¹ბს-622-590 (გ-09) 15 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
სასამართლომ გამოარკვია:
გ. ნ-ძემ 2008 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. სიღნაღში ... ქ.¹2-ში მდებარე ყოფილი სამრეცხაოს შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე არსებული უკანონო რეგისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 ნოემბრის ¹01/11-6845/3960/ნ წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით გ. ნ-ძის სარჩელი მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 ნოემბრის ¹01/11-6845/3960/ნ გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებისა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. სიღნაღში; ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ძის სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, მოცემულ შემთხვევაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-16 მუხლები.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით ერთი დონის სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გ. ნ-ძის სარჩელი (საქმე ¹3/8-09წ) გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სიღნაღის რაიონულ სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ძის სარჩელი წარდგენილ იქნა განსჯად სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული ადმინისტრაციული საქმე იმის მიუხედავად, იქნებოდა თუ არა შემდგომ თანამოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს განსაკუთრებული განსჯადობის წესებს რამდენიმე მოპასუხის არსებობის, ან უძრავ ნივთებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, მაგრამ იგივე ნორმა ადგენს ასეთის შესაძლებლობას და არა ასეთის აუცილებლობას; ამიტომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ნ-ძის მიერ სარჩელის წარდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, დისპოზიციურობის შესაბამისად მის მიერ განსაზღვრული მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 (საერთო განსჯადობა), მე-16 (განსაკუთრებული განსჯადობა) და მე-18 (ნივთობრივი განსჯადობა) მუხლებთან. სასამართლომ მოსაზრებით, მოსარჩელე ხსენებული ნორმების შესაბამისად არჩევანს აკეთებს სარჩელის წარდგენისას და მას ასეთივე ექსკლუზიური უფლება აღარ აქვს შენარჩუნებული უფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის სწორად წარდგენის შემდგომ, მით უფრო, როცა სასამართლომ განსჯადობისამებრ იგი უკვე მიიღო წარმოებაში და შეუდგა საქმის განხილვას.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. სასამართლოს მოსაზრებით, საპროცესო სამართლის მოცემული ნორმის დანაწესი მოქმედებს, თუნდაც წარმოებაში მიღებული საქმე შემდგომში აგრეთვე სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ გ. ნ-ძის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე გ. ნ-ძემ 2008 წლის დეკემბერში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. სიღნაღში, ... ქ. ¹2-ა-ში მდებარე ყოფილი სამრეცხაოს შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე არსებულ უკანონო რეგისტრაციის (განაცხადის რეგისტრაციის ¹2235/08. 11.09.2008წ.) ბათილად ცნობა; ასევე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 ნოემბრის ¹01/11-6845/3960/ნ წერილის ბათილად ცნობა. მას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ რეგისტრირებული მონაცემებზე ადმინისტრაციული საჩივარი უნდა წარდგენილ იქნას სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე გ. ნ-ძეს განესაზღვრა სარჩელში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა იმის გამო, რომ სარჩელის მეორე მოთხოვნასთან მიმართებაში უნდა დაეზუსტებინა მოპასუხე. მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურიც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ეს ნორმა ადგენს ტერიტორიულ განსჯადობის წესს. იმავე კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად კი სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთვისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გ. ნათიძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური, რის გამოც მოსარჩელე გ. ნ-ძე თანახმაა საქმე განსჯადობით გაიგზავნოს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (სფ. 92).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე; ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასმართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სიღნაღის რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ნ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ძის სარჩელი მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. სიღნაღში ... ქ.¹2-ში მდებარე ყოფილი სამრეცხაოს შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე არსებული უკანონო რეგისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 21 ნოემბრის ¹01/11-6845/3960/ნ წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.