Facebook Twitter
ბს-900-866(გ-08)

ბს-900-866(გ-08) 6 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჯ-ონის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

05.08.08წ. მ. ჯ-ონმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის 05.05.08წ. ¹01/17-19 გადაწყვეტილების, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 03.06.08წ. ¹01/42-09-11873 გადაწყვეტილებისა და 23.04.94წ. რესგისტრირებული ქორწინების ჩანაწერის გაუქმების სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურისათვის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 20.09.91წ. აშშ-ში, ... შტატში, ... ოლქში, ... ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ე. ლ. ჯ-ონთან. ქორწინების შემდეგ დაიტოვა საკუთარი გვარი, ბ-ძე. დაქორწინების შემდეგ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩიეს საქართველო. იმ დროს საქართველოში ვერ დაადასტურეს, რომ ეპისკოპოსის დასწრებით ქორწინება წარმოადგენდა სამოქალაქო წესით ქორწინების რეგისტრაციას და შეესაბამებოდა ქორწინების რეგისტრაციის ადგილზე მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც ხელმეორედ, უკვე საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 23.09.94წ. ქ. თბილისში დაქორწინდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.08წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებითაც განისაზღვრებოდა დაქორწინებისა და განქორწინების წესი, ხელმეორედ ქორწინება, ქორწინების ნამდვილობის პირობები, ქორწინების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი. სსკ- მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავდა საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.08.08წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის 05.05.08წ. ¹01/17-19 გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 03.06.08წ. ¹01/41-09-11873 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურისათვის 23.04.94წ. ¹1042 ქორწინების ჩანაწერის გაუქმების დავალებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეები იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოები და სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ მ. ჯ-ონის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების, აგრეთვე სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის წესს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემასა და სამართლებრივ სტატუსს. ამავე კანონის 116-ე მუხლით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის პირველად და აღდგენილ ჩანაწერებს აუქმებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასაუქმებელი ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი გაუქმდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის 05.05.08წ. ¹01/17-19 გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 05.06.08წ. ¹01/12-09-11873 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურისათვის 23.04.94წ. ¹1042 ქორწინების რეგისტრაციის გაუქმების დავალდებულება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით მ. ჯ-ონს უარი ეთქვა სამოქალაქო აქტის გაუქმებაზე და განემარტა, რომ სამოქალაქო აქტის გაუქმების მოთხოვნით უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ჯ-ონმა არა სამოქალაქო აქტის გაუქმების, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების უარის ბათილად ცნობისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურისათვის სამოქალაქო აქტის, ქორწინების რეგისტრაციის, გაუქმების დავალდებულების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 116-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციული აქტები. სასამართლოს განხილვის საგანია ამ აქტების კანონიერება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის საგანი, ქორწინების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმა, ემყარება საჯარო კანონმდებლობას, კერძოდ, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 116-ე მუხლის დებულებას და იგი ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა წრეს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ტრანსფორმაციის, ადმინისტრაციული აქტების ნაცვლად «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 1140.2 მუხლის საფუძველზე ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, ხსენებული ნორმის მიერ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ჩანაწერის ბათილად ცნობაზე მითითების მიუხედავად. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან სადავო საკითხი არ გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროდან, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება კერძო სამართლებრივი ინსტიტუტია, განსახილველი დავა არ ეხება საოჯახო ურთიერთობას, მეუღლეთა განქორწინებას, რომელიც სკ-ის 1127-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილება, მოცემულ შემთხვევაში დავა ფიზიკურ პირებს შორის არ არსებობს, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქორწინების დადასტურების მართლზომიერება, რეგისტრირებული ქორწინების ხელმეორედ დადასტურება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავა ეხება არა ორი ფიზიკური პირის საოჯახო ურთიერთობას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის საკითხს ქორწინების დადასტურების მომენტში (23.09.94წ.) მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის) მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ონის სასარჩელო განცხადება სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რომელსაც საქმე უნდა გადაეგზავნოს არსებითი განხილვისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-ონის სარჩელი მოპასუხე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.