ბს-330-319(გ-09) 26 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ სს “ა.-ი”
მოპასუხეები _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის სამხარეო სამმართველო, ბ. ნ.-ე
მესამე პირი _ შპს “ს.-ა”
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 1 სექტემბერს სს “ა.-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამტრედიის განყოფილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და ბ. ნ.-ს შორის 2001 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ¹392 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა რკინიგზის ჩიხის გაყიდვის ნაწილში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის თავის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დავალდებულება და სადავო რკინიგზის ჩიხი ბ. ნ.-ის ნაცვლად ეღიარებინა სს “ა.-ის” საკუთრებად. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბ. ნ.-თვის რკინიგზის ჩიხის 309 მეტრიანი მონაკვეთის დაბრუნების დავალება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის სამხარეო სამმართველო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამტრედიის განყოფილების უფლებამონაცვლე) და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მესამე პირად _ შპს “ს.-ა”.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის ნაწილში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საქმეებისათვის დადგინდა სპეციალური განსჯადობა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემოდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით დასტურდებოდა, რომ სს “ა.-ის” მიმართ 2006 წლის 28 თებერვალს გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი ძალაში შევიდა და ამოქმედდა 2008 წლის 15 აგვისტოს. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2008 წლის 1 სექტემბერს, ანუ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარეთა განმარტება სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ამ კანონით გათვალისწინებული საქმეებისათვის ადგენდა სპეციალურ განსჯადობას, შესაბამისად აღნიშნული საქმე სს “ა.-ის” სარჩელის გამო განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე სს “ა.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის სამხარეო სამმართველოსა (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამტრედიის განყოფილების უფლებამონაცვლე) და ბ. ნ.-ის მიმართ, მესამე პირი შპს “ს.-ა”, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე, სს “ა.-ის” სარჩელის გამო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ე.წ სპეციალური განსჯადობა და “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე მისი განხილვა უნდა მომხდარიყო გაკოტრების სასამართლოს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ გადაგზავნილი ადმინისტრაციული საქმის განხილვა ვერ მოხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე (სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები), რომელიც განსაზღვრავდა, რა შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული დავის საგანი. იმავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენდა საქმის განხილვას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ, კერძოდ, სარჩელი უნდა წარდგენოდა იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა და გადაეწყვიტა ადმინისტრაციული საქმე. ანალოგიურ ნორმას ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტიც, მოსამართლე არ მიიღებდა სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ იყო. სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების აღწერას კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ეხებოდა და განმარტავდა თუ რა დავებს განიხილავდა სამოქალაქო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ზემოთქმული სამართლებრივი ნორმების ანალიზი სასამართლოს სრულ საფუძველს აძლევდა ემტკიცებინა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნილი ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვერ მოხდებოდა, რადგან სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არაუფლებამოსილი იყო განეხილა სხვა სასამართლოს (ადმინისტრაციული სასამართლო) დაქვემდებარებული საქმე და მიეღო გადაწყვეტილება.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ნორმა არ უნდა ყოფილიყო გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით და მისი იმგვარი განმარტება, რომელიც კონსტიტუციურ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს (კანონიერი და უფლებამოსილი სასამართლოს უფლება) ეწინააღმდეგებოდა, არ შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიულ დებულებებს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ხსენებული ნორმის განმარტება უნდა მომხდარიყო იმგვარად, რომ მისი არსი შესაბამისობაში ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილ მართლმსაჯულების განხორციელების ზოგად პრინციპებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, კანონით განმარტებულ “ნებისმიერ დავაში” იგულისხმებოდა მხოლოდ ნებისმიერი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა მოვალის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა განხილულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად და არა ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი (სისხლის ან ადმინისტრაციული) საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის საქმის გადაგზავნით დარღვეული იყო, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის პრინციპიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სამტრედიის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სამტრედიის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სს “ა.-ის” მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების წარმოება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ხსენებული დავა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნა მოხდა მხოლოდ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სს “ა.-ის” გაკოტრების წარმოება და აღნიშნულ შემთხვევებზე სპეციალურ განსჯადობას ითვალისწინებს კანონი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს, ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დავებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას გამოიტანენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები. მაგრამ ხსენებული, ე.წ სპეციალური განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს ამ ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე და მასზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამართალწარმოებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა იმპერატიული დებულებებიც.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, მიუთითებს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი (სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები) განსაზღვრავს, ადმინისტრაციული დავის საგანს და ხსენებულის კონკრეტულ ჩამონათვალს იძლევა. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად ადგენს საქმის განხილვას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ, კერძოდ, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ანალოგიურ ნორმას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმად მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების რეგლამენტაციას კი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, რომელიც განმარტავს, თუ რა დავებს განიხილავს სამოქალაქო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-3 თავი განსჯადობის საკითხს ეხება და ზოგადად სამოქალაქო სასამართლოს ქვემდებარე საქმეების საერთო, განსაკუთრებული, ნივთობრივი თუ სხვა პრინციპით საქმეთა გადანაწილებას ითვალისწინებს სასამართლო სისტემის შიგნით.
Aზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვერ მოხდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არაუფლებამოსილია განიხილოს სხვა სასამართლოს დაქვემდებარებული საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით და მისი იმგვარი განმარტება, რომელიც კონსტიტუციურ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს (კანონიერი და უფლებამოსილი სასამართლოს უფლება) ეწინააღმდეგება, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიულ დებულებებს. ამ ნორმის განმარტებაც უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მისი არსი შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მართლმსაჯულების განხორციელების ზოგად პრინციპებს და, რომ კანონით განმარტებულ “ნებისმიერ დავაში” იგულისხმება მხოლოდ ნებისმიერი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა მოვალის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად და არა ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი (სისხლის ან ადმინისტრაციული) საქმე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაც ვერ იქნება აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლო, რადგან ამით დაირღვევა ტერიტორიული განსჯადობის პრინციპიც, ასევე ვერ იქნება უზრუნველყოფილი თავად კანონის მიზანი დავის სწრაფად და ეფექტურად დამთავრებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე, სს “ა.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის სამხარეო სამმართველოსა (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამტრედიის განყოფილების უფლებამონაცვლე) და ბ. ნ.-ის მიმართ, მესამე პირი _ შპს “ს.-ა”, სამტრედიის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე სს “ა.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის სამხარეო სამმართველოსა (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამტრედიის განყოფილების უფლებამონაცვლე) და ბ. ნ.-ის მიმართ, მესამე პირი _ შპს “ს.-ა”, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.