¹ბს-1736-1690 (გ-08) 1 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
სასამართლომ გამოარკვია:
ვ. ნ-ძემ 2004 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების თ. თ-უას, თ. ჯ-შვილის, თ. მ-შვილის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 5 მაისის და 2004 წლის 16 ივნისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება გააუქმოს უკანონო ჩანაწერი, რომელიც განხორციელდა ბინაზე ყადაღის დადების შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმე ¹3/277-იდან ვ. ნ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხეების თ. თ-უას, თ. ჯ-შვილის და სხვათა მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა_საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე; სასარჩელო მოთხოვნა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ვ. ნ-ძემ 2005 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირი თ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრში 2004 წლის 18 ივნისს სადავო ბინაზე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის განჩინებით ვ. ნ-ძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის თ. მ-შვილის მონაწილეობით, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2004 წლის 18 ივნისს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, კერძოდ, მოპასუხემ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა ფიზიკურ პირებს თ. ჯ-შვილსა და თ. თ-უას შორის 2004 წლის 5 მაისს გაფომებული საცხოვრებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, აგრეთვე 2004 წლის 16 ივნისს სადავო საცხოვრებელ ბინაზე თ. თ-უას და თ. მ-შვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხალშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით ვ. ნ-ძის მიერ აღძრული სარჩელი განსჯადობის შესაბამისად განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავა სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბინაზე სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა მითითებული, არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს; სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა არ წარმოადგენს სარჩელის დამოუკიდებელ საგანს, იგი თანმდევი შედეგია სასარჩელო მოთხოვნის_ხელშეკრულებების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებისა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ვ. ნ-ძის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის 2004 წლის 18 ივნისის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში ვ. ნ-ძემ მიუთითა, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 7 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომელიც სანოტარო წესით იყო დამოწმებული. თ. ჯ-შვილმა ბინა გაასხვისა თ. თ-უაზე, რომელმაც თავის მხრივ ბინა გაასხვისა თ. მ-შვილზე. მოსარჩელის განმარტებით, მისი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად სადავო საცხოვრებელ ბინას დაედო ყადაღა, აიკრძალა მისი გასხვისება, ან სხვაგვარი უფლებით მისი დატვირთვა; დადგენილი წესით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარედგინა ნოტარიუსთა პალატას, საჯარო რეესტრს და ტექაღრიცხვის სამსახურს. ვ. ნ-ძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა ბინაზე ყადაღის დადების შესახებ საჯარო რეესტრს წარედგინა 2004 წლის 15 ივნისს, ყადაღის დადების მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ კი 2004 წლის 18 ივნისს სარეგისტრაციოდ წარეგინა ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრს, რომელიც ყადაღის მიუხედავად მესაკუთრედ აღრიცხა თ. მ-შვილი. მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრმა ამით დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 63-ე მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნა.
სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს სარჩელის დამოუკიდებელ საგანს; სასამართლომ არ გაიზიარა ის მოსაზრებაც, რომ აღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის დაკმაყოფილების თანამდევ შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში აღდგება თავდაპირველი მდგომარეობა და სადავო საცხოვრებელი ბინა აღირიცხება თ. ჯ-შვილის სახელზე; სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ვ. ნ-ძის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გამომდინარეობს იმ საფუძვლებიდან, რომ მოპასუხემ საჯარო რეესტრმა დაარღვია ადმინისტრაციული კანონმდებლობა და იმ დროს, როდესაც ბინას ედო ყადაღა, საჯარო რეესტრს სარეგისტრაციოდ წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელმაც ყადაღის მიუხედავად მესაკუთრედ აღრიცხა თ. მ-შვილი. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ გამომდინარეობს სხვა სამართლებრივი საფუძვლებიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო ბინაზე მესაკუთრედ აღირიცხა თ. მ-შვილი, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა» ქვეპუნქტი და ჩათვალა, რომ დავა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ე. ნ-ძის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ნ-ძემ 2005 წლის ივლისს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 7 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგით, რომელიც სანოტარო წესით იყო დამოწმებული. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე თ. ჯ-შვილმა ბინა გაასხვისა თ. თ-უაზე, რომელმაც თავის მხრივ ბინა გაასხვისა თ. მ-შვილზე. მოსარჩელის განმარტებით, მისი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად სადავო საცხოვრებელ ბინას დაედო ყადაღა, აიკრძალა მისი გასხვისება, ან სხვაგვარი უფლებით მისი დატვირთვა; დადგენილი წესით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარედგინა ნოტარიუსთა პალატას, საჯარო რეესტრს და ტექაღრიცხვის სამსახურს. ვ. ნ-ძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა ბინაზე ყადაღის დადების შესახებ საჯარო რეესტრს წარედგინა 2004 წლის 15 ივნისს, ყადაღის დადების მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ კი 2004 წლის 18 ივნისს სარეგისტრაციოდ წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრს, რომელმაც ყადაღის მიუხედავად მესაკუთრედ აღრიცხა თ. მ-შვილი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოში; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ვ. ნ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დადგენილ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას ხომ არ დაარღვია ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ყადაღადადებული ქონების რეგისტრაციის განხორციელებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა დავის შინაარსს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერება, რომელიც განხორციელდა ყადაღადადებულ ქონებაზე და არა როგორც სადავო ბინაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების, როგორც მისი თანმდევი შედეგის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.
ამიტომ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ძის სარჩელი, თავის არსით, მიმართულია სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და ფაქტობრივად, სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული ადმინისტრაციული საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ნ-ძის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 18 ივნისის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.