Facebook Twitter
ბს-906-868(უს-09)

ბს-906-868(უს-09) 23 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

საჩივრის ავტორი _ ხ. დ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 16 მაისს ხ. დ-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნელყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა მ. ბ-ძის სახელზე რეგისტრირებულ 0,2 ჰა მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., ყადაღის დადება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მ. ბ-ძის სახელზე რეგისტრირებულ 0,2 ჰა მიწის ნაკვეთს, მდებარეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ....

2008 წლის 24 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა მ. ბ-ძემ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. ბ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის გაჩინება; ყადაღა მოეხსნა 2008 წლის 11 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ბ-ძის სახელზე რეგისტრირებულ 0,2 ჰა მიწის ნაკვეთს, მდებარეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ....

2008 წლის 6 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ხ. დ-ძემ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინების ძალაში დატოვება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 08 აგვისტოს განჩინებით ხ. დ-ძის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ხ. დ-ძის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინებაზე საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ხ. დ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინება; ხ. დ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, მ. ბ-ძის საკუთრებაში არსებულ 2000კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

2008 წლის 13 ნოემბერს მ. ბ-ძემ შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხ. დ-ძეს დავალებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად თანხა - 10 000 ლარის ოდენობით შეეტანა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ. დ-ძეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში შეტანა. ხ. დ-ძეს იმავე განჩინებით განემარტა თანხის შეუტანლობის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ ხ. დ-ძემ არ უზრუნველყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებაში მითითებული თანხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინება ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, მ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული 0,2 ჰა მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ.

2009 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ბ-ძემ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. ბ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, რითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, მ. ბ-ძის საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

აღნიშნულ განჩინებაზე 2009 წლის 14 მაისს საჩივარი შეიტანა ხ. დ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით ხ. დ-ძის საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. დ-ძის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ხ. დ-ძის საჩივარი და მხარეს საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 5 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მითითებული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2009 წლის 1 ივნისს (ს.ფ. 42).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2009 წლის 6 ივნისს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება ხ. დ-ძის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმავე საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მაისის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხ. დ-ძეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს ვადის შემდგომი გაგრძელების მოთხოვნით, ამასთან, საჩივრის ავტორი არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. დ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.