ბს-248-238(გ-09) 10 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კ. გ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ კ. გ-ძე 2005 წლის 1 მარტიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, დაინიშნა მე-... ქვეითი ბრიგადის, ...-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, მე-... მსუბუქი ქვეითი ასეულის, მე-... მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაურად სამხედრო წოდება «...» მინიჭებით.
შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან, მოპასუხე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან გულისხმობდა მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას.
2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანებით, კ. გ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ვალდებულება, აენაზღაურებინა მასზე გათვალისწინებული, კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც კოკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 14 000 ლარს.
ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, მომზადების პერიოდში, ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, თავისი სურვილით და «სამინისტროსთან» შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ «სამინისტრო» იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია, ჯარიმის სახით, უპირობოდ აანაზღაუროს დარჩენილი ვადის ფულადი თანხები.
ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს.
მოპასუხის სამხედრო სამსახურში ნამსახურების ვადა შეადგენდა 7 თვესა და 6 დღეს, რის შემდეგაც იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
კონტრაქტის 7.4 მუხლით, სამხედრო მოსამსახურის მიერ, 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების დაგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა კ. გ-ძეს დაკისრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროსათვის 14000 ლარის გადახდა.
ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კ. გ-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, სარჩელის საფუძველი ასევე განაპირობებს დავის განსჯადობასაც.
პალატის განმატრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთხოვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან, ვერ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქმე ¹2/ბ-1061-08წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის გამო ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კ. გ-ძისათვის ჯარიმის თანხის – 14 000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლდოს სახით 14 000 ლარის 0,2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა, რომ კ. გ-ძისათვის ჯარიმის თანხის – 14 000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0,2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. გ-ძეს შორის დადებული 2005 წლის 1 მარტის ხელშეკრულება (კონტრაქტი) და კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული კონკრეტული ოდენობის ზიანის ანაზღაურება ე.წ. ჯარიმისა და პირგასამტეხლოს სახით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. გ-ძეს შორის დადებული, 2005 წლის 1 მარტის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არ არის დაკავშირებული სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობასთან და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმეები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ: ა) ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდბულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა არარსებობის დადგენა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან და სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაა, აღნიშნილის გამო მოცემული დავა სრულად შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც განაპირობებს დავის არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ბუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი (ცალკე წარმოებად გამოყოფილ ნაწილში) განსჯადობის განსახილვლელად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. გ-ძეს შორის 2005 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ფიზიკური პირისათვის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად მოქალაქე აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.
როგორც აღნიშნა, წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, იმავდროულად ხელშეკრულების მონაწილე ფიზიკური პირი იღებს ვალდებულებას იტვირთოს საჯარო-სამართლებრივი მოვალეობა და უზრუნველყოს მათი შესრულება.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ წინამდებარე კონტრაქტის სახით სახეზეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დავა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განსახილვლელად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი (ცალკე წარმოებად გამოყოფილ ნაწილში) განსჯადობით განსახილვლელად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.