Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1004-977 (კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2010წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2010წ. განჩინებით დ. ი-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 12.08.2010წ. მიუხედავად ამისა, რომ წარმომადგენელს ა. თ-ძეს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 13.08.2010წ., ვადის ათვლა ასკ-ის 13.2 მუხლის თანახმად უნდა დაიწყოს არა წარმომადგენლისათვის (13.08.2010წ.), არამედ მხარისათვის (12.08.2010წ.) ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2010 წლის 13 აგვისტოდან და დასრულდეს 2010 წლის 19 აგვისტოს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ი-შვილის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ვინაიდან დ. ი-შვილის მიერ უზენაეს სასამართლოში საქართველოს ფოსტის საშუალებით 20.08.2010წ. გამოგზავნილი იქნა განცხადება, რომლის თანახმად კასატორმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი, შესაბამისად, დ. ი-შვილისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად დაიწყო 2010 წლის 13 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2010 წლის 19 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი. კასატორმა კი ხარვეზის შევსების შესახებ საბუთები საქართველოს ფოსტას ჩააბარა 2010 წლის 20 აგვისტოს, ანუ განჩინებაში მითითებული 07 დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა დ. ი-შვილმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ა. თ-ძეს დაუბრუნდეს 20.08.2010წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.