¹20, სარჩელი წარდგენილი იქნა არაგანსჯადად სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე კ. ბ-შვილის მიმართ ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენების საპროცესო საფუძვლები, რადგან იგი ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმების გზით განსჯადი სასამართლოს დადგენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ იყო დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი საერთო განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე არ არსებობდა საპროცესო საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განხილვა-გადაწყვეტისთვის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სიღნაღის რაიონული სასამართლო, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლის საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების 8.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო სამსახურის მიერ სამინისტრაოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე დავას განიხილავდა სამინისტროს ადგილსამყოფელი რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე, ამიტომ აღნიშნული დათქმა, არ შეიძლება გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავით დადგენილი განსჯადობის ზოგად დებულებებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა ვერ შეცვლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დებულებებს განსჯადობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და მათი განხილვა ხორციელდება საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას უპირატესად მოქმედებს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები და მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების საფუძველზე მათი შეცვლა დაუშვებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი).

Aაქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის გამოყენების საპროცესო საფუძვლები, ვინაიდან ის ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმების გზით განსჯადი სასამართლოს დადგენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუU არ იქნებოდა დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი საერთო განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე არ არსებობს საპროცესო საფუძველი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განხილვისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადს, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე კ. ბ-შვილის მიმართ, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილელად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე კ. ბ-შვილის მიმართ განსახილველად დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.