¹ბს-856-818(გ-09) 30 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე საქმეზე ხ. მ-ძის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შს სამინისტროს მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. მ-ძემ 2009 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შს სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 14 ოქტომბრის სამსახურეობრივი შემოწმების დასკვნის, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 1 ნოემბრის ¹654პ/შ ბრძანების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 13 იანვრის ¹31 ბრძანების მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით ხ. მ-ძის სარჩელი საქართველოს შს სამინისტროს, ამავე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიმართ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 14 ოქტომბრის სამსახურეობრივი შემოწმების დასკვნის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2008 წლის 1 ნოემბრის ბრძანების, ხ. მ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების და შს ორგანოებიდან დათხოვნის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 13 იანვრის ¹31 ბრძანების მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო განჩინებაში წარმოდგენილ მოტივაციას ამყარებდა შემდეგ მოსაზრებებზე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს უგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
Aმავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული იდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. Iნდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში ასეთ აქტებს წარმოადგენს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზემოთ აღნიშნული ბრძანებები, შესაბამისად, ორივე მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რის გამოც ხ. მ-ძის სარჩელზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითა, რომ რამოდენიმე მოპასუხის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს, რა მოტივითაც 2009 წლის 29 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ხ. მ-ძე სარჩელის საფუძველზე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 14 ოქტომბრის სამსახურეობრივი შემოწმების დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 01 ნოემბრის ¹654პ/შ ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 13 იანვრის ¹31 ბრძანება მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აღდგენილ იქნას სამსახურში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
სარჩელზე მოპასუხეებად მოსარჩელის მიერ დასახელებულ არიან: საქართველოს შს სამინისტრო, ამავე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო.
საკასაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობის მართებულობას ადმინისტრაციული სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის გამოყენების სავალდებულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოთხოვნის შინაარსს და განმარტავს შემდეგს: ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სამსახურეობრივი შემოწმების დასკვნას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე დასკვნა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს შედეგი, მაგრამ არა სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ დამოუკიდებლად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 14 ოქტომბრის სამსახურეობრივი შემოწმების დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 01 ნოემბრის ¹654პ/შ ბრძანებისაგან დამოუკიდებლად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, რის გამოც მისი ცალკე გასაჩივრება არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ დასკვნის საფუძველზე გამოცემული ბრძანება მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს სასამართლო არ ეხება დასკვნის საფუძვლიანობას. სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე და შეაფასოს დასკვნის საფუძვლიანობა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების ერთიანი ეტაპი.
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის მითითებულ ნაწილში მოპასუხეს წარმოადგენს არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო, არამედ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რისი გათვალისწინებითაც, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.