ბს-252-242(გ-09) 11 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს «...»
მოპასუხეები: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 17 აპრილის ¹164 გადაწყვეტილებით ქ. ხაშურში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ჩრდილოეთის მხარეს ხაშურის ქალაქვაჭრობას გამოეყო 1,0 ჰა მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებამ გასცა შესაბამისი ნახაზი. იმავე წელს ხაშურის ქალაქვაჭრობამ ამ მიწის ნაკვეთზე ააშენა სავაჭრო ცენტრი _ მაღაზია ¹10. მოგვიანებით, ხსენებული ქალაქვაჭრობის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კომერციული ფირმა «...», რომელიც 1995 წელს აუქციონის გზით შეისყიდეს თ. გ-ძემ და მ. ხ-ძემ. შემდგომში აღნიშნული სახელმწიფო კომერციული ფირმის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს «...». სადავო 1,0 ჰა მიწის ნაკვეთიდან 4256 კვ.მ ფართობის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრირებას შპს «...» წლების მანძილზე ცდილობდა (იმ პერიოდისათვის დანარჩენი მიწის ნაკვეთი ათვისებული იყო სხვათა მიერ), რის განხორციელებაზეც საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური სხვადასხვა საფუძვლით აცხადებდა უარს. საჯარო რეესტრმა ბოლოს უარი განაცხადა რეგისტრაციის განხორციელებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სხვადასხვა ფიზიკურ პირებს ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა ამ პირთა მფლობელობის მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი მან ვერ მიუთითა, რის გამოც მისი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა სასარჩელო წარმოება სასამართლოში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მუდმივმოქმედმა კომისიამ 2007 წლის 21 დეკემბერს განიხილა შპს «...» დირექტორის _ ნ. თ-ძის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქ. ხაშურში, ხაშური-ბორჯომის გზის მარჯვენა მხარეს არსებული აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებად აღიარება _ მასზე საკუთრების უფლების მინიჭება და დააკმაყოფილა იგი, რის საფუძველზეც, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს «...» სახელზე გასცა საკუთრების უფლების ¹26 მოწმობა 4256 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ხსენებული მოწმობა აღებულ იქნა 2008 წლის 3 იანვარს და იმავე დღეს იგი წარედგინა ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, რაზედაც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ მოწმობაში მითითებული 4256 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედიოდა იმ 5229 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც 2007 წლის 14 დეკემბერს რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებად, რაც შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული უძრავი ქონების შპს «...» სახელზე რეგისტრაციას. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹1-1/2045 ბრძანების საფუძველზე, გამოცხადდა პირობებიანი აუქციონი და ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე (... მიმდებარედ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 5229,55 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო აუქციონის ფორმით. აუქციონზე გატანილი ობიექტი 2008 წლის 24 იანვარს იქნა გასხვისებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹1-1/2045 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით 2008 წლის 24 იანვრის პირობებით გამოცხადებული აუქციონის, უძრავი ქონების ნასყიდობის 2008 წლის 18 მარტისა და 2008 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ილახებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს «...» კანონით დაცული ინტერესები; ხაშურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის შესაბამისი გადაწყვეტილების არარა აქტად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხაშურის კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავდა საპროცესო კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებული იყო სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები _ თუ რომელ სასამართლოს უნდა განეხილა სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. ხსენებული კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, ისევე, როგორც იურიდიული პირის მიმართ, წარედგინებოდა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იყო აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებად დასახელებული იყვნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ხაშურის კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელთა იურიდიული მისამართები განსხვავებული იყო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული განსჯადობა, როდესაც არსებობდა რამდენიმე მოპასუხე და შესაძლებელი იყო სარჩელი წარდგენილი ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹20ა ოქმი), რომლითაც «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო ქონება – ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე (... მიმდებარედ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5229,55 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა გ. ა-შვილს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ შპს «...» სარჩელი უნდა განეხილა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განესაჯა მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებოდა მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნიდა განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებდა მოსარჩელეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხაშურის კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს «...» სარჩელი უნდა განეხილა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული სასამართლო.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული კოდექსის მე-20 მუხლის (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ¹ბს-786-748(გ-07) განჩინებაში განმარტა, რომ, თუ სარჩელში დასახელებული იყო სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლება იყო, რასაც იგი განსაზღვრავდა სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევდა იმ სასამართლოს, სადაც წარადგენდა სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელი იყო, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ჩარეულიყო მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ¹ბს-703-669(გ-06) განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სასამართლო ურთიერთობას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. სარჩელი აღძრულია რა ორი მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ამასთან უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქ. ხაშურში, სახეზეა საქმის ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის უპირატესობა დავის სხვა სახის განსჯადობების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს «...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.