Facebook Twitter

ბს-101-100 (კ-10) 6 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ... ფონდი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ ვ. ბ-ული

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 29 იანვარს მარნეულის სასამართლოს სარჩელით მიმართა ... ფონდმა, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის _ ვ. ბ-ულის მიმართ, რომლითაც ვ. ბ-ულის სახელზე უძრავი ქონების, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 3 აგვისტოს ¹37243 ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განცხადებით 1990 წლის 30 მარტს ... ფონდმა შეიძინა უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი ნაკვეთითურთ მისამართზე: ქ. მარნეული, ... ქ. ¹ ..., ეს ქონება გამოსყიდვის უფლებით გადაეცა დ. კ-ძეს, რომელსაც ქონების ღირებულება 75000 მანეთი უნდა დაეფარა 75 წლის განმავლობაში, თუმცა მას მთლიანობაში გადახდილი აქვს სახლის ღირებულებიდან მხოლოდ 3000 ლარამდე. ეს ფაქტი დასტურდება ვ. ბ-ულის განცხადებით, რომლითაც ითხოვს ფონდისაგან ვალის გასასტუმრებულად ჩათვლას. აღნიშნულზე მიიღო უარი. 2005 წლის აგვისტოში ხსენებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ბ-ულის სახელზე, რის საფუძვლადაც მითითებულია მარნეულის სასამართლოს 1995 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ფონდის უძრავ ქონებასთან, ვინაიდან დ. კ-ძეს არ ჰქონდა გამოსყიდული ფონდისგან ხსენებული უძრავი ქონება, შესაბამისად, იგი არ იყო მესაკუთრე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით ... სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სარჩელი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ ... ფონდის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 3 აგვისტოს ¹37243 გადაწყვეტილება ვ. ბ-ულის სახელზე უძრავი ქონების _ ... ქ. ¹...-ში რეგისტრაციის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნებზე და მიიჩნია, რომ სადავო აქტი მოპასუხის მიერ მიღებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რეგისტრაცია განხორციელებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის (იმ დროს მოქმედი რედაქციის) თანახმად, მიიჩნია, რომ ვ. ბ-ულს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში უნდა წარედგინა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რომელიც დაადასტურებდა უძრავი ქონების შეძენის, ესე იგი, ვ. ბ-ულის მიერ საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტს. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობაში მითითებული საფუძვლები არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ვ. ბ-ულის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად. ასევე არც გადასახადის გადამხდელთა სია და არც სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა დ. კ-ძესა და ვ. ბ-ულს შორის ქორწინება და რომლის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ დ. კ-ძის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი მდებარე – მარნეულში ... ქუჩა ¹...-ში გადაფორმდეს ვ. ბ-ულის სახელზე, არ წარმოადგენს უძრავი ქონების გადაცემის სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთს.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის - ვ. ბ-ულის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის წარმოება უნდა შემწყდარიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ვინაიდან, ... ფონდს ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია და შესაბამისად, არ მოუპოვებია საკუთრების უფლება, შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ზღუდავდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ “უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ” კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ვინაიდან, მოსარჩელეს გააჩნდა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგება, რომელიც არ იყო რეგისტრირებული თავის დროზე საჯარო რეესტრში და რომელიც ამჟამად წარმოადგენდა ასეთი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს, მას გააჩნდა კანონიერი ინტერესი იმ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა, რომლითაც მის მიერ შეძენილი ქონება დარეგისტრირდა ვ. ბ-ულის სახელზე. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მესამე პირის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში სარჩელი წარდგენილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი ვერ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და იგი ვერ დაადასტურა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელსაც ადმინისტრაციული საპროცესო კადექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეკისრება მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ დავებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მესამე პირის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ამავე პირებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებულ საქმეში, მოთავსებულია ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სადავოდ გახადა მოსარჩელემ და მას უნდა სცოდნოდა ამ აქტის არსებობის შესახებ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ვ. ბ-ულმა. სააპელაციო საჩივრების ავტორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და ვ. ბ-ულის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ... ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე საქმის გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც განაპირობა საქმეზე არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 3 აგვისტოს ¹37243 გადაწყვეტილებით, ... ქუჩა ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, დარეგისტრირდა ვ. ბ-ულის სახელზე. პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეულ იქნა კანონიერ ძალაში შესული მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელთა სია. მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ... ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონება და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 3 აგვისტოს ¹37243 გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული ... ქუჩა ¹...