¹ბს-477-450 (გ-09) 15 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
სასამართლომ გამოარკვია:
ნ. ა-შვილმა და საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდმა 2005 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კინემატოგრაფისტთა კავშირის, დ. ო-შვილის, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ე. შ-აიას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს აეკრძალოთ მოსარჩელეების მიერ დაპატენტებული გამოგონების შემდგომი დამზადება ან სხვა უფლებადამრღვევი ქმედებანი, მოპასუხეებს აეკრძალოთ ასევე ნაწარმოების «...’’, ასევე ბულვარის ან სხვა სახით მოწყობა; ასევე აეკრძალოთ დაპატენტებული ლოგოს «ვარსკვლავის’’ გამოყენება ნებისმიერი სახეშეცვლილი ფორმით; მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ, რომ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «ა’’ და «ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად მოსარჩელე აღიარებულ იქნეს სადავო საგანზე უფლების მფლობელად; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს, რომ მოპასუხეებს: ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მათი საავტორო უფლებების დარღვევის გამო კომპენსაცია 500 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების _ ნ. ა-შვილისა და საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სარჩელი მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის 500 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ცალსახად აღიარებს პრინციპს, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო მოხელის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ აღძრული მოთხოვნები ადმინისტრაციული წესით უნდა განიხილებოდეს. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტი, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით სასამართლოებს შორის სარჩელის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად მოსარჩელეების – ნ. ა-შვილისა და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით აღძრული ¹3/2716-08 საქმე გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელების - ნ. ა-შვილისა და საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სარჩელისა გამო დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სარჩელის მოთხოვნის მატერიალურ_სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი (კანონის 59-ე მუხლი), რომელიც განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების წრეს; კერძოდ, კანონი აწესრიგებს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის თანასწორობასა და ავტონომიურობაზე დაფუძნებულ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს სამართალბრუნვის ისეთი სპეციფიური საგნების (კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი) გამო, როგორიც არის მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოები, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მონაცემთა ბაზა; აგრეთვე, კანონი აწესრიგებს ასეთ ობიექტებთან მიმართებაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების, ავტორთა და შემსრულებელთა, მათ უფლებამემკვიდრეთა და სხვა უფლებამფლობელთა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვისა და რეალიზაციის საკითხებს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მოსარჩელეები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისგან მოითხოვენ კომპენსაციის (და არა ზიანის) ანაზღაურებას; «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 59-ე მუხლი კი ერთმანეთისგან განასხვავებს ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის ინსტიტუტებს; სასამართლომ მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «გ’’ და «ე» ქვეპუნქტებზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისთვის «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი კომპენსაცია წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსის ინსტიტუტს, რადგან იგი (კომპენსაციის ინსტიტუტი) შემოღებულია და არსებობს ხსენებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ამავე აქტით დადგენილი სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათი (უფლებების) კომპენსირების მიზნით; ასეთი სახის კომპენსაციის ანაზღაურების წინაპირობები (საფუძვლები) გათვალისწინებულია იმავე «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონით; რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც იხილება საკითხი დარღვეული უფლების სანაცვლო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, საკითხი უნდა გადაწყდეს მითითებული კანონის საფუძველზე;
სასამართლომ განმარტა, რომ ნაწარმოების «...’’ გამო ნაწარმოების ავტორს – ნ. ა-შვილსა და მოპასუხეებად დასახელებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სადავო ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს კერძო-სამართლებრივი შინაარსის ურთიერთობად, რადგან ასეთი სახის ურთიერთობათა მოწესრიგება შესაძლებელია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტის _ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის ნორმათა მეშვეობით; ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ მიმართული სასარჩელო მოთხოვნა რაიმე სახის ქმედების განხორციელების თაობაზე იმ შემთხვევაში განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუკი სადავოდ ქცეული ქმედების შესრულების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საჯარო სამართლის სფეროში მოქმედი აქტით (კანონით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით) და თუკი სადავო უმოქმედობა (მოქმედება) განაპირობებს ასეთი სახის აქტით დაცული უფლების ან/და ინტერესის დარღვევას; ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი პირდაპირ მიუთითებს მასზედ, რომ დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის (და არა ადმინისტრაციული) კანონმდებლობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. ა-შვილისა და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ა-შვილმა და საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდმა სარჩელით მოითხოვეს მოპასუხეებს აეკრძალოთ მოსარჩელეების მიერ დაპატენტებული გამოგონების შემდგომი დამზადება ან სხვა უფლებადამრღვევი ქმედებანი, მოპასუხეებს აეკრძალოთ ნაწარმოების «ხელოვანთა ხეივანი თბილისში’’ ასევე ბულვარის ან სხვა სახით მოწყობა, ასევე აეკრძალოთ დაპატენტებული ლოგოს «ვარსკვლავი’’ გამოყენება ნებისმიერი სახეშეცვლილი ფორმით; მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ, რომ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «ა’’ და «ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად მოსარჩელე აღიარებულ იქნეს სადავო საგანზე უფლების მფლობელად; მათ ასევე მოითხოვეს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მათი საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად კომპენსაციის თანხის _ 500 000 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე მოცემული საქმის განხილვაში უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ მისი შესაძლო დაკმაყოფილების მატერიალურ_სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე_2 მუხლის მე_3 ნაწილზე, რომლის თანახმად ამ მუხლის პირველი და მე_2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ეს ნორმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეების განსაზღვრის მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევს დავის საგანს, რომელიც წარმოშობილია საჯარო ადმინისტრაციული სამართალურთიერთობიდან; ამიტომ საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავა წარმობილია კერძო სამართალურთიერთობიდან და მოცემული სადავო ურთიერთობათა მოწესრიგება შესაძლებელია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტის _ «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის ნორმათა მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის დავა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ექვემდებარება განხილვას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ა-შვილისა და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სარჩელი მოპასუხეების_ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.