Facebook Twitter
¹ბს-909-871(უს-09) 20 ივლისი,2009 წელი

¹ბს-909-871(უს-09) 20 ივლისი,2009 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. და მ. ტ-ძეების საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელეები _ ა. და მ. ტ-ძეები, თ. და მ. ა-ძეები სარჩელით ითხოვენ მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემასა და სადავო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. ¹29-სა და ... ქ. ¹17-19-ში მდებარე ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი ელექტროსადგურის შენობის დემონტაჟს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. და მ. ტ-ძეების, თ. და მ. ა-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 17 აპრილის ¹01-22/1264 მიმართვა აჭარის ა.რ. საკუთრებაში ქ. ბათუმში ... ქ. ¹29-ში და ... ქ. ¹17-19-ში მდებარე 1560 კვ/მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილება ქ. ბათუმში ... ქ. ¹29-ში და ... ქ. ¹17-19-ში მდებარე 1560 კვ/მ მიწის ნაკვეთის აჭარის ა.რ. საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე; სარჩელი ქ. ბათუმის მერიის მიმართ შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

აღნიშნული გადაწყვეტილება 2009 წლის 25 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას ა. და მ. ტ-ძეების მიერ წარდგენილ იქნა განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. განმცხადებელები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აეკრძალოს ქ. ბათუმი, ...…ქ. ¹29,…... ქ. ¹17-სა და ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, ანდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს ამავე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებლები მიუთითებს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 17 აპრილის ¹378 ბრძანების საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოცხადებულია აუქციონი. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ მოპასუხე _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დავის პერიოდში გაასხვისებს სადავო უძრავ ქონებას, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის აღნიშნულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 აპრილის განჩინებით ა. და მ. ტ-ძეების განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ¹29-ში, ... ქ. ¹17-ში და ¹19-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება 2472 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე რიცხულ «დიდი ბანკის» სამსართულიან შენობაზე ირიცხება 1560 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სამოქალაქო დავაში ა. და მ. ტ-ძეები მოითხოვენ საზიარო უფლების გაუქმებას და მათთვის 661 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოყოფას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ ის, რომ სადავო სახლთმფლობელობაზე რიცხული 2472 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან სწორედ სადავოდ ქცეული 1560 კვ.მ. მიწის ფართი ქმნის დაბრკოლებას მათთვის 661 კვ.მ. მიწის ფართის გამოყოფაში, როდესაც სადავო არ არის 912 კვ.მ. მიწის ფართი.

2009 წლის 27 აპრილს ა. და მ. ტ-ძეებმა საჩივრით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვეს. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მათ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა საზიარო უფლების გაუქმება, არამედ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართალია, კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრების უფლება სადავო 1560 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაუქმებულია. რაკი დღეისათვის საჯარო რეესტრში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია, ამასთან, ზემოთხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ქონების გასხვისების პირობებში მხარეებს შორის არსებული დავა ყოველგვარ აზრს დაკარგავს და სადავო ქონების გასხვისებით თანამესაკუთრეებს მიადგებათ მნიშვნელოვანი ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით ა. და მ. ტ-ძეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და დადგინდა საჩივრის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რომ ა. და მ. ტ-ძეების საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-სა და ... ქ. ¹17-19-ში არსებულ საერთო საკუთრების 2472 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 1560 კვ.მ. ნაწილზე სახელმწიფოს ინდივიდუალური საკუთრების გამოყოფა არ მომხდარა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, არ არსებობდა საზიარო მიწის ნაკვეთის ნაწილის ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფისა და საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი. განმცხადებლები სასარჩელო მოთხოვნით ადასტურებენ, რომ საერთო საკუთრების მიწიდან ა. ტ-ძის წილობრივ კუთვნილებას წარმოადგენს 356 კვ.მ., ხოლო მ. ტ-ძისა _ 305 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებით მხარეებს შორის არსებული დავა აზრს დაკარგავს, რის გამოც აუცილებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორები ვერ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ იდეალური წილის განსაზღვრისას მოსარჩელეთა კუთვნილი წილობრივი მონაცემები შემცირებული იქნება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარე ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყოფის აუცილებლობას, შესაბამისად მას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 192-ე, 1971-ე, 271-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. და მ. ტ-ძეების საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 09 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.