Facebook Twitter
ბს-1583-1538(გ-08)

ბს-1583-1538(გ-08) 13 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი ,,...” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა ,,...” 15.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 27.04.07წ. ¹2-2206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ ,,...” სახელმწიფო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 29.12.06წ. ჩატარდა არასამეწარმეო იურიდიული პირის - საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ ,,...” წევრთა საერთო კრება და გამგეობის სხდომა, სადაც გადაწყდა ისეთი საკითხები (გამგეობის წევრთა შემადგენლობაში ცვლილება, აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და სხვ.), რომლებიც ექვემდებარებოდა სახელმწიფო სავალდებულო რეგისტრაციას ცვლილებების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ არაერთგზის მიმართეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საბოლოოდ, 27.04.07წ. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის წერილით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.05.07წ. განჩინებით არასამეწარმეო იურიდიული პირის - საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,...” სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 27.04.07წ. ¹2-2206 წერილი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან კერძოO სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტის – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით იყო გამოცემული. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საქმიანობის შინაარსის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში იყო კერძოსამართლებრივი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სახელმწიფო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმით მის მიერ სრულდებოდა მოქმედება, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის ნორმები იყო. შინაარსობრივად მოპასუხის მოქმედება სწორედ აღნიშნული ნორმებით იყო დეტერმინირებული, რაც გადამწყვეტი იყო დავის საგნობრივი განსჯადობის განსასაზღვრად, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით, სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყო გამოცემული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში კი სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.08წ. განჩინებით არასამეწარმეო იურიდიული პირის - საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,...” სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყველა ელემენტს, მათ შორის, ადმინისტრაციული აქტის ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობის სავალდებულოობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.03.07წ. ¹233 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და ის მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სადავო 27.04.07წ. ¹2-2206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.03.07წ. ¹233 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის საფუძველზე. ამდენად, სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საქმიანობა – სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების განხორციელება მის სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,...” სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ ,,...” უარი ეთქვა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებაზე, და მოპასუხისათვის სახელმწიფო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გინიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ ,,დინამოს” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება – სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებაზე უარის შესახებ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან იგი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტს, კერძოდ – სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, მოცემული დავა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც იგი რეგულირდება კერძო სამართლის კანონმდებლობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.03.07წ. ¹233 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის საფუძველზე ახორციელებს არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციას, რა დროსაც დასტურდება საწარმოს დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან. ამდენად, სადავო ბრძანება მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს გადაწყვეტილების – ბრძანების გამოცემის გზით, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას, რამდენადაც ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს კერძო სამართლის კანონმდებლობის – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ეს გარემოება არ წარმოადგენს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს. ვინაიდან სადავო ბრძანება გამოცემულია არა საჯარო სამართლის, არამედ, კერძოსამართლებრივი ნორმატიული აქტის საფუძველზე, შესაბამისად, სამოქალაქო საასმართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს ამ ბრძანების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან მიმართებით. სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მითითება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემაზე არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემა ხდება რეგისტრაციის შემდეგ, უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის მიმართ, ხოლო განსახილველი დავა ეხება ცვლილებების რეგისტრაციას (სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხ.), რომელიც კერძო-სამართლებრივი სფეროს სამართალურთიერთობებით არის დეტერმინირებული, უფლებამოსილი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების არსებობის პირობებს, რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძვლებს სამოქალაქო კოდექსის ნორმები განსაზღვრავენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის დავა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ექვემდებარება განხილვას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, იგი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ ,,...” სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.