ბს-383-368(გ-09) 1 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს «...» ლიკვიდატორი ზ. გ-შვილი
მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 30 სექტემბერს შპს «...» ლიკვიდატორმა ზ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 3 ივნისს მან განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამეწარმეო რეესტრიდან შპს «...” ამოღება. განცხადებას თან ერთვოდა ყველა დოკუმენტი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონმდებლობაში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის მასალები გადაეცა საგადასახადო ინსპექციას, შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციისათვის. მოგვიანებით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ხსენებული საწარმო ისევ იყო რეგისტრირებული და არ იყო ამოშლილი სამეწარმეო რეესტრიდან, ანუ მოპასუხე ორგანომ არ განახორციელა ამ საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაცია. მოსარჩელის არაერთი განცხადების მიუხედავად, მოპასუხე ორგანომ არ მიიღო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ აღნიშნულზე საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მაგრამ მიუხედავად ზემდგომი ორგანოს დავალებისა და მითითებისა, რომ რეაგირება მოეხდინათ მის განცხადებასა და მოთხოვნაზე, მოსარჩელეს მაინც არანაირი პასუხი არ მიუღია. მოსარჩელეს საგადასახადო ორგანომ განუმარტა, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო და მას ხელახლა უნდა შეეტანა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 2008 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჭირო იყო ლიკვიდაციის რეგისტრაციისათვის და რასაც ითხოვდა საგადასახადო ორგანო. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მაინც არ მოახდინა შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაცია. 2004 წლიდან მოსარჩელემ ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მიმართა საგადასახადო ორგანოს, მაგრამ მოპასუხემ მაინც არ მოახდინა ამ საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია _ არ გამოსცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არ ამოშალა სამეწარმეო რეესტრიდან. 2008 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვა დასაბუთებული, წერილობითი პასუხი მის განცხადებაზე, თუმცა უშედეგოდ. 2008 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ, ვინაიდან მოპასუხე ორგანო არ იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაავალა ხსენებულ განცხადებაზე რეაგირება და წერილობითი პასუხის გაცემა, თუმცა მოსარჩელეს მასზე პასუხი არ მიუღია.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის ამგვარი ქმედება უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს, რაც დასტურდებოდა იმ ფაქტითაც, რომ 2006 წლის 18 დეკემბერს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ შეტყობინება გაუგზავნა შპს «...», რომელიც უკვე აღარ ფუნქციონირებდა და ბიუჯეტის სასარგებლოდ დაარიცხა მოგების გადასახადი და საურავი 24594,5 ლარის ოდენობით, ხოლო 2007 წლის 2 ივლისის ¹2671 საგადასახადო მოთხოვნით მას დააკისრა აღნიშნული თანხის გადახდა. ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომლის 2007 წლის 2 ნოემბრის ¹7132 ბრძანებით იგი გაუქმებულ იქნა. დამფუძნებლებს უფლება ჰქონდათ, გამოევლინათ თავიანთი ნება და გამოეცხადებინათ საზოგადოების ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მოპასუხეს, როდესაც დაცული იყო კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, უფლება არ ჰქონდა, ხელი შეეშალა მათთვის და არ მოეხდინა მისი ლიკვიდაციის რეგისტრაცია. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია კი, მოსარჩელისათვის გაუგებარი მიზეზების გამო, უარს აცხადებდა შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციასთან და სამეწარმეო რეესტრიდან მის ამოშლასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის _ სამეწარმეო რეესტრიდან შპს «...” ამოშლის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი იყო ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭირო იყო, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე და ადმინისტრაციული დავის საგანი ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციის და ამ საწარმოს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შესახებ მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას და აღნიშნული აქტის საფუძველზე, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან კერძო სამართლის იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა რეგულირდებოდა «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით. საგადასახადო ორგანო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹233 ბრძანებით დამტკიცებული «ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის» საფუძველზე, ახორციელებდა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას, რა დროსაც დასტურდებოდა საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობა «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, მატერიალური თვალსაზრისით, შემოწმებას ექვემდებარებოდა კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებდა, ცვლიდა, წყვეტდა ან ადასტურებდა პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის და სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შესახებ, ვერ იქნებოდა მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოიცემოდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მას საფუძვლად ჰქონდა დადებული კერძო სამართლის კანონმდებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. «საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განესაჯა მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებოდა მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნიდა განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებდა მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოქმედების განხორციელების თაობაზე, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, მოცემული დავა გამომდინარეობდა «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებიდან და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის ¹419 ბრძანებით დამტკიცებული «გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ ინსტრუქციიდან», მოსარჩელის პირველი მოთხოვნა იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მეორე მოთხოვნა _ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების განხორციელების დავალება. ხსენებული სასარჩელო მოთხოვნები იმ სახის იყო, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მათი განხილვა შეუძლებელი იყო. აღნიშნული მოთხოვნების განხილვა წარმოშობდა სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო ნორმების, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების გამოყენების აუცილებლობას, რის შედეგადაც შესაძლებელი იყო, სასამართლოს გამოეყენებინა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც შესაძლებელი იყო მომავალში გამხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. «საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განესაჯა მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებოდა მისი საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლოს, მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: 2004 წლის 3 ივნისს შპს «...» ლიკვიდატორმა ზ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა (ს.ფ. 18-19) თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამეწარმეო რეესტრიდან შპს «...” ამოღება. 2008 წლის 14 აპრილს შპს «...» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას (ს.ფ. 17) და მოითხოვა ამ საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მისი დაუყოვნებლივ ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან. 2008 წლის 9 ივლისს შპს «...» წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას (ს.ფ. 39) და მოითხოვა დასაბუთებული, წერილობითი პასუხი 2008 წლის 14 აპრილის განცხადებაზე. 2008 წლის 29 ივლისს შპს «...» წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (ს.ფ. 40) და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ ამ საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციაზე არ მიიღო გადაწყვეტილება და არ ამოშალა იგი სამეწარმეო რეესტრიდან, რის გამოც საჩივრის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში, ანუ კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენილია, თუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მატერიალური თვალსაზრისით, კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმებას დაქვემდებარებულ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაზე მითითებას, რადგან აღნიშნული არ შეესაბამება ხსენებულ სარჩელს, რომლის აღძვრის მოტივადაც მოსარჩელე ასახელებს მოპასუხე ორგანოს _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობას. ამდენად, სახეზე არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რაიმე გადაწყვეტილება, ისევე როგორც _ შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შეუძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე. ამასთან, მართალია, შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელზე მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), მაგრამ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, არამედ ამისათვის ძირითადი, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებზეა ძირითადად დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, რეგისტრაციის საკითხები სამართლებრივად რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტს, ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება-ლიკვიდაციის რეგისტრაციის საკითხები უშუალოდ, პირდაპირ გამომდინარეობს მატერიალური, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან და რეგულირდება ამ კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს რეგისტრაციის საკითხების განმსაზღვრელი მატერიალური სამართლის ნორმები მოცემულია ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის მე-4 მუხლი ითვალისწინებს საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ დებულებებს. ხსენებული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. ერთიანი სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ ვერსიას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, სამეწარმეო რეესტრის წარმოების პირობები, სამეწარმეო რეესტრის ფორმულარები, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებათა რეგისტრაციის განცხადების, სარეგისტრაციო მოწმობის და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლი მთლიანად ეძღვნება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს _ წარსადგენ დოკუმენტებსა და საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების შინაარსს. ხსენებული კანონის მე-51-53 მუხლები ასევე შეეხება საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის მიერ სარჩელის აღძვრის მოტივაცია მდგომარეობს შპს «...” ლიკვიდაციის რეგისტრაციასა და სამეწარმეო რეესტრიდან შპს «...” ამოშლაში, ანუ ხსენებული სარჩელის აღძვრით ამ საქმის მხარეებს შორის წარმოშობილი მოცემული დავის საფუძველში დევს სწორედ კერძო სამართლის ბაზისური მატერიალური ელემენტი _ «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განჩინებაში მითითებული «ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის ¹233 ბრძანება, შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელის აღძვრისას, უკვე ძალადაკარგული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საოქმო განჩინებაში მითითებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის ¹419 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა «გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ ინსტრუქცია». საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის ¹419 ამჟამად მოქმედი ბრძანება ადგენს გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესს, სახელმწიფო, მათ შორის, სამეწარმეო რეესტრის წარმოებას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს თვით დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან, რადგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის ¹419 ბრძანება გამოცემულია სწორედ «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიიჩნია შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» ლიკვიდატორის _ ზ. გ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.