ბს-294-284(გ-09) 18 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი»
მოპასუხე _ საკრედიტო კოოპერატივი «...»
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ივნისს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საკრედიტო კოოპერატივ «...» მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი” შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის ¹149 ბრძანებულების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 აბზაცის მე-2 პუნქტის თანახმად, ხსენებული ცენტრი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის ¹203 ბრძანებულების შესაბამისად ჩამოყალიბებული «საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის” და საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1996 წლის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 7 თებერვლის ¹24 ბრძანებით დაფუძნებული «მსოფლიო ბანკის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის” ბაზაზე და წარმოადგენდა მათ სამართალმემკვიდრეს. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 სექტემბრის ¹616 ბრძანებულებით «მსოფლიო ბანკის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის” საკოორდინაციო ჯგუფთან შეიქმნა «საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრი» (ქვესესხის ხელშეკრულების მხარე), რომელიც საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების პირველი თავის 1.02 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს და შექმნილი იყო საქართველოში საკრედიტო კავშირების განვითარების ხელშეწყობისა და მათზე, პროექტის ფარგლებში, გრანტებისა და სესხების გაცემის მიზნით. იმ დროისათვის «სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის” მოსამზადებელი ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ¹149 ბრძანებულებით გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მასზე, როგორც სამართალმემკვიდრესა და უფლებამონაცვლეზე, გადავიდა ყველა მისი შემადგენელი კომპონენტი, მათ შორის, აღნიშნული ჯგუფის უფლებები და ვალდებულებები.
მოსარჩელის მტკიცებით, 1998 წლის 3 აგვისტოს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში, «საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრსა» და მოპასუხე «...” შორის გაფორმდა საკრედიტო კავშირის ქვესესხის შესახებ ¹48 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა ქვესესხი 8000 ლარის ოდენობით, ორი წლის ვადით, წლიური 24 პროცენტით, საკრედიტო კავშირის წევრებზე სესხის გასაცემად. ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლის «ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო გადასახადი გადაეხადა ყოველ 6 თვეში ერთხელ და სესხის ძირითადი თანხა _ ვადის გასვლის თარიღისათვის, ხოლო ამავე მუხლის «დ” ქვეპუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო სესხის თანხის 0,2 პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შემდგომში, საკრედიტო კავშირის ქვესესხის შესახებ ¹48 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადით, მხარეთა შორის გაფორმდა დამატებები ამ ხელშეკრულებაზე, კერძოდ: 1998 წლის 4 დეკემბერს _ 2000 ლარზე, წლიური 26%-ით; 1999 წლის 11 მარტს _ 1000 ლარზე, წლიური 26%-ით; 1999 წლის 9 ივნისს _ 5000 ლარზე, წლიური 26%-ით. მოპასუხე პერიოდულად ახდენდა დავალიანების თანხის დაფარვას. 2005 წლის 21 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 72723,41 ლარი, საიდანაც 16000 ლარი იყო ძირითადი თანხა, 4780 ლარი _ მასზე დარიცხული პროცენტი, ხოლო 51943,41 ლარი _ ხსენებული ხელშეკრულების 3.2 მუხლის «დ” ქვეპუნქტით დარიცხული პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 72723,41 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 1818,08 ლარისა და ადვოკატის მომსახურების თანხის _ 2908,93 ლარის (სარჩელის თანხის 4 პროცენტი) მის სასარგებლოდ გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის» სარჩელის გამო, მოპასუხე საკრედიტო კოოპერატივ «...» მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში დავა განიხილებოდა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადების ანალიზით მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას და იგი განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლების თანახმად, სარჩელი უნდა განეხილა უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნიდა უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებდა მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სასარჩელო განცხადება განსახილველად უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის» სარჩელის გამო, მოპასუხე საკრედიტო კოოპერატივ «...» მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის ¹149 ბრძანებულებაზე (ს.ფ. 23-24), რომლითაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი”. ამ ბრძანებულების თანახმად, ხსენებული ცენტრი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის ¹203 ბრძანების შესაბამისად ჩამოყალიბებული «საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის» და საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1996 წლის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 7 თებერვლის ¹24 ბრძანებით დაფუძნებული «მსოფლიო ბანკის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის” ბაზაზე და წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ¹2-139-¹911 ერთობლივი ბრძანებით (ს.ფ. 129-133) დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის” დებულება. ხსენებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი” არის «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის ¹149 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს «სასოფლო საკრედიტო კავშირების ჩამოყალიბებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 სექტემბრის ¹616 ბრძანებულებაზე (ს.ფ. 25-26), რომლითაც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული «საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის” საკოორდინაციო ჯგუფთან შეიქმნა «საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრი», რომელიც საქართველოს რესპუბლიკას და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების (ს.ფ. 29-39) პირველი თავის 1.02 მუხლის თანახმად, შეიქმნა საქართველოში საკრედიტო კავშირების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. «საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრსა» და «...” (მოპასუხე) შორის გაფორმდა საკრედიტო კავშირის ქვესესხის შესახებ ¹48 ხელშეკრულება (ს.ფ. 8-12), რომელიც ძალაში შედიოდა 1998 წლის 3 აგვისტოდან. ამ ხელშეკრულების თანახმად, «...” გაიცა ქვესესხი 8000 ლარის ოდენობით, ორი წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 24%-ის დარიცხვით და აღნიშნული ქვესესხი გამოყენებული უნდა ყოფილიყო საკრედიტო კავშირის წევრებზე სესხის გასაცემად. ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლის «ა” ქვეპუნქტით «...” ვალდებული იყო, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო გადასახადი გადაეხადა ყოველ 6 თვეში ერთხელ და სესხის ძირითადი თანხა _ ვადის გასვლის თარიღისათვის, ხოლო «დ” ქვეპუნქტით, «...” ვალდებული იყო, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებლისათვის გადაეხადა ჯარიმა _ სესხის თანხის 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, მხარეებს _ «საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრსა» და «...” შორის, საკრედიტო კავშირის ქვესესხის შესახებ ¹48 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, გაფორმდა დამატებები ამ ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 15, 17, 19). საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრმა» მოპასუხე საკრედიტო კოოპერატივ «...» მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2005 წლის 29 ივნისს წარდგენილი სასარჩელო განცხადებით (ს.ფ. 1-5), მათ შორის, 72723,41 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ” ქვეპუნქტის (2005 წლის 24 ივნისამდე არსებული რედაქცია _ «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1801-რს კანონის მიღებამდე, რომლითაც ტერმინი _ ადმინისტრაციული გარიგება შეიცვალა ტერმინით _ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ხოლო ხსენებული კანონი ამოქმედდა 2005 წლის 15 ივლისიდან) თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება. «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1800-რს კანონით ამ კოდექსს 34-ე მუხლის შემდეგ დაემატა IX1 თავი მასში შემავალი 35-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის (იგულისხმება საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1800-რს კანონი, რომელიც, მათ შორის, ხსენებული თავის და მასში შემავალი მუხლის დამატების ნაწილში, ამოქმედდა 2005 წლის 15 ივლისიდან) ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრმა» მოპასუხე საკრედიტო კოოპერატივ «...» მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო განცხადება წარადგინა 2005 წლის 29 ივნისს, ანუ 2005 წლის 15 ივლისამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის» სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის» სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.