ბს-372-357 (გ-09) 20 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა ი. ფ-იამ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის დეკემბრიდან არჩეული იქნა სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” ... თანამდებობაზე. 2008 წლის 26 მარტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი ... თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაყენებული იქნა უსაფუძვლოდ, კანონის ნორმების დარღვევით, შელახულია მისი შრომითი უფლებები და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მოითხოვა მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე _ ი. ფ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ... ი. ფ-იას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; თბილისის სამხატვრო აკადემიას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შერსვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ფ-იას მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემეობათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია განსჯადობის საკითხზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნებაში და სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალში, რომლებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, არ არის მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში” რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში ასევე არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე.
ადმინისტრაციულმა პალატამ მიიჩნია, რომ ი. ფ-იას განთავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს არა “საჯარო სამასხურის შესახებ” კანონის დებულებები, არამედ ამავე კანონის 14.2 მუხლის თანახმად “შრომის კანონთა კოდექსი”.
ადმინისტრაციულმა პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი არ ასრულებს საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას, ის კერძო სამართლის სუბიექტად განიხილება, რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურის ცნება და პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი იძენს საჯარო მოსამსახურის სტატუსს და ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში ი. ფ-იას სამსახურიდან განთავისუფლების დროს შეწყდა კერძოსამართლებრივი, შრომითი ურთიერთობა ერთის მხრივ სსიპ-ს ადმინისტრაციასა და მეორეს მხრივ _ ფიზიკურ პირს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება გააჩნია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს. მხოლოდ ის გარემობა, რომ მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია”, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხი განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შრომის ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას მოქალაქესა და იურიდიულ პირს შორის, რის გამოც იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ვინაიდან პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” წარმომადგენლობითი საბჭო 2008 წლის 24 მარტს მონიტორინგის ჯგუფის შუალედური დასკვნის საფუძველზე შუამდგომლობა-წარდგენით აკადემიური საბჭოსადმი მიმართვისას და 2008 წლის 26 მარტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ი. ფ-იასათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოქმედებდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 18.1 მუხლის და 21.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის, _ სასამართლოთა შორის განსჯადობის დასადგენად, არსებითია დავის საგნის სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ... უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესსა და პირობებს არეგულირებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილს განეკუთვნება და აწესრიგებს საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, სამართალსუბიექტობის მიხედვით სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი, სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია”, სამოქალაქო პალატის მოსაზრებით, არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერობა ემყარება საჯარო (ადმინისტრაციულ) კანონმდებლობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო პალატას მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოცემული საქმის განხილვა, გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე პროცესუალურად უკანონო გადაწყვეტილების დადგენას.
ამდენად, სამოქალაქო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე, აღძრა სასამართლოებს შორის დავა საქმეზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ი. ფ-იას სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ... უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ი. ფ-იას მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სარჩელზე მოპასუხე მხარედ მითითებულია სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია”. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის გზით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით შეიძლება არსებობდეს. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 5 ნოემბერი ¹464 ბრძანებულების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მოსარჩელე სადავოდ ხდის აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით. სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” ... უფლებამოსილება განისაზღვრება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით. საქმის მასალების მიხედვით “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 26 მარტის სხდომაზე, კენჭისყრით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ... ი. ფ-იას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი ინიციატივით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება .... ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ადგენს აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ... ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს ... უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დამატებით საფუძვლებს, კერძოდ: წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე, ასევე წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო მოქმედებდა საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც საჯარო სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სამართალსუბიექტურობის მიხედვით, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანი ეხება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესის განხორციელების მართლზომიერების შემოწმებას. ამდენად, განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით სახეზეა საქმის განსჯადობისათვის მნიშვნელობის მქონე ორი პირობა, კერძოდ, დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების ადმინისტრაციული კანონმდებლობისადმი შესაბამისობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.3, 26.3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის _ ი. ფ-იას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2008 წ. გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.