Facebook Twitter

¹ბს-1578-1507(გ-09) 2 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა ნ ი ლ ი :

01.06.09წ. სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა “სამტრესტმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე – შპს “...” მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამოქალაქო კოდექსის მე-300 და 301-ე მუხლების საფუძველზე, აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოითხოვა, რომლის შედეგადაც დეპარტამენტს დაუბრუნდება მის მიერ გადარიცხული თახა – 34 996 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.09წ. განჩინებით სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტის” სარჩელი მოპასუხე შპს “...” მიმართ, საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელთა გამიჯვნა ხელშკრულებათა მიზნის დადგენის გზით არის შესაძლებელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპარტამენტსა და შპს “...” შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სამართალურთიერთობა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.

თბილისის საქალაქო სსამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.09წ. განჩინებით სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტის” სარჩელი შპს “...” მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს 02.12.04წ. სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტსა” და შპს “...” შორის დადებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹12 ხელშეკრულებას, რომლის თანახმად შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად, მან იკისრა ვალდებულება გაეწია შემსყიდველისათვის 34 996 ლარის ღირებულების მომსახურება. “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის 31 მუხლის შესაამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - “სამტრესტი”, რომელიც სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს და საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 14.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტის” დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია “სამტრესტის” უფლებამოსილებანი და საქმიანობის საგანი. დებულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად “სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს “დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოსთან, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება, სარჩელის საგანი არ გამომდინარეობს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან და სასკ-ის 2.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტის” სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნას განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის მიმდინარეობს დავა საგნობრივი და არა ტერიტორიული განსჯალდობის საკითხზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო იქონიებს მსჯელობას განსახილველი დავის მხოლოდ საგნობრივ განსჯალდობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი” სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ის გარემოება, რომ “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის 31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის 11.02.03წ. ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი”, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს დებულების თანახმად შეადგენს “დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”, ასევე არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტსა” და შპს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე შპს “...” იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის (“ალექსანდროული”, “მუჯურეთული”) ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ ტენდერის შედეგად 02.12.04წ. დადებული ¹12 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 34 996 ლარის დაკისრება, სანოტარო წესით დამოწმებული 02.12.04წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტის” მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხის – 34996 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მე-300 (იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა) და 301-ე (იძულებით გაყიდვა აუქციონზე) მუხლები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-5, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი მოპასუხის – შპს “...”-ს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.