Facebook Twitter

ბს-1735-1689(გ-08) 26 თებერვალი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა თ. გ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 27 ოქტომბერს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე დიდუბის რაიონის მმაჩის ბიუროს მიმართ, აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ა. გ-სა და ი. ბ-ეს შორის 1991 წლის 26 იანვარს რეგისტრირებული ქორწინების ჩანაწერის ამსახველი დედანი დოკუმენტის გამოთხოვას და აღნიშნული ქორწინების აქტის ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ამ საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქორწინების აქტი არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან იგი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელემენტებიდან ერთ-ერთს, იგი არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, მას საფუძვლად უდევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც აწესრიგებს ქორწინების წარმოშობა-შეწყვეტას და მის სამართლებრივ შედეგებს; დავის საგანს ასევე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება; მოსარჩელე არ ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან რაიმე ქმედების განხორციელებას, აქტის გამოცემას ან ზიანის ანაზღაურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც წინამდებარე საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, რის გამოც აღნიშნული დავა განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინების მოტივაცია და თავის მხრივ, მიუთითა: ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია ამ კოდექსის მე-14, მე-15 და მე-18 მუხლებით დაწესებული პირობები და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). აღნიშნული მუხლებით ქორწინების ბათილად ცნობის საფუძვლად დადგენილ პირობებს კი მიეკუთვნება დასაქორწინებელ პირთა თანხმობის არარსებობა, საქორწინო ასაკს – 18 წელს მიუღწევლობა, დაქორწინება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ დასა და ძმას შორის; მშობლებსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად. კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არც ერთი ზემოაღნიშნული სამოქალაქო-სამართლებრივი პირობა არ არის მითითებული.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი ხსენებული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, დაქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრვი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში გაფორმებული დაქორწინება. განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის პერიოდში ქორწინების რეგისტრაციის წესსა და პირობებს არეგულირებდა ,,საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის ¹133 დადგენილება.

აღნიშნული ნორმატული აქტის საფუძველზე, სასამართლოს განმარტებით, ქორწინების საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი რეგისტრაცია მარეგისტრირებელ სახელმწიფო ორგანოში და მიიჩნია, რომ ქორწინების ჩანაწერის დაფიქსირებისას ადგილი აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ქმედებას, სააქტო ჩანაწერის განხორციელების სახით, რომლის გარეშეც ქორწინება არ იძენს სამოქალაქო-სამართლებრივ მნიშვნელობას. აღნიშნული ქმედების შედეგად განხორციელებული ჩანაწერი კი, თავის მხრივ, განხილულ უნდა იქნეს, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ამასთან, ასეთის გამოცემისას მმაჩის ბიუროს საქმიანობა ემსახურება სახელმწიფოებრივ მიზანს და მიიჩნევა საჯარო – სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქმე თ. გ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს მითითებულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი ცხადყოფს, მოსარჩელე თ. გ-ის მოთხოვნას წარმოადგენს ქორწინების ჩანაწერის ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა მისი აწ გარდაცვლილი ძმის ნების საწინააღმდეგოდ (მოხდა მისი ნების გაყალბება).

მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, არ დაეთანხმოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას დავის ადმინისტრაციული სასამართლოსათვის დაქვემდებარების თაობაზე და, თავის მხრივ, განმარტავს შემდეგს: საოჯახო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტს, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. საგულისხმოა, რომ როგორც სადავო რეგისტრაციის პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა, ისე დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ქორწინების ბათილობის საერთო საფუძვლებს, კერძოდ, ქორწინება უნდა გამოცხადდეს ბათილად: დასაქორწინებელ პირთა თანხმობის არარსებობისას; საქორწინო ასაკის მიუღწევლობის შემთხვევაში; იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი დაქორწინებული იყო სხვა პირზე; პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ დასა და ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ მიჩნეულია არაქმედუნარიანად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქორწინების ბათილობის ზემოაღნიშნულ საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მიეკუთვნება ქორწინების ნებაყოფლობითი ხასიათი, რაც გამორიცხავს ქორწინებას ნების არარსებობის შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ წინამდებარე სარჩელი, როგორც უკვე აღინიშნა, ემყარება სწორედ იმ არგუმენტს, რომ ქორწინება რეგისტრირებულია ერთ-ერთი პირის ნების არარსებობის პირობებში, კერძოდ, ნების გაყალბების გზით. ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, არსებობდა თუ არა რეგისტრაციის მომენტში დასაქორწინებელ პირთა ნება და რამდენადაა სახეზე ქორწინების ბათილობის სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები.

მითითებული მოტივაცია საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ დავა არ გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნებიდან, არ ემყარება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, რაც გამორიცხავს წინამდებარე სარჩელის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსჯადობით დაქვემდებარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26.3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.