Facebook Twitter
ბს-478-451(გ-09) 28 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გორისა და ხაშურის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, საქმეზე შ. გ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 11 მარტს შ. გ-ძემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის – 3010 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 2-12).
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით შ. გ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 5.1, 1.2, მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლით და მიუთითა, რომ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია ხაშურის მუნიციპალიტეტითაც. სამმართველოს იურიდიული მისამართია ქ. გორი, მაგრამ სამართალურთიერთობა წარმოიშვა არა გორის, არამედ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორია ასევე განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტითაც. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 18-19).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განჩინებით შ. გ-ძის სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ არის ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადი და წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის გამოყენების შესახებ, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს თავისი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის არ მიუმართავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-272-ე მუხლების შესაბამისად საჩივრით, მოსარჩელემ დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია სასარჩელო წარმოება, რაც წესრიგდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია საქმეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ – წარედგინება მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მისამართია ქ. გორი, მოსკოვის ქ. ¹1.
ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილება ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არ შეიძლება გახდეს მოცემული საქმის განსჯადობის განმსაზღვრელი.
ამდენად, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სწორად იქნა წარდგენილი გორის რაიონულ სასამართლოში, რადგან მოცემული დავა გორის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 23-24).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე გორისა და ხაშურის რაიონული სასამართლოების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შ. გ-ძის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე გორის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გორის რაიონული სასამართლოს დასკვნას დავის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 «ა» მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად შეამოწმოს განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობთ გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ. შესაბამისად, შ. გ-ძემ აღძრა რა სარჩელი მითითებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, მოპასუხედ მიუთითა მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო, რომლის იურიდიული მისამართია ქ. გორი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ხაშურის რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში აღიძრა სსსკ-ის 15.1 მუხლის მოთხოვნის დაცვით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია დავის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გორის რაიონული სასამართლოს მითითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ადმისტრაციული გადაცდომის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ადგილს, რაც ვერ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რადგან საერთო სასამართლოების მიერ სამართალწარმოების განხორციელების წესები განისაზღვრება მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახეებს, ადგენს მათი ჩადენის თავიდან აცილებისა თუ კონკრეტული სამართალდარღვევის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების უზრუნველყოფის მიზნით მმართველობითი საქმიანობის განხორციელების წესს. შესაბამისად, ამ კოდექსში კოდიფიცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მომწესრიგებელი ნორმები და იგი ადგენს ამ საქმიანობის განხორციელებისას საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმებს. ხოლო სამართალწარმოების მომწესრიგებელი ნორმები გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობაში. შესაბამისად, თუკი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების მომწესრიგებელი ნორმები სხვა საკანონმდებლო აქტებში აისახება, მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზით შეიძლება აიხსნას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დავის ტერიტორიული განსჯადობა მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს იურიდიული პირის მიმართ წარდგენილი სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის ნეგატიური დათქმის პრინციპის შესაბამისად, ასევე გამოიყენება ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის მიმართაც.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტითაც, რაც სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილს ხდის ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია ნორმის ამგვარი განმარტება, რადგან ტერიტორიული განსჯადობა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა არა სამოქმედო ტერიტორიისა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გავრცელების ადგილით, არამედ მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. სამოქმედო ტერიტორიაში მოიაზრება ის ტერიტორიული ერთეული, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობა.
ამდენად, არასწორია გორის რაიონული სასამართლოს დასკვნა მოცემული დავის განსჯადობის შესახებ, შესაბამისად, შ. გ-ძის სარჩელი გორის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.