¹ბს-806-770(გ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ ი. და ნ. ა-შვილები
მოპასუხე _ მ. ა-შვილი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 22 იანვარს ი. და ნ. ა-შვილებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე მ. ა-შვილის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღიშნული იყო, რომ შ. ა-შვილი და ვ. ა-შვილი განქორწინდნენ 1983 წლის 24 მარტს. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ ჰყავდათ. შ. ა-შვილი გარდაიცვალა 1997 წლის 9 ივლისს და მისი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობის წესით გადავიდა კანონისმიერ მემკვიდრეებზე. მოგვიანებით, მ. ა-შვილმა სამკვიდრო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში და მიუთითა, რომ იგი იყო შალვა ა-შვილის შვილი. ამასთან, მოითხოვა შ. ა-შვილის მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა. სასამართლოში მის მიერ წარდგენილ იქნა 1994 წლის 7 სექტემბერს გაცემული დაბადების მოწმობის ასლი და ბათუმის მოქალაქეთა აქტების ჩამწერი ბიუროს განყოფილების მიერ გაცემული ¹15 სააქტო ჩანაწერი. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ სასამართლოში, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.
მოსარჩელეთა განმარტებით, მ. ა-შვილის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ყალბი იყო, ვინაიდან შ. ა-შვილს შვილი არ ჰყავდა და არც ქორწინების განმავლობაში უშვილებია ვინმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მ. ა-შვილზე 1994 წლის 7 სექტემბერს გაცემული ¹261725 დაბადების მოწმობისა და ¹15 სააქტო ჩანაწერის ყალბად აღიარება მოითხოვეს.
2009 წლის 30 იანვარს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს Bთბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც დამატებით ბათუმის მმაჩის განყოფილების მიერ 1994 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული ¹15 დაბადების აქტის ჩანაწერისა და შვილად აყვანის ¹20 აქტის ჩანაწერის ყალბად აღიარება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მათ გადაეცათ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹330 გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სააქტო ჩანაწერი უნდა განხორციელებულიყო ვ. შ. ასულ ა-შვილზე და არა მ. შ. ასულ ა-შვილზე. ამასთან, შვილად აყვანის გადაწყვეტილებაზე დაბადების მოწმობა მხოლოდ 1 წლის შემდეგ გაიცა, თანაც კანონდარღვევით, კერძოდ, სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული იყო არა ვ. შ. ასულ ა-შვილზე, არამედ მ. შ. ასულ ა-შვილზე. ამდენად, მოსარჩელეთა განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურმა დაბადებისა და შვილად აყვანის მოწმობა სულ სხვა პიროვნებაზე გასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით ი. და ნ. ა-შვილების სარჩელი მოპასუხე მ. ა-შვილის მიმართ, დოკუმენტების სიყალბის აღიარების შესახებ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ მმაჩის ორგანოსა და ამ ორგანოს თანამდებობის პირთა მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მათ უნდა ეწარმოებინათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო კანონმდებლობის შესაბამისად და ითხოვდნენ ამ კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დოკუმენტების სიყალბის აღიარებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოწბი (ყოფილი მმაჩის ორგანოები) წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ახორციელებდნენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამდენად, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ სწორედ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას, რაც არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო კანონმდებლობის განხორციელების საგანს, ვინაიდან სადავოდ ქცეული დოკუმენტების სიყალბის აღიარების დადგენისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო საჯარო და არა სამოქალაქო კანონმდებლობა.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ, ვინაიდან აღნიშნული დავის განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საჯარო კანონმდელობა, სარჩელი როგორც საგნობრივად (შინაარსი), ისე ნორმატიული (საპროცესო) თვალსაზრისითაც ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავდა სამოქალაქო საქმეების უწყებრივად დაქვემდებარებას სასამართლოსადმი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავდა საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, მითითებულ დავაში მოპასუხე მხარეს წამოადგენდა ფიზიკური პირი _ მ. ა-შვილი, ხოლო დავის საგანი იყო დოკუმენტის სიყალბის დადგენა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ბათუმის მმაჩის განყოფილების მიერ 1994 წლის 7 სექტემბრის შვილად აყვანის ¹20 აქტის ჩანაწერი და ¹15 დაბადების აქტის ჩანაწერი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ აქტებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არ იყო საკმარისი და გადამწყვეტი წინა პირობა კონკრეტული დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის. საამისოდ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის საგნის არსსა და ფაქტობრივ შინაარს, ანუ იმ გარემოებას, თუ მოქმედი კანომდებლობის რომელი დარგიდან გამომდინარეობდა სასარჩელო მოთხოვნები და შესაბამისად, სამართალურთიერთობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით საქმე ი. და ნ. ა-შვილების სარჩელის გამო, მოპასუხე მ. ა-შვილის მიმართ, დოკუმენტების სიყალბის აღიარების შესახებ, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი _ მ. ა-შვილი, ხოლო დავის საგანი არის დოკუმენტების _ ბათუმის მმაჩის განყოფილების მიერ 1994 წლის 7 სექტემბერს შვილად აყვანის ¹20 აქტის ჩანაწერისა და ¹15 დაბადების აქტის ჩანაწერის სიყალბის დადგენა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ ის ფაქტი, რომ შვილად აყვანის ¹20 აქტის ჩანაწერი და ¹15 დაბადების აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ აქტებს, არ არის საკმარისი და გადამწყვეტი წინა პირობა კონკრეტული დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის, ვინაიდან საამისოდ არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის საგნის არსსა და ფაქტობრივ შინაარს, ანუ იმ გარემოებას, თუ მოქმედი კანონმდებლობის რომელი დარგიდან გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნები და შესაბამისად, სამართალურთიერთობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ი. და ნ. ა-შვილების სარჩელის გამო, მოპასუხე მ. ა-შვილის მიმართ, დოკუმენტების სიყალბის აღიარების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.