¹ბს-537-508 (გ-09) 14 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ ზ. ფ-ძე, გ. ფ-ძე
მოპასუხე: _ ქ. თბილისის მერია, მ. ჯ-ში
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელეებმა _ ზ. და გ. ფ-ძეებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და მ. ჯ-შის მიმართ, რომლითაც თანხის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ჯ-შის სახელზე, 1/5-ი წილი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.12.1996 წლის ¹2/782 გადაწყვეტილების, ხოლო 4/5-ი წილი _ კალინინის რაიონის სასამართლოს 22.06.1987 წლის ¹2/407 გადაწყვეტილების საფუძველზე. 1985 წლის 1 ივნისს კალინინის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის დადგენილების თანახმად, ფ-ძეების ოჯახს გადაეცა მოქალაქე ლ-აიას მიერ გამონთავისუფლებული ბინა. ამავე კომისიის ¹27 ოქმის თანახმად, მოქალაქე ფ-ძეს დამატებით გამოეყო 12 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი. მას მთლიანობაში მფლობელობაში გადაეცა 57,84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, განთავსებული 88,02 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საქართველოს სსრ თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის 30.03.87 წლის ¹ფ/3 ადმინისტრაციული აქტით, ზ. ფ-ძეს გადაეცა ნ. ფ-ძის სახელზე რიცხული 27 კვ.მ. ფართი და იგი ჩაითვალა ძირითად დამქირავებლად. აღნიშნულ ბინაში რეგისტრირებული არიან მოსარჩელეები: ზ. ფ-ძე _ 1966 წლის 22 დეკემბრიდან, ხოლო გ. ფ-ძე _ 1986 წლის 30 დეკემბრიდან.
მოსარჩელეები ითხოვენ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსაგან კომპენსაციის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო სახელმწიფოს მიმართ და შეეხებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განეხორციელებინა სხვა რაიმე ქმედება _ გაეცა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონით განსაზღვრული კომპენსაცია. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობების იმავე კანონით მოწესრიგება, რითაც წესრიგდება სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, ვერ გახდიდა აღნიშნულ დავას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, საცხოვრებელ სადგომში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესახლებულ პირებსა და მესაკუთრეთა შორის ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია (ინკორპორირებულია) იმავე საკანონმდებლო აქტში, რომლითაც წესრიგდება კერძო სამართლის სუბიექტთა მსგავსი ურთიერთობა და არა ცალკე საკანონმდებლო აქტით, რაც უცილობლად განაპირობებდა ამ სახის დავების ადმინისტრაციულ ხასიათს, ვერ გახდიდა დავას სამოქალაქო სამართლებრივ დავად. ამდენად, ზ. და გ. ფ-ძეების სარჩელი ქ. თბილისის მერიისა და მ. ჯ-შის მიმართ, კომპენსაციის გადახდის შესახებ, განსახილველად უნდა გადაეგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 მარტის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა განსჯადობის წესების დაუცველად, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა განსჯადობის გამო სასამართლოებს შორის დავის დაწყების საფუძველს. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის წინაპირობა, კერძოდ, დავის ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან მომდინარეობა, რასაც სადავო შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი. მოსარჩელეები მოითხოვდნენ ისეთი უფლების რეალიზებას, რომელიც გათვალისწინებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს შეეძლო ცალკე საკანონმდებლო აქტით მოეწესრიგებინა მოსარგებლესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ურთიერთობა, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საკითხი მოწესრიგებული იყო კერძო სამართლის აქტით, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფომ, როგორც ვალდებულმა პირმა, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების შინაარსის განსაზღვრით გამოხატა ნება, სახელმწიფოსა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულიყო არა კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ადმინისტრირების გზით და ისიც მხოლოდ დავის შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით, არამედ პირდაპირ _ სასამართლოს მეშვეობით. ამავე მუხლების ანალიზისა და მათი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლთან ურთიერთშეჯერებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გაცემა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული შინაარსის მოქმედებას, ვინაიდან საკითხის გადაწყვეტა იყო არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, არამედ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას და მოქმედი კანონის პირობებში (ანუ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე) სახელმწიფო მოსარგებლესთან ურთიერთობაში საკუთარ თავს მოიაზრებდა როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, რომლის წინააღმდეგ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზას წარმოადგენდა სასამართლოში დავის აღძვრა, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, საჯარო სამართლის აქტის გამოცემის გზით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა, სადავო ურთიერთობებთან მიმართებაში, საკუთარ თავს, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტს (კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს სახით) მიანიჭებდა საკითხის ადმინისტრირების უფლებას, რაც მას არ გაუკეთებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა სასამართლოთა შორის დავა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლებიდან. თავად კანონი წარმოადგენს კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტს. იმ დროს მოქმედი საბინაო სამართლის თანახმად, სადგომის მესაკუთრე კერძო პირსა და დამქირავებელს შორის, მიუხედავად ამ უკანასკნელის სადგომში ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესახლებისა, მყარდებოდა ქირავნობიდან მომდინარე ურთიერთობა. თავისთავად, საბინაო სამართალი ატარებდა კერძოსამართლებრივ ხასიათს, სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირება ხდებოდა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვისა და კერძო პირის თანხმობით მის საკუთრებაში არსებულ გამონთავისუფლებულ ბინაში მათი შესახლებისას. ამდენად, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ითვალისწინებენ მხარეთა შორის წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას. ამ პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის აუცილებლობა, კომპენსაციის გადახდის გზით, განაპირობა მხოლოდ ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი კანონმდებლობის თავისებურებამ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი მოიცავს დავათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა განხილვა ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაა. სასამართლო კომპეტენციის გამიჯვნისას, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული დავის გადაწყვეტისას. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახლველი საქმე აღიძვრება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების (განუხორციელებლობის) მართებულობის დასადგენად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გასცეს კომპენსაცია, ვერ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან თავად მოქმედება (კომპენსაციის გაცემა) ემყარება კერძო სამართლის ნორმებს და არ წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციაა მხოლოდ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. და გ. ფ-ძეების სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. და გ. ფ-ძეების სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.