-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ერთსა და იმავე უძრავ ქონებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწის განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. სადავო ჩანაწერის განხორციელების პერიოდში მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25.2 მუხლის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია შეიძლება მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის 26.2 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება მოპოვებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორს უნდა მოეხდინა რეგისტრაცია და ჩაეწერა მესაკუთრედ ის პირი ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად უდევს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა აქვს სასამართლოსათვის და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა შესაბამისი საპროცესო წანამძღვრების არსებობის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ... ფონდმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ული არ განეკუთვნება “მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და “სასფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების საკუთრების შესახებ’’ კანონების დანაწესის თანახმად, მიწის რეგისტრაციის ურთიერთობათა სუბიექტს. სადავო უძრავი ობიექტის კანონიერი მესაკუთრე 1990 წლიდან არის ... ფონდი, რომელმაც 1990 წლის 30 მარტს ნ. ს-იდისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რაც 1990 წლის 18 მაისის ხელშეკრულებით, გამოსყიდვის უფლებით გადასცა ვ. ბ-ულის ყოფილ მეუღლეს დ. კ-ძეს. მას გამოსასყიდი თანხა გადაეხადა 75 წლის განმავლობაში 1990 წელს მოქმედი ფულის კურსის მიხედვით. მართალია, დ. კ-ძემ 1992-1993 წლებში ფონდის ანგარიშზე შეიტანა გარკვეული თანხა ფონდის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარავად, მაგრამ ეს იყო თანხის ნაწილი, რადგან ამ დროისათვის არსებული ფულის კურსი მკვეთრად განსხვავდებოდა 1990 წლის ფულის კურსისაგან. კასატორი უკანონოდ მიიჩნევს მარნეულის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს დ. კ-ძეს სრულად ჰქონდა დაფარული სადავო უძრავი ქონების ღირებულება. კასატორი მიუთითებს ასევე ვ. ბ-ულის 1997 წლის 10 დეკემბრის განცხადებაზე რომლითაც იგი ითხოვდა გადახდილი თანხა ჩათვლილიყო ვალის დაფარვად. აღნიშნულზე ფონდის ხელმძღვანელობა უარი განუცხადა ვინაიდან, ხელშეკრულება ასეთს არ ითვალისწინებდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულ განცხადებას რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის, არის მოპასუხის მიერ ისეთი გარემოების დადასტურება, რაზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნებს სააპელაციო სასამართლომ ისე ჩათვალა ჯერ დ. კ-ძე ხოლო განქორწინების შემდეგ ვ. ბ-ული სადავო ქონების მესაკუთრედ, რომ არ გაურკვევია დ. კ-ძე იყო თუ არა ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე. საქმეში წარმოდგენილი სადავო ქონების ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ტექ-ბიუროში სადავო უძრავი ქონება დ. კ-ძის სახელზე დარეგისტრირდა 1990 წლის 18 მაისს, ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არის გამოსყიდვის უფლებით ქონების გადაცემის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას და ვ. ბ-ულის კანონიერ მესაკუთრედ გამოცხადებას. კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ, მარნეულის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება მიღებულია დ. კ-ძისა და ვ. ბ-ულის განქორწინებისა და ქონების გადაცემის თაობაზე ისე რომ მოცემულ საქმეში უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე – ფონდი მონაწილეობას არ იღებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2006 წელს, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს პრეიუდიციული ძალა არ უნდა მიენიჭებინა მარნულის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისათვის, ვინაიდან იგი მიღებულია ფონდის მიწვევის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ... ფონდის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ... ფონდის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში წარმოდგენილი 1999 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ... ფონდმა ნ. ს-იდისაგან შეიძინა ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე სახლი (ტ. I. ს.ფ. 2). 1999 წლის 18 მაისის საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის უფლებით გადაცემის შესახებ ¹166 ხელშეკრულებით დგინდება, რომ ... ფონდმა დ. კ-ძეს გადასცა ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, 75 000 მანეთად, აღნიშნული თანხა შემსყიდველს უნდა გადაეხადა 75 წლის განმავლობაში (ტ. I, ს.ფ. 4-5). მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ გადანომვრის შემდეგ ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულ იქნა ... ქ. ¹...-დ. აღნიშნული ასევე დასტურდება მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 ივლისის ¹135 წერილით (ტ. I. ს.ფ. 7). საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 ივლისის ¹137 და 2006 წლის 20 დეკემბრის ¹474 წერილების თანახმად, დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-¹...-ში საარქივო მონაცემების თანახმად, 1990 წლის 18 მაისის მდგომარეობით ირიცხებოდა დ. კ-ძეზე, სადაც საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად ჩანაწერში მითითებულია ... საზოგადოებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო 1995 წლის 29 დეკემბრიდან სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული სახლი ირიცხება ვ. ბ-ულის სახელზე საკუთრების უფლებით. აღნიშნული საადგილმამულო მიწის ნაკვეთის ... საზოგადოების სახელზე რეგისტრაციის შესახებ მონაცემები არც სარეგისტრაციო სამსახურში და არც ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებში არ არის დაცული (ტ. I, ს.ფ. 15, 34). საქმეში წარმოდგენილი ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე სახლის ტექნიკური პასპორტის თანახმად, აღნიშნული სახლი თავდაპირველად აღრიცხული იყო ნ. ს-იდის სახელზე, შემდგომში ... ფონდთან 1990 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის გრაფაში მითითებულია დ. კ-ძე, ხოლო მოგვიანებით მარნეულის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე _ ვ. ბ-ული (ტ. II, ს.ფ. 100). საქმეში ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალების მიხედვით 2005 წლის 19 ივლისს გაცემული ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ მარნეულში, ... ქ, ¹... (..., ...-ში) მდებარე საცხოვრებელი სახლი, ფართით 98,88 კვ.მ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ირიცხება ვ. ბ-ულის სახელზე (ტ. II, ს.ფ. 91). 2005 წლის 3 აგვისტოს გაცემული უძრავი ქონების ამონაწერის თანახმად, ამავე თარიღით ვ. ბ-ულის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ იქნა ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებული ფართით 998 კვ.მ-ით და საცხოვრებელი ფართი – 98,88 კვ.მ-ით აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია მარნეულის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის ¹2/143 გადაწყვეტილება და სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია (ტ. II, ს.ფ. 90).

აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-საართლებრივი აქტის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 3 აგვისტოს ¹37243 სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა ვ. ბ-ულის საკუთრების უფლება. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის ¹2/143 გადაწყვეტილება და სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია. საქმეში წარმოდგენილია მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შეწყდა დ. კ-ძესა და ვ. ბ-ულს შორის არსებული ქორწინება. ამასთან დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. მარნეულში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გადაფორმებულიყო მოპასუხის _ ვ. ბ-ულის სახელზე საკუთრების უფლებით (ტ. II, ს.ფ. 99). საქმეში ასევე წარმოდგენილია ზონარგაყრილი წიგნი მიწის გადასახადის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ ... ქუჩა ¹...-ში მდებარე მიწის გადასახადის გადამხდელია ვ. ბ-ული. აღნიშნული ასევე დასტურდება საგადასახადო აღრიცხვის წიგნით (ტ. II, ს.ფ. 93-96). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და ტექბიუროს არქივის მონაცემების მიხედვით მარნეულის რაიონის გადაწყვეტილება თავდაპირველად საფუძვლად დაედო ტექბიუროს ჩანაწერებში ვ. ბ-ულის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებითა და ... ფონდის წარმომადგენლის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული განმარტებით დგინდება, რომ მხარეს ტექბიუროს ჩანაწერის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. კასატორი მხოლოდ მიუთითებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება და ტექბიუროს ჩანაწერში ცვლილების განხორციელება მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2006 წელს. კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება აღნიშნული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს მიერ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების გამოყენებას. აღნიშნული ბრძანებულების მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწის განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. სადავო ჩანაწერის განხორციელების პერიოდში მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25.2 მუხლის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია შეიძლება მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის 26.2 მუხლის თანახმად - იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება მოპოვებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორს უნდა მოეხდინა რეგისტრაცია და ჩაეწერა მესაკუთრედ ის პირი, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა ტექბიუროების ლიკვიდაცია, რომელიც საჯარო რეესტრთან ერთად აღნიშნულ დრომდე, გარდამავალ პერიოდში აწარმოებდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, “მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ თავდაპირველად აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო ტექბიუროს ჩანაწერებში ვ. ბ-ულის სადავო სახლის მესაკუთრედ აღრიცხვას, რაც წარმოადგენს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წარმოშობილი უფლების სახელმწიფო რეგისტრაციას. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო ქონებაზე ვ. ბ-ულის საკუთრების უფლება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში უკვე რეგისტრირებული იყო, ამასთან, მის მიერ წარდგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მიწის საკუთრების უფლებით აღრიცხვისათვის საჭირო მიწის გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგადასახადო სია, აღნიშნული კი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა.

ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერების დასადგენად მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭება უკანონოა, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ვ. ბ-ული სადავო ბინის მესაკუთრე მართალია გახდა მარნეულის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღსრულდა და საფუძვლად დაედო იმჟამად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთრების უფლების სახელმწიფო რეგისტრაციას, მაგრამ მას გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერებისადმი გააჩნია არაპირდაპირი მტკიცებითი ძალა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ არ არის გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უშუალო საფუძველი, ტექბიუროს ჩანაწერი სადავო ქონებაზე ვ. ბ-ულის საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე, აღნიშნული გამორიცხავს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლიანობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუნდაც სახეზე იყოს მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ. კ-ძის საკუთრების უფლება არ იყო წარმოშობილი კანონის შესაბამისად სადავო უძრავ ქონებაზე, რაც გამორიცხავდა მის მიერ სხვა პირზე რაიმე ფორმით, მათ შორის, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის ფორმით სხვაზე საკუთრების უფლების გადაცემას, სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რამდენადაც მოსარჩელე არ აყენებს მოთხოვნას იმგვარად, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული სამართლებრივად საფუძვლიანი გადაწყვეტილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შეთხვევაში კასატორის მიერ ვერ იქნა გაბათილებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი შეფასებები. ასევე არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმეზე განჩინების მიღებისას ადგილი არ აქვს მატერიალური თუ პროცესუალური ნორმების დარღვევას და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.