ბს-440-422(გ-09) 21 მაისი 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოპასუხე _ კ. ნ-ძე
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კ. ნ-ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კ. ნ-ძემ 2005 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, 4 წლის ვადით. მხარეებს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონტრაქტის პირობების სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეული დარღვევის შემთხვევაში, ამავე კონტრაქტის 7.3 მუხლის შესაბამისად, იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მასზე დახარჯული ფულადი თანხები. მოსარჩელის მითითებით, კ. ნ-ძემ დაარღვია კონტრაქტის პირობები, 7 თვისა და 22 დღის მსახურობის შემდეგ მიატოვა სამხედრო ნაწილი, შესაბამისად კონტრაქტის 7.3. მუხლის თანახმად, ვალდებულია თავდაცვის სამინისტროს აუნაზღაუროს მასზე დახარჯული თანხა ზიანის სახით 2618,17 ლარი, ჯარიმის სახით _ 14 000 ლარი და პირგასამტეხლო _ 14 000 ლარის 0.2% ყოველთვიურად 2005 წლის 2 დეკემბრიდან თანხის გადახდამდე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ. ნ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 612 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურება იყო. სარჩელის საფუძველი განაპირობებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდებოდა სამართალურთიერთობების მონაწილე სუბიექტების უფლებამოვალეობების წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველი განაპირობებდა დავის სამოქალაქო სამართალურთიერთობის ხასიათს, რაც განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ადმინისიტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) შინაარსობრივად იძლეოდა შესაძლებლობას, კრედიტორს სამოქალაქო ნორმებიდან მოეთხოვა ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება (ხელშეკრულების მე-8 მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ფიზიკური პირისაგან _ სამხედრო სამსახურისაგან, ითხოვს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელ იყო სასარჩელო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი კახაბერ ნიქაბაძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, გასჯადობით უნდა გადასცემოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქმე კ. ნ-ძისათვის ჯარიმის თანხის _ 14 000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0.2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ნ-ძეს შორის დადებული 2005 წლის 30 მარტის ხელშეკრულება არ არის დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობასთან და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან და სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაა, განსახილველი დავა შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც განაპირობებს დავის არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ხასიათს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კ. ნ-ძისათვის ჯარიმის თანხის _ 14 000 ლარის დაკისრება და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0.2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით განსახილველია, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კახაბერ ნიქაბაძეს შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობასთან და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას. ამდენად, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან და სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო კ. ნ-ძის მიმართ, მისთვის ჯარიმის თანხის _ 14 000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0.2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე კ. ნ-ძის მიმართ, ჯარიმის თანხის 14 000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0.2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.