¹ბს-305-298(გ-08) 15 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ე. მ-ის, ს. ა-ის, თეთრიწყაროს მიწის მართვის სამმართველოსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ასურეთის საკრებულოს აგრარული გარემოს დაცვისა და სადავო საკითხთა კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელემ 1992წ. მიწის რეფორმის შედეგად მიკუთვნებული 3935 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დაკანონება, საჯარო გზის დადგენა და აღნიშნული გზის გამოთავისუფლება მოითხოვა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილებით შ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თეთრიწყაროს რაიონის მიწათმომწყობის სამმართველოს, სარეგისტრაციო სამსახურსა და ასურეთის საკრებულოს დაეკისრა შესაბამისი ზომების მიღება და შ. მ-ის მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობის გაცემა სოფელ ასურეთში საცხოვრებელ სახლთან არსებულ ნაკვეთზე 29.02.96წ. ¹162 აქტის შესაბამისად _ 3900 მ2–ზე, მიწათმოწყობის რაიონულ და სასოფლო კომისიებს დაევალათ ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების საკონტროლო აზომვები და აღურიცხავი მიწის ფართის საერთო გადასახადისათვის დაქვემდებარება, აგრეთვე კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა და მისი მიზნობრივად გამოყენება. შ. მ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ სასოფლო გზის დადგენას.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.07.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-მა და გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მიწათმოწყობის რაიონულ და სასოფლო კომისიებს დაევალათ ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების საკონტროლო აზომვები და აღურიცხავი მიწის ფართის საერთო გადასახადისათვის დაქვემდებარება, აგრეთვე მისი მიზნობრივად გამოყენება და რომლითაც შ. მ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ სასოფლო გზის დადგენას. 10.10.06წ. სასამართლო სხდომაზე შ. მ-მა დაადასტურა, რომ სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გაუქმებული სასოფლო გზის აღდგენას(ს.ფ. 234). აპელანტმა აღნიშნა, რომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გზის აღდგენაზე. საქმეში დაცული მტკიცებულებები, კერძოდ, მიწის მართვის დეპარტამენტის, ასევე თეთრიწყაროს მიწის მართვის სამმართველოს დასკვნა ადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დასაბუთების გარეშე უსაფუძვლოდ მიიჩნია ბეჭედდასმული და უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი საპროექტო ნახაზები, რომელშიც აღნიშნულია სასოფლო გზა. სასოფლო გზა არსებობდა წლების მანძილზე და რამდენიმე წლის წინ გადაკეტეს მისმა მეზობლებმა, რასაც ადასტურებდა მისი მეზობლის, ზ. გ-ის სამოსახლო ნაკვეთზე გაცემული სამოსახლო პროექტი, რომელზეც აღნიშნული იყო სახლთან მისასვლელი სასოფლო გზა, ასევე, ზ. გ-ის ჩვენება, ნ. გ-ის მიწის საკადასტრო რუკა, მიწის მართვის სამმართველოს, სოფ. ასურეთის საკრებულოს წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა თანდასწრებით ერთობლივად ჩატარებული მიწის აზომვა. აპელანტის განცხადებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით სასამართლომ იმ საკითხზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც განსახილველი დავის საგანს არ შეადგენდა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხე საკრებულოს მიერ სასოფლო გზის დადგენა შეადგენდა, რაც ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენდა. 11.12.06წ. შ. მ-მა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საჯარო რეესტრში ე. მ-ის სახელზე რიცხული დაუკანონებელი 4890 მ2 ფართის 1500მ2 _ მდე შემცირება, ხოლო ს. ა-ის სახელზე რიცხული 4800მ2 – ის შემცირება და გ. მ-ის სახელზე 1500 მ2 –ის აღრიცხვა. აპელანტის განმარტებით, დანარჩენი ფართობი არის გზა, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დავის საგნის გაზრდასა და შეცვლასთან დაკავშირებული, დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობები(ს.ფ. 330).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ შ. მ-ის სასარჩელო განცხადება მოიცავდა ორ მოთხოვნას: მისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შედეგად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარებას, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას და ადრე მის სარგებლობაში არსებული, საკარმიდამო ნაკვეთთან დამაკავშირებელი, აუცილებელი გზის აღდგენას, რომელიც გადაკეტილი ჰქონდათ მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეებს _ ე. მ-სა და ს. ა-ს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ და აღნიშნულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს. მეორე სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან და მოთხოვნა მიმართული იყო ფიზიკური პირების წინააღმდეგ. