Facebook Twitter

ბს-1585-1539(გ-08) 29 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა გ. ი-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 3 ოქტომბერს გ. ი-მა აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და მოითხოვა საქტელემაუწყებლობის თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტებრის ¹126-ა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის არარად აღიარება და მორალური და მატერიალური ზიანის 20 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. ი-ის სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ი-მა. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინებით Gგ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გ. ი-ის სარჩელზე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების 20 000 ლარის ოდენობით სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2007 წლის 9 ოქტომბერს გ. ი-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მატერიალური ზიანის 35 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაღზაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. თუმცა დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებეზა დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში კი საერთოდ არ არის მოხსენიებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში საერთოდ არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე.

იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა.

ამრიგად, ვინაიდან აღნიშნული კანონი ადმინისტრაციულ ორგანოდ არ მიიჩნევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებული დავა (მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა), არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც წინამდებარე საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას მოქალაქესა და იურიდიულ პირს შორის, რის გამოც აღნიშნული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განსახილველი.

გ. ი-მა, 2008 წლის 14 ნოემბერს და ამავე წლის 24 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა (იგივე შუამდგომლობა დააყენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე), რომლითაც სადავოდ გახადა საქმის განსჯადი სასამართლოს მიერ განხივლის საკითხი და მიუთითა, რომ მასსა და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, დავა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლიდან რის გამოც, აპელანტის მოსაზრებით, მოცემული საქმე განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინების მოტივაცია და თავის მხრივ მიუთითა: აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა გამომდინარეობს არა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ურთიერთობებიდან, არამედ წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ დავას ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს (სსიპ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობის ადმინისტრაციას) შორის, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და მიმართულია განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სსიპ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობის ადმინიტსრაციის) გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისკენ. ანუ, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად გამოცემული ბრძანების გაუქმება, რასაც პროცესუალურად პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული სამართალურთიერთობის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც გააჩნია მმართველობითი ღონისძიებების განხორციელების სახეები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეალაქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, მხარე ასაჩივრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის შესაფასებლადაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მაკვალიფიცირებელი ნორმების გამოყენება იქნება კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან, პალატის მოსაზრებით, სასამართლომ საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენად სწორად გამოსცა სსიპ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობის ადმინისტრაციამ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქმე გ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ - განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელე გ. ი-ის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებთ ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის I მუხლის ,,თ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიეკუთვნება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო, დაწესებულება ან პირი, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა.

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონის I მუხლის ,,ჰ” ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერდიომაუწყებლობისათვის შექმნილი საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

ამდენად, მიუხედავად ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმისა, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ ორაგნოდ, ვინაიდან ის კანონები, რომლებიც აღნიშნულ ორგანოსთან დაკავშირებით იძლევიან სპეციალურ რეგულაციებს, გამორიცხავენ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის შესაძლებლობას.

როგორც აღინიშნა, წინამდებარე სარჩელი მიმართულია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ, სარჩელით ფიზიკური პირი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, სამართალსუბიექტურობის თვალსაზრისით, სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტებს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებით განხილვის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის მართებულობას და მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.