Facebook Twitter
ბს-1105-1061(უს-09)

ბს-1105-1061(უს-09) 3 აგვისტო, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. მ-დეს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 6 მაისს გ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების _ მ. რ-ძისა და დ. მ-დის მიმართ. მოსარჩელემ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 2885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გ. ხ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ მოპასუხის მიერ მიღებული 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დასახელებულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

2009 წლის 13 მაისს გ. ხ-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 2848.6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. მ-დის და სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნით.

გ. ხ-ძემ მიუთითა, რომ 2008 წლის მარტში განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფ. ... თვითნებურად დაკავებული 2885 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. კომისიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დასახელებულ უძრავ ქონებაზე აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება და გაიცა საკუთრების მოწმობა.

კომისიის 2009 წლის 9 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა და 2008 წლის 28 მაისის ¹73 საოქმო გადაწყვეტილებით სადაო მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა დ. მ-დის საკუთრებად, შესაბამისად გაიცა ახალი საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და სარჩელი მიღებულია წარმოებაში.

განმცხადებლის განმარტებით, შესაძლებელი იყო დ. მ-დეს მის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოეხდინა ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა, შესაძლებელი იყო ქონების მესამე პირზე გასხვისებაც, რაც შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდიდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით გ. ხ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩიარი შეიტანა გ. ხ-ძემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით გ. ხ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და გ. ხ-ძი განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა 2008 წლის 25 ივნისის ¹9054 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დ. მ-დის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 2848.6 კვ.მ მიწის ფართზე.

2009 წლის 30 ივნისს სააპელაციო სასამართლოში შევიდა დ. მ-დის წარმომადგენლის რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის განცხადება, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება ან სარჩელის უზრუნველყოფის გარანტიის სახით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გ. ხ-ძისათვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 10000 ლარის შეტანის დავალდებულება.

განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდებოდა დ. მ-დის უფლება, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ არ გაუთვალისწინებია მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები და არ მოუთხოვია უზრუნველყოფის გარანტიის სახით რაიმე მოქმედების შესრულებ. დ. მ-დის წარმომადგენლებმა უზრუნველყოფის გარანტიის სახით გ. ხ-ძისათვის 10000 ლარის სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით დ. მ-დის წარმომადგენელთა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტიის გამოყენებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; უარი ეთქვა დ. მ-დის წარმომადგენლებს განცხადების (საჩივრის) წარმოებაში მიღებაზე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნოს ზემდგომ სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მსახისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ სადავო მიწის ფართზე თავიდან აღიარებული იყო გ. ხ-ძის საკუთრების უფლება, რაც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, ხოლო შემდგომ დ. მ-დის საკუთრების უფლება, რომელიც საჯარო რეესტრში არასოდეს დარეგისტრირებულა მიწის მესაკუთრედ და რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ფართის განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იყო და დავა მიმდინარეობდა სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო სწორედ საკუთრების უფლება, შესაბამისად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდებოდა რომელიმე მესაკუთრის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით არ ადგებოდა ზიანი და არ მიიჩნია საჭიროდ გამოეყენებინა უზრუნველყოფის გარანტიის ღონისძიებები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში მხარის უფლება სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების გარანტია, იმავდროულად მოიცავდა ვალდებულებას მხარეს დაესაბუთებინა მოთხოვნა და მიეთითებინა კონკრეტულ გარემოებებზე, თუ რა ზიანი ადგება მხარეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ განცხადებაში მსგავსი დასაბუთება არ იყო, რის გამოც უარი უთხრა მხარეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩანია, რომ დ. მ-დის წარმომადგენლების მეორე მოთხოვნა წარმოადგენდა საჩივარს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის და ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადააგზავნის ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაეგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით გარანტიის გამოყენებაზე დ. მ-დის წარმომადგენლების განცხადების არ დაკმაყოფილების ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინებაზე დ. მ-დის წარმომადგენლების საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

სარჩელის უზრუნველყოფის გამო მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს შეუძლია მიმართოს განცხადებით მოპასუხე მხარემ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ და 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განიხილება 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა დ. მ-დის წარმომადგენლების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით გარანტიის გამოყენებაზე, მხარის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

რაც შეეხება დ. მ-დის წარმომადგენლების განცხადების იმ ნაწილს, რომლითაც მხარეები ითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. მ-დის წარმომადგენელთა მოთხოვნა ამ ნაწილში წარმოადგენს საჩივარს მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც არ საჩივრდება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით საკითხები იხილება მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე პუნქტისა და 419-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო არის ზემდგომი ინსტანცია და მისი განჩინება მოცემულ საკითხზე, საბოლოოა და კანონის თანახმად, არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დ. მ-დის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით გარანტიის გამოყენებაზე დ. მ-დის წარმომადგენლების განცხადების არ დაკმაყოფილების ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განჩინება, რომლითაც დ. მ-დის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღებაზე დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.