¹ბს-463-442(გ-09) 28 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენი
მოპასუხე _ გ. ბ-ძე
მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 4 თებერვალს ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გ. ბ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996 წლის 1 იანვარს ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის ფირმა ,,..." (შემდეგში ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენი, ამჟამად შპს ,,...”) და მოპასუხე გ. ბ-ძეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 3 წლის ვადით, რის საფუძველზეც მოპასუხეს ,,ტორგის" წესით მიემაგრა ცხვრის სულადობა, საძოვარი, ცხვრის ფარეხი და მეცხვარეთათვის საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარკვეულ ვალდებულებებს ორივე მხრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის დეკემბერში სულადობის ინვენტარიზაციისას მას დააკლდა 329 სული ცხვარი, მათ შორის - 275 სული დედალი ცხვარი და 54 თოხლი, რომელთა ღირებულება 13160 ლარია.
მოსარჩელის მითითებით, 1999 წლის იანვარში დამთავრდა ხელშეკრულების ვადა, რის შემდეგაც გ. ბ-ძე უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, თავს არიდებდა ჯიშსაშენთან ანგარიშსწორებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა გ. ბ-ძეს დაკისრებოდა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების - 690 სული ცხვრის, 582 კგ ყველის, 1020 კგ მატყლის დაბრუნება და 4680 ლარის ოდენობით საძოვრით სარგებლობის ქირის გადახდა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ გ. ბ-ძეს დაეკისრა ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენისათვის 361 სული ცხვრის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნატურით დაბრუნება, ასევე 532 კგ ყველისა და 1020 კგ მატყლის ნატურით ან შესაბამისი ღირებულებითი ანაზღაურება და საძოვრის ქირის - 4680 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ და ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ახმეტის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობის სანაშენე დეპარტამენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენმა, რომელმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაზარდა სარჩელის საგანი და მოითხოვა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ძისათვის 406 სული ცხვრის, მათ შორის - 262 სული დედა ცხვრის, 40 სული ყოჩის, 140 _ თოხლის, 1810 კგ მატყლის, 1030 კგ ყველისა და 4 ცხენის ნატურით დაბრუნების დაკისრება; ასევე, 4680 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და გ. ბ-ძისათვის 1996 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულების შეცვლის დავალება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა გ. ბ-ძისათვის მხოლოდ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში დასახელებული ოდენობით იჯარის ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძისა და ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ბ-ძეს ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარგებლოდ დაეკისრა 406 სული ცხვრის, მათ შორის - 262 სული დედა ცხვრის, 40 სული ყოჩის, 140 _ თოხლის, 1810 კგ მატყლის, 1030 კგ ყველის ნატურით დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, 4680 ლარის ოდენობით ასევე საძოვრის ქირის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სრულად იზიარებდა რაიონული სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება - 1999 წლის მაისში ცხვრის გადარეკვისას სტიქიური მოვლენის, ქარბუქისა და ზვავის გამო იჯარით გაცემული ცხვრის დაცემის თაობაზე, არ დასტურდება საქმის მასალებით. საქმეში არსებული, 1999 წლის 6 მაისს შედგენილი ცხვრის დაცემის თაობაზე აქტი არ იძლევა ცხოველთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ცხვრის დაცემის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება კი გ. ბ-ძეს არ წარმოუდგენია.
პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გ. ბ-ძეს მეიჯარისათვის გადაცემული ქონება - ცხვარი, არ დაუბრუნებია. მას ჯიშსაშენთან არც ახალი ხელშეკრულება გაუფორმებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მოიჯარეს ეკისრება დაყოვნების მთელი პერიოდისათვის მისი ქირის გადახდის მოვალეობა.
სააპელაციო პალატა დაეყრდნო სხდომაზე წარმოდგენილ საქართველოს კონტროლის პალატის აქტის ამონაწერს და ახმეტის ჯიშსაშენის ცხოველთა მოძრაობის უწყისებს და მიუთითა, რომ ამ აქტებში დაფიქსირებული გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობა გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებულის ტოლი იყო, რაც მიიჩნია აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ლიკვიდირებული ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს ,,...”, რის შემდეგაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მესამე პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეცვლილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 1 იანვარს ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის ფირმა ,,...” (შემდეგში ქვემო ალვანის ჯიშსაშენი, ამჟამად შპს ,,...”) და გ. ბ-ძეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 3 წლის ვადით, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს ,,ტორგის” წესით მიემაგრა ცხვრის სულადობა, საძოვარი, ცხვრის ფარეხი და მეცხვარეთათვის საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარკვეულ ვალდებულებებს ორივე მხრიდან. დავის საგანს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,...” წესდების მიხედვით, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იგივეა, რაც უფლებრივი წინამორბედი ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის. საზოგადოების საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად კვლავ რჩება მეცხოველეობაში სანაშენე საქმის სრულყოფის ღონისძიებათა განმტკიცება ,,სანაშენე მეცხოველეობის შესახებ” კანონის საფუძველზე. სადავო ხელშეკრულება ამ საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლადაა დადებული, რის გამოც იგი ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქოსამართლებრივ გარიგებად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე ამჟამად კერძო სამართლის სუბიექტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების ნაცვლად სარჩელის საგანი გახდა ორ კერძო სამართლის სუბიექტს _ ფიზიკურ პირსა და შპს-ს შორის არსებული სამოქალაქო ხელშეკრულების შესრულება და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის გამო ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.