Facebook Twitter
¹ბს-804-768(გ-09)

¹ბს-804-768(გ-09) 2 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 21 აგვისტოს, ბათუმის მერიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის შპს «...» მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ბათუმის მერიასა და შპს «...» შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს «...» პირგასამტეხლოს სახით 20 000 ლარის დაკისრებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის მთავრობის, 2006 წლის 24 თებერვლის ¹51 დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი ქალაქ ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებით განკარგვაზე.

ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 25 აპრილის ¹111 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 18 აპრილის ¹09 შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც, ქ. ბათუმში, ... და ... კვეთაში არსებული 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «...».

კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2006 წლის 31 მაის ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...» შორის დაიდო ¹1-5888 სანოტარო ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე;

ხელშეკრულებით შპს «...» აიღო ვალდებულება საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მაღლივი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსი, თავისი ინფრასტრუქტურით, ქ. ბათუმის ქალაქ გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

შპს «...» კომპლექსის მშენებლობა უნდა დაეწყო ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 თვისა და უნდა დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავდა დათქმას პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, ხელშეკრულების 7.1 მუხლით: «წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი გამოუყენებლობისას, როდესაც იცვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს 20 000 ლარის გადახდა».

საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს «...» სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა დათქმულ დროში არც დაიწყო და არც დაასრულა, რის გამოც ქ. ბათუმის მერიისაგან მიეცა გაფრთხილება უზრუნველეყო სახელშეკრულებო და საკონკურსო პირობების დროულად შესრულება.

ქ. ბათუმის მერიის მიერ შპს «...» მიმართ, ანალოგიური გაფრთხილება მიცემული იქნა 2007 წლის 13 მარტის ¹2-25-544 წერილით, რომლითაც საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად, დამატებით მიეცა ორი კვირის ვადა.

მიუხედავად აღნიშნულისა შპს «...» ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 16 თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც არ დაიწყო მშენებლობა და ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ავტომატურად არ წარმოადგენდა პირგასამტეხლოს ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას; მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ დადგინდებოდა მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, მოპასუხეს მიწა არც მიზნობრივად და, არც არა მიზნობრივად არ გამოუყენებია, რაც გამორიცხავდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიიმ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციული საქმეთა პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს «...» ბათუმის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 20000 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას. მოცემულ ნაწილში სარჩელის საფუძველი ამ შემთხვევაში განაპირობებს დავის განსჯადობასაც.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე შესამოწმებელია სასარჩელო მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის კომპეტენციაა. ასეთ დასკვნას განაპირობებს სასამართლო წესით (დავის წარმოების გზით) დასაცავი უფლების მატერიალური შინაარსი. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა და უფლებები, რომლის დასაცავადაც აღიძრა სარჩელი. პალატა მიიჩნევს, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, შესაბამისად, არ არსებობს დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენების საჭიროება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები) არამედ დავის საგანი.

მითითებული ნორმა ადმინისტრაციული წესით განსჯადად მიიჩნევს დავებს დაკავშირებულს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა ან შეწყვეტასთან. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო ხელშეკრულება, რომლისგანაც გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების ფარგლებში.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაშილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით, ქ. ბათუმის მერიის სასარჩელო განცხადება შპს «...» მიმართ, შპს «...» პირგასამტეხლოს სახით 20000 ლარის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “...» 20000 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. ბათუმის მთავრობის, 2006 წლის 24 თებერვლის ¹51 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის შედგების საფუძველზე, 2006 წლის 31 მაისს, ქ. ბათუმის მთავრობისა და შპს “...» შორის დადებული ¹1-5888 ნოტარიული ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე ამ ხელშკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებითვე განსაზღვრული კონკრეტული ოდენობის ზიანის ანაზღაურება პირგასამტეხლოს სახით.

გამომდინარე იქიდან, რომ ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...» შორის, 2006 წლის 31 მაისის ¹1-5888 ნოტარიული ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე, არ არის დაკავშირებული სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრული კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობასთან და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას, ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმეები, რომლბიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობიდან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შერულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა არ არსებობის დადგენა.

სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან და სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ანაზღაურებაა, განსახილველი დავა სრულად შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც განაპირობებს დავის არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ბუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილვლელად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...» შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო შპს «...» პირგასამტეხლოს დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.

როგორც აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი. მართალია, მითითებული ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ ხელშეკრულებაში მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ იძლევა გარიგების ადმინისტრაციული ხელშეკრულებისადმი მიკუთვნების საფუძველს, სავალდებულოა, ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულებაში მონაწილეობდეს როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებელი პირი.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება და დავის საგანს წარმოადგენს არა მისი დადების კანონიერება, არამედ უკვე დასრულებული ხელშეკრულების პირობების შესრულება. წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა იმის საფუძველს, რომ განსახილველი ხელშეკრულება მიეკუთვნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილვლელად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილვლელად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.