Facebook Twitter
ბს-721-686(გ-09) 16 ნოემბერი, 2009წ

ბს-721-686(გ-09) 16 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე,

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს ,,...», დირექტორი დ. ს-ძე

მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...» დირექტორმა დ. ს-ძემ 2008 წლის 19 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წლის 12 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშერულების საფუძველზე შპს ,,...» რ. და ა. რ-უნებისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ¹47/40-ში (... ქ¹40, ... ¹2), ამავე დღეს მხარეებს შორის შედგა უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. მითითებულ ფართში, ცხოვრობდნენ მოსარგებლეები ე.წ. «ასტუპნიკები». ერთ-ერთი მოსარგებლის ლ. ს-შვილის ბებია – თ. გ. ასული ს-შვილი საცხოვრებელ სახლში შესახლებულ იქნა ადმინისტრაციული აქტების – საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებისა და მის შესაბამისად გაცემული საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს 1950 წლის 28 მარტის ¹87 ორდერის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მესაკუთრეს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,...», როგორც რ. და ა. რ-უნების უფლებამონაცვლემ და ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ, მითითებული კანონით განსაზღვრული მოსარგებლის - აწ. გარდაცვლილი თ. ს-შვილის უფლებამონაცვლეს ლ. ს-შვილს აუნაზღაურა ფულადი კომპენსაცია 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან მის მიერ სარგებლობის უფლებით დაკავებული საცხოვრებელი ფართი შპს აუდიტორულმა ფირმა ,,...» 2007 წლის 5 დეკემბრის დასკვნით შეაფასა მითითებული თანხით. შპს ,,...» და ლ. ს-შვილს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს შედგა შეთანხმება კომპენსაციიის მიღების შესახებ, ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა თანხის გადაცემისა და ქონების გამოთავისუფლების აქტი.

მოსარჩელემ 2008 წლის 3 დეკემბერს კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რაზეც ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 მარტის განჩინებით, შპს ,,...»-ს სარჩელი საქარველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ფულადი კომპენსაციის გადახდის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ სარჩელში მოთხოვნა მიმართულია კანონით პირდაპირ განსაზღვრული მოპასუხის – სახელმწიფოს მიმართ და დავა შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს სხვა რაიმე ვალდებულება – გასცეს კანონით განსაზღვრული კომპენსაცია. Aამ შემთხვევაში, თავად სამართლებრივი ხასიათი, რაც წარმოშობილია მოსარგებლესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის სპეციალური კანონითაა განსაზღვრული, ხოლო ის საკითხი, რომ ამავე კანონითაა მოწესრიგებული ისეთი კერძო სამართლის სხვა სუბიექტების (მესაკუთრე ფიზიკური პირების) ურთიერთობები, ვერ გახდის ამ კონკრეტულ დავას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად. სახელმწიფოს შეეძლო ადმინისტრაციული აქტით შესახლებული პირების ურთიერთობები ცალკე საკანონმდებლო აქტით მოეწესრიგებინა და მაშინ ეს ურთიერთობები უცილობლად ადმინისტრაციული დავის საგანი იქნებოდა. ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული აქტით შესახლებული პირებისა და მესაკუთრეთა ურთიერთობები მოწესრიგებულია იმ საკანონმდებლო აქტით, რომლითაც ამავდროულდ წესრიგდება კერძო სამართლის სუბიექტთა მსგავსი ხასიათის ურთიერთობა, ვერ გახდის ადმინისტრაციული აქტით შესახლებული პირების დავას სამოქალაქო სამართლებრივ დავად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით შპს ,,...» სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მესაკუთრის – კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს ,,...» მიერ მოსარგებლისთვის – ლ. ს-შვილისთვის ანაზღაურებული კომპენსაციის თანხის დაკისრება სახელმწიფოსთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, თანახმად «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა. ნათელია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან და არ დასტურდება მხარეებს შორის ურთიერთდაქვემდებარებაზე დამყარებული ურთიერთობის არსებობა.

სასამართლოს აზრით, ტერმინში «განახორციელოს სხვა რაიმე ქმედება» იგულისხმება ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ის ქმედება, რომელიც მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება. ამდენად, ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძო-სამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - გასცეს კომპენსაცია არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ვალდებულება წარმოშობილია «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობებს და განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროს, შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დავის სამართლებრივ ხასიათს, ასევე, ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ მოსარგებლეები სადავო ფართში შესახლებული იყვნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვინაიდან სადავოდ არ არის გამხდარი შესახლების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა სასამართლოთა შორის დავა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლებიდან. თავად კანონი წარმოადგენს კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტს. იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად, სადგომის მესაკუთრე კერძო პირსა და დამქირავებელს შორის, მიუხედავად ამ უკანასკნელის სადგომში ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შესახლებისა, მყარდებოდა ქირავნობიდან მომდინარე ურთიერთობა. თავისთავად, საბინაო სამართალი ატარებდა კერძო-სამართლებრივ ხასიათს, სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირება ხდებოდა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვისა და კერძო პირის თანხმობით მის საკუთრებაში არსებულ გამონთავისუფლებულ ბინაში შესახლებისას. ამდენად, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ითვალისწინებენ მხარეთა შორის წარმოშობილი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას. ამ პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის აუცილებლობა, კომპენსაციის გადახდის გზით, განაპირობა მხოლოდ ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი კანონმდებლობის თავისებურებამ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი მოიცავს დავათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა განხილვა ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაა. სასამართლო კომპეტენციის გამიჯვნისას, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული დავის გადაწყვეტისას. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახლველი საქმე აღიძვრება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების (განუხორციელებლობის) მართებულობის დასადგენად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გასცეს კომპენსაცია, ვერ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან თავად მოქმედება (კომპენსაციის გაცემა) ემყარება კერძო სამართლის ნორმებს და არ წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია მხოლოდ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების აღსრულებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.