ბს-858-820(გ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ სს ,,...’’
მოპასუხე _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 სექტემბერს სს ,,...’’-ის დირექტორმა ა. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ¹924, ¹925, ¹926, ¹927, ¹928, ¹929 საინკასო დავალებების გაუქმებისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის დავალიანების სახით 117172 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,...’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 117172 ლარს გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსხლების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა; სს ,,...’’-ის სარჩელი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობით განსახილველად ადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იურიდიული პირის მიმართ კი მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ, წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რომლის იურიდიული მისამართი იყო ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. ¹5ა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,...’’-ის სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა მოპასუხე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით სს ,,...’’-ის სარჩელი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეორე ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს ,,...’’-მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღძრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ¹924, ¹925, ¹926, ¹927, ¹928, ¹929 საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნით და ასევე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ დავალიანების სახით 117172 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. შესაბამისად, განსახილველ საქმეში ერთადერთ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმე განხილულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საერთო განსჯადობის წესების დაცვით და ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან, საქმეში ერთადერთ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. ¹5ა, სარჩელი განხილულ უნდა იქნას იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე სს ,,...’’-ის სარჩელისა გამო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.