Facebook Twitter

ბს-100-99(კ-10) 18 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 19 დეკემბერს გ. გ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის არა ერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის 2008 წლის 15 სექტემბრის კონკურსის შედეგების განხილვისა და ღია კენჭისყრით დამტკიცების შესახებ ¹4 ოქმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის ¹131 დადგენილების ფსიქოლოგიის მიმართულების ნაწილში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის 29 სექტემბრის ¹23/01-03 ბრძანების ფსიქოლოგიის მიმართულების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა; მოსარჩელემ ასევე მოპასუხისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე სრული და ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე ლეგიტიმური დარგობრივი კომისიის დასკვნის ერთადერთ კანონიერ დოკუმენტად ცნობის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და ამ დასკვნის საჯარო გასაცნობად გამოქვეყნება; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე სრული და ასოცირებული პროფესორების თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კანონიერად მომუშავე დარგობრივი კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის ფსიქოლოგიის დარგობრივი კომისიის დასკვნაში გარკვეულ მონაცემთა დაზუსტების აუცილებლობის აღმოჩენის შემთხვევაში დარგობრივი კომისიისათვის მონაცემთა დაზუსტების შესაძლებლობის მიცემა, შემდეგ მისი განხილვა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცება და მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის საკონკურსო საბუთებში გამიზნულად ჩართული უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში დღის წესრიგში წესდებით განსაზღვრული ადეკვატური ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპორცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის 12 დეკემბრის ¹131 დადგენილების სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშნული შემდეგი პირები : ნ. ბ-ია, თ. გ-ძე, გ. მ-ძე, მ. ჩ-შვილი, ნ. ჯ-შვილი, მ. წ-ელი, შ. ა-ძე, ლ. ა-ოვი, მ. კ-შვილი, ი. კ-ძე, მ. მ-შვილი, დ. ნ-შვილი, ნ. ს-ძე, ა. ქ-შვილი, რ. ჯ-ძე, მ. მ-შვილი, გ. ყ-იანი და თ. ა-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის სარჩელი, მოპასუხის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მესამე პირების _ ნ. ბ-იას, თ. გ-ძის, გ. მ-ძის, მ. ჩ-შვილის, ნ. ჯ-შვილის, მ. წ-ლის, შ. ა-ძის, ლ. ა-ოვის, მ. კ-შვილის, ი. კ-ძის, მ. მ-შვილის, დ. ნ-შვილის, ნ. ს-ძის, ა. ქ-შვილის, რ. ჯ-ძის, მ. მ-შვილის, გ. ყ-იანის და თ. ა-ძის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ...ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გიორგი გოროშიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ....ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ...ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.