ბს-1144-1091(უს-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 28 სექტემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განმარტა, რომ მას სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი, რომლითაც ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანასა და სადავო ბინის მის სახელზე გადაფორმებას. განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე სადავო ბინის მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნულ განჩინებაზე გ. გ-ძემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.
2007 წლის 22 ოქტომბერს გ. გ-ძემ კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ისევ სადავო ბინის მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განუხილველი დარჩა, რასაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის მიმართვა დაუშვებელია.
2008 წლის 4 თებერვალს გ. გ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა განცხადება, რომლითაც
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო ბინის მის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე 2008 წლის 26 ივნისს გ. გ-ძემ შეიტანა საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივლისის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, ბინის მის სახელზე რეგისტრირება და ძველი ჩანაწერის ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის მიერ 1680 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. გ-ძის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოთხოვნის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობის თ. მ-ძის სახელზე აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და მოპასუხეთათვის ზიანის სახით 20160 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. გ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
2009 წლის 7 ივლისს გ. გ-ძემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით გ. გ-ძის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებებით ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი და განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.
2009 წლის 30 ივლისს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
განცხადების ავტორმა განმარტა, რომ სარჩელი განსახილველად იმყოფებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და იმ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სასამართლოს მიერ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელებულიყო ცვლილებები, კერძოდ ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინა დარეგისტრირებულიყო მის სახელზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ გ. გ-ძეს სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე და მან ხელმეორედ მიმართა სასამართლოს განცხადებით უზრუნველყოფის თაობაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2009 წლის 10 აგვისტოს გ. გ-ძემ საჩივრით (განცხადებით) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ირკვეოდა, რომ გ. გ-ძეს სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე და მან ხელმეორედ მიმართა სასამართლოს განცხადებით უზრუნველყოფის თაობაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ძის საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა), რომლის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია, რომ 2007 წლის 28 სექტემბერს გ. გ-ძემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე სადავო ბინის მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით. გ. გ-ძემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროსაც მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო). 2009 წლის 30 ივლისს გ. გ-ძემ კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის მის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გ. გ-ძის ხსენებული განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ მხარეს უფლება არ აქვს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე საგანზე და იმაზე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განმცხადებელმა ერთი და იმავე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ერთი და იმავე უზრუნველყოფის მოთხოვნით (სადავო ბინის მის სახელზე გადაფორმება) და იმავე დასაბუთებით მიმართა, როგორც საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით, რომლებიც არ იქნა დაკმაყოფილებული, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის კვალიფიკაციის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. გ-ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, სასამართლოს განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძეს სწორედ ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის იმავე ღონისძიების გამოყენებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. გ-ძის საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 და 12 აგვისტოს განჩინებების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე, 1971-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბლისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 და 12 აგვისტოს განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.