ბს-52-51(გ-09) 20 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებს შორის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.10.06წ. ე. და გ. ბ-შვილებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს გორის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1000 (ათასი) ლარის გადახდევინების დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 25.08.06წ. სოფელ ... ტერიტორიაზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძის დაზიანების მიზეზით ჩაწყვეტილმა სადენმა მოკლა მათ საკუთრებაში არსებული ძროხა, რომელიც იყო ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. აღნიშნულ ფაქტზე შინდისის თემის საკრებულოს მიერ შედგენილ იქნა აქტი. 01.09.06წ. მოსარჩელეებმა მიმართეს გორის რაიონის გამგეობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ამ უკანასკნელმა 06.09.06წ. ¹1-61 წერილში მიუთითა, რომ მოსარჩელეებს უნდა მიემართათ სადისტრიბუციო კომპანიისათვის და გაერკვიათ, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა ელექტროგადამცემი ბოძები. სს “...” შიდა ქართლის ფილიალის გორის რაიონის მომსახურების ცენტრმა მიუთითა, რომ განცხადებაში მოყვანილი გაუმართავი საყრდენი და სადენი, აგრეთვე სატრანსფორმატორო ქვესადგური იმყოფებოდა არა გორის რაიონის მომსახურების ცენტრის საკუთრებაში, არამედ გორის რაიონის გამგეობის ბალანსზე და შესაბამისად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას არ ეკისრება.
გორის რაინული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მოპასუხედ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა განისაზღვრა. გორის რაიონული სასამართლოს 11.04.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 1000 (ათასი) ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, Aრომელმაც სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ,” რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალა. აპელანტმა აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არის შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის და არა რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას, რაც გამოხატულებას პოულობდა როგორც მათ სამართლებრივ სტატუსში, ასევე მათი ბიუჯეტების დამოუკიდებლობასა და განსხვავებულ ფუნქციებში, სწორედ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის გამიჯვნა არ მომხდარა გორის რაიონული სასამართლოს მიერ. გორის რაიონულ სასამართლოს აგრეთვე არ უმსჯელია, რომ სადენების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა იყო არა გორის გამგეობის მოვალეობა, არამედ შესაბამისი ენერგოკომპანისა, რომელიც პასუხისმგებელია მოსახლეობისათვის უსაფრთხო ელექტროენერგიის მიწოდებაზე. აპელანტმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.08წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კიდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება ის საქმეები, რომლებიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება. დავაში ადმინისტრაციული ორგანოების მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის საგანს და საფუძველს. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხს აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.09წ. განჩინებით საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1-ლი მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობები პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, განსახილველი დავა, როგორც სამართალსუბიექტის, ისე სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით მიეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას. სასამართლომ მიუთითა, რომ ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამიტომაც აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ზიანის სახის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება ზაკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე ხდება და ეს გარემოება არ ცვლის დავის არსსა და შინაარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ გორის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტარციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ არ ყოფილა ცნობილი არასათანადო მოპასუხედ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, სარჩელის თანახმად, სოფელ ... ტერიტორიაზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძის დაზიანების მიზეზით ჩაწყვეტილმა სადენმა მოკლა მოსარჩელეების კუთვნილი ძროხა, მოსარჩელეები ითხოვენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის მიყენებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ზაკ-ის 207-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება ადმინისტრაციულ ორგანოზე, თავად დავა კი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ის გარემოება, რომ აპელანტი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა თავს არასათანადო მოპასუხედ მიიჩნევს, არ ქმნის საქმის სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემის საფუძველს. თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით(სსკ-ის 85-ე მუხლი). სათანადო მოპასუხედ კერძო სამართლის სუბიექტის ცნობა გამოიწვევს განსჯადობის და შესაბამისად საქმის განხილვის სამართალწარმოების წესის შეცვლას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წინამდებარე საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ე. Dდა გ. ბ-შვილების მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.