Facebook Twitter

ბს-538-509(გ-09) 28 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა გორის რაიონულ და მცხეთის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა მ. ა-ევის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 16 თებერვალს მარიფ ალიევმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/599 წერილის, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2392 ბრძანების, გორის საგადასახადო რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 საბაჟო შეტყობინებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹006766 და ¹006767 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით მ. ა-ევის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ,,სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის იურიდიული ადგილსამყოფელის მიხედვით.»

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა 2008 წლის 26 თებერვლის ¹199 ბრძანება) განისაზღვრა გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია, რომლის შესაბამისადაც ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაში შევიდა ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის მუნიციპალიტეტებიც.

გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია ანალოგიურად იყო განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550-ე და 2008 წლის 8 მაისის ¹419-ე ბრძანებებითაც.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მართალია, გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული მისამართი ქალაქი გორია, მაგრამ დარღვევის ფაქტი განხორციელებულია არა გორის, არმედ ყაზბეგის ტერიტორიაზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაშიც ასევე შედის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავა წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯად დავას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც განისაზღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტით, საქმე კი არ განეკუთვნებოდა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინებით, მ. ა-ევის სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/599 წერილის, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2392 ბრძანების, გორის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 საბაჟო შეტყობინებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹006766 და ¹006767 საბაჟო სამართალდარვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მ. ა-ევს სარჩელი აღძრული აქვს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვ. გორგასალის ქ. ¹16.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული აქვს გორის რეგიონალური ცენტრის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 საბაჟო შეტყობინებები, საქართველოს ფინანათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹006766 და ¹006767 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები წარმოადგენს შუალედურ აქტებს და იგი თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და ამდენად ვერ იქნება მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, არაედ სწორად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.

საბაჟო კოდექსის 217-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წერილობითი გადაწყვეტილების მიუღებლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას და საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილების წარდგენის უზრუნველყოფის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სადაო საკითხი გაასაჩივროს საქართველოს საგადსახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი 235-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბმისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება სამართალდარღვევის ოქმი; ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ან გადაწყვიტოს სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას (გარდა ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლიც ფორმდება საბაჯო შეტყობინებით.

საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ერთად. ამასთანავე, ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ოქმი არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იგი შერულებულია ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო დავის დაწყების საფუძველია “საბაჟო შეტყობინება” და არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას, მოცემულ შეთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 საბაჟო შეტყობინებები გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის მიერ, რომლის მისამართია ქ. გორი სამეფოს ქ¹50.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ევის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, ხოლო დავის საგანს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 შეტყობინებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/599 წერილისა და შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2392 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე შემთხვევაში დავა არის არა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, არამედ დავას იწვევს ის საკითხი, ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, გორის რაიონული სასამართლო წარმოადგენს თუ არა უფლებამოსილ სასამართლოს, განიხილოს მოცემული სარჩელი.

საკასაციო სასამართლოს განმტებით, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება დავის დაწყების საფუძველია ,,საბაჟო შეტყობინება» და არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარებას, მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – 2008 წლის 11 ივნისის ¹45 და ¹46 საბაჟო შეტყობინებები გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის მიერ, რომლის მისამართია: ქ. გორი, სამეფოს ქ. ¹50.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადებში. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანო.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხედ მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, გორის რაიონულ სასამართლოს, საქმის განსჯადობით გადაგზავნამდე, სარჩელის დაზუსტების შედეგად უნდა განესაზღვრა ვისკენ იყო მიმართული სასარჩელო მოთხოვნა და სსსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად, დაედგინა განსჯადი სასამართლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ევის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.