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებაც დასაბუთებული იყო სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით, რის გამოც განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შ. მ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მიღებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით უარი ეთქვა. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არასწორად იქნა დაზუსტებული შ. მ-ის სააპელაციო მოთხოვნა. სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მითითებული სახით სააპელაციო მოთხოვნის ჩამოყალიბება ფაქტობრივად სააპელაციო მოთხოვნის შეცვლას წარმოადგენდა, რაც, სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ შ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით შ. მ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა რეფორმის შედეგად მიკუთვნებული საკარმიდამო ნაკვეთის საკუთრების უფლებით დამტკიცებას და გზის აღდგენას (ს.ფ. 2-3). აპელანტის მოთხოვნას შეადგენს სასოფლო გზის აღდგენა, რომელიც, აპელანტის განმარტებით, მოპასუხეებმა გააუქმეს თავიანთი მიწის ნაკვეთების უკანონო გაფართოების შედეგად. შ. მ-მა სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მიწათმოწყობის რაიონულ და სასოფლო კომისიებს დაევალათ ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების საკონტროლო აზომვები და აღურიცხავი მიწის ფართის საერთო გადასახადისათვის დაქვემდებარება, აგრეთვე მისი მიზნობრივად გამოყენება და რომლითაც შ. მ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა ს. ა-სა და ე. მ-ის მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ სასოფლო გზის დადგენას. აპელანტის მოთხოვნას სასოფლო(საჯარო) გზის აღდგენა შეადგენს (ს.Aფ. 114-116). მოპასუხედ ამ საკითხთან დაკავშირებით შ. მ-ის მიერ დასახელებული იქნა ასურეთის სოფლის საკრებულო, რაც დადასტურებული იქნა მის მიერ 10.10.06წ. სასამართლო სხდომაზე(ს.ფ. 234). სააპელაღიო პალატის 06.03.07წ. საოქმო განჩინებით თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ასურეთის საკრებულო, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე შეიცვალა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში განხილვის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება იმ ქმედების განხორციელებაზე, რომელიც განეკუთვნება ამ უკანასკნელის უფლებამოსილების სფეროს, კერძოდ, «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» კანონის 16.2 მუხლის «ნ» ქვეპუნქტის თანახმად, თვითმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა, ამავე კანონის 47-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა(ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, სკვერები და ა.შ), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე(სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მეზობლის ნაკვეთის დატვირთვას, საკუთრების შებოჭვას, თმენის ვალდებულების დაკისრებას (სკ-ის 180-ე მუხ.), არამედ გზის აღდგენას. ასკ-ის 2.1 «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ხსენებული სარჩელის წარდგენის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელების დავალება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის გამოცემისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში შ. მ-ის მოთხოვნა შეადგენს ასკ-ის 2.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავის საგანს, რის გამოც საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს ქმნის შ. მ-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოშველიებით. ჯურა ნოვიტ ცურია- ს პრინციპიდან გამომდინარე (სასამართლოსათვის ცნობილია სამართლებრივი პრინციპები), მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივ შეხედულებებს საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი დავის მიჩნევა კერძო-სამართლებრივ დავად იმის გამო, რომ მოსარჩელე თავის საჯარო-სამართლებრივ მოთხოვნას კერძო სამართლის ნორმების მეშვეობით ასაბუთებს. მით უფრო, რომ მოსარჩელემ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ კანონმდებლობას არ იცნობს (ს.ფ. 328).
უსაფუძვლოა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შ. მ-მა სააპელაციო სასამართლოში შეცვალა დავის საგანი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველ ინსტანციაში დავის საგანს შეადგენდა გზის აღდგენა და 1992 წელს გადაცემული მიწის ნაკვეთის დაკანონება. მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული და მოპასუხეებს დაევალათ სადავო მიწის ნაკვეთზე შ. მ-ის საკუთრების მოწმობის გაცემა, ხოლო საჯარო გზის აღდგენაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იქნა შ. მ-ის მიერ. შ. მ-მა სააპელაციო საჩივრით საჯარო გზის აღდგენა მოითხოვა (ს.ფ. 106-116). აპელანტმა 10.10.06წ. სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში გაასაჩივრა, რითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სასოფლო გზის აღდგენის თაობაზე (ს.ფ. 233-234).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობის და დავის საგნის არსის, სამართალსუბიექტურობის მიხედვით დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.