ბს-479-452(გ-09) 28 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ნ. მ-ძე
მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 1 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. მ-ძემ, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს ¹422 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გორის საგადასახადო ინსპექციამ არასწორად დაარიცხა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი 334.04 ლარისა და საურავი 191.32 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, მხარის მიწვევისა და დასწრების გარეშე, განიხილა საჩივარი და წარდგენილი მტკიცებულებების იგნორირებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ყოფილიყო ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 5 აგვისტოს ¹422 საგადასახადო მოთხოვნა, ... საკრებულოში მდებარე 4.64 ჰა მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის მის სახელზე 524.40 ლარის გადასახადის დარიცხვის ნაწილში.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით, ნ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა 2008 წლის 26 თებერვლის ¹199 ბრძანება) განისაზღვრა გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია, რომლის თანახმად, აღნიშნული ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაში შევიდა ყაზბეგის, დუშეთის, თაინეთის, ხაშურის მუნიციპალიტეტებიც. გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია ანალოგიურად იყო განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 და 2008 წლის 8 მაისის ¹419 ბრძანებებითაც.
გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული მისამართი ქალაქი გორია, მაგრამ თვით საგადასახადო სამართალურთიერთობა წარმოშობილია არა გორის, არამედ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტითაც.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადია, რის გამოც ნ. მ-ძის სარჩელი განსახილველად გადაეცა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 5 აგვისტოს ¹422 საგადასახადო შეტყობინებას და არა უძრავ ნივთზე რაიმე უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ხაშურის რაიონული სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო დავის საგანს _ გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 5 აგვისტოს ¹422 საგადასახადო მოთხოვნის ბათილობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ხაშურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი განსაკუთრებულ განსჯადობას ადგენს და მოითუთებს, რომ ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ დავაზე აღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 5 აგვისტოს ¹422 საგადასახადო შეტყობინების ბათილობა და არა უძრავ ნივთზე რაიმე უფლება, რაც მოცემულ დავასთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ნ. მ-ძის